ირაკლი უზნაძემ ძიუდოისტთა საევროპო კალენდარი დაალაგა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე აგრძელებს გუნდის მზადებას თბილისის საერთაშორისო ტურნირისთვის, თუმცა ჯერ ყოველდღიური სავალდებულო ვარჯიშით, ოფიციალურ შეკრებას კი 17 იანვარს თბილისში დაიწყებენ.

უზნაძემ მთელი რიგი სიახლეებიც ჩართო ვარჯიშებში, თუმცა ამაზე მასთან საგანგებო ინტერვიუს შემოგთავაზებთ. ამ ეტაპზე კი ნაკრების სეზონის პირველი ნახევრის გეგმებზე ვისაუბროთ.

ჩვენთვის მთავარი შეჯიბრება 2-3 თებერვალს თბილისში გასამართი ევროპის თასია, როგორც ჩვენი ტურნირი, თუმცა სეზონის პირველ ნაწილში უმნიშვნელოვანესი მაინც ევროპის პირად-გუნდური პირველობაა, რომელსაც 25-28 აპრილს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

მანამდე გასამართი ყოველი შეჯიბრება, სადაც კი
ჩვენები იჭიდავებენ, იმ პირველობისთვის მზადებას ისახავს მიზნად.

მაშ ასე, საქართველოს ნაკრები სეზონს მშობლიური ტურნირით გახსნის 2-3 თებერვალს, ერთ კვირაში კი პარიზში გადაინაცვლებს "დიდ მუზარადზე" საჭიდაოდ.

ამის შემდეგ ისინი ერთ შეჯიბრებას გამოტოვებენ - 16-17 თებერვალს ბუდაპეშტში გასამართ ევროპის თასს - ცხადია, იქ ვინმე საკუთარი ხარჯით თუ არ წავა. ნაკრები კი 23-24 თებერვალს დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" გამოვა.

პარიზის მსგავსად, ჩვენები იქაც დარჩებიან ერთობლივ ვარჯიშებზე, კვირის ბოლოს კი გერმანიიდან მეზობელ პოლონეთში გადავლენ და 2-3 მარტს ვარშავაში იჭიდავებენ ასევე ევროპის თასზე. ამის შემდეგ ნაკრები სატურნირო პაუზას აიღებს და ცოტა ხნით საშეკრებო მზადებაზე გადავა.

სავარაუდოდ, ეს შეჯიბრებები უკვე გამოავლენს ევროპის პირველობაზე წამსვლელი გუნდის ძირითად ბირთვს და მწვრთნელთა კორპუსი მათ დახვეწას მიხედავს - რა ხარვეზები აქვთ მათ, რისი გამოსწორება სჭირდებათ, კონკრეტულად იმუშავებენ მათ სტრატეგიულ მეტოქეებზე და ასე შემდეგ (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს და გვჯერა, იმედი არ გაგვიცრუვდება).

ევროპის ჩემპიონატამდე ისინი კიდევ ერთ ტურნირში გამოვლენ - 30-31 მარტს თურქულ სამსუნში "დიდ პრიზზე" იჭიდავებენ, რომელიც საკონტროლოსთან ერთად, შესარჩევიც იქნება იმ წონებში, სადაც ჯერ კიდევ გვექნება ვაკანსიები და გადაუჭრელი კონკურენცია.

ამის შემდეგ ნაკრები ისევ შეკრებებით გააგრძელებს მზადებას ევროპის პირველობისთვის და 25 აპრილს ბუდაპეშტში უკვე ჩაებმება ამ ტურნირში.

რაც შეეხება თბილისში გასამართ ევროპის თასს, იქ წონაში კვლავ 4 კაცის გამოყვანის უფლება გვექნება.

უზნაძემ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ტურნირში იჭიდავებს საქართველოს პირველობის ყველა მედალოსანი, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე ლიდერიც დაასვენოს.

ასე მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) რომ არ იასპარეზებს, ეს ახლავეა ცნობილი - ის პარიზში გამოვა. შესაძლოა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვალერი ლიპარტელიანმაც (90) დაისვენოს, თუმცა შავდათუაშვილის გარდა, დანარჩენთა საკითხი შეკრების მიმდინარეობისას გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს მსოფლიოს პირველობა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში ტარდება, თუმცა იმაზე აქცენტს ევროპის პირველობის მომთავრების შემდეგ გადაიტანენ.

ცხადია, მწვრთნელთა შტაბს რიოსთვის მოსამზადებელი გეგმაც, ძირითადად, შემუშავებული ექნება, მაგრამ ამაზეც მოგვიანებით ვისაუბროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული