როტერდამში ზაიზენბახერიც დაგვაკვირდა

AutoSharing Option
როტერდამის "დიდ პრიზზე" საქართველოს ნაკრების წევრთა გამოსვლას არა მხოლოდ ნაკრების ახალდანიშნული თავკაცი სოსო ლიპარტელიანი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე აკვირდებოდნენ - ტურნირზე ეროვნული გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტად შეგულებული ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერიც იმყოფებოდა მომავალ შეგირდთა საქმეში სანახავად.

რა დაინახა მათში, რა მოეწონა და რა - არა, ამას უკეთეს შემთხვევაში დეკემბერში თუ შევიტყობთ, როცა საქართველოში მისი ჩამოსვლაა ნავარაუდევი. როტერდამში მისი ვიზიტი არაოფიციალური ხასიათისა იყო, თუმცა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ მასთან მოლაპარაკებები მაინც გამართა. ოღონდ ესეც უფრო შინაურული საუბრები
იყო სამომავლო თანამშრომლობაზე, ხელშეკრულების ცალკეულ დეტალებზე, მაგრამ, როგორც ალექსიძემ გვითხრა, რაიმე კონკრეტულ საკითხზე არ შეთანხმებულან. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია ფინანსური დეტალები, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ეს პრივატული საკითხი მხარეებმა სამზეოზე არც გამოიტანონ. ბოლომდე გარკვეული არც ისაა, რა სახეს მიიღებს ზაიზენბახერის დახმარება, მაგრამ, ისევ ალექსიძის თქმით, ძირითადად ფიზიკური კონდიციების ამაღლებზე ისაქმიანებს.

ჯერჯერობით ასევე გაურკვეველია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო ყრილობის გამართვის თარიღი. აღმასკომის გადაწყვეტილებით, არჩევნების ვადა წლის ბოლომდე უნდა განისაზღვროს, მაგრამ ფაქტია - ჯერ არ გარკვეულა. კარგი იქნება, ფედერაცია ამ საკითხის მოგვარებას თუ დააჩქარებს. ასევე კარგი იქნება, წესდებაში ოფიციალურად თუ შეასწორებს იმ ყოვლად გაუმართლებელ, არადემოკრატიულ მუხლს, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულად აძლევს ყველასა და ყველაფრის მოხსნა-გადაყენება-განკარგვის უფლებას ისე, რომ შეუძლია, ამაზე პრეზიდიუმს არც დაეკითხოს. მართალია, ამ ლაფსუსის შესწორებაზე ზემდგომთა ზეწოლით შარშან ქუთაისში ქვეყნის პირველობის წინ გამართულმა პრეზიდიუმის სხდომამ გადაწყვეტილება მიიღო და სათანადო ოქმიც არსებობს, მაგრამ აჯობებს, ეს ყველაფერი წესდებაში დაფიქსირდეს - ყოველი მომდევნო პრეზიდენტი წესდებას ჩახედავს და არა პრეზიდიუმის რომელიმე რიგითი სხდომის რიგით ოქმს. ვეჭვობთ, ავტორიტარიზმის მსგავს ელემენტებს სხვა ფედერაციების დებულებებშიც შევხვდებით და აჯობებს, სამინისტრო თავისი იურიდიული სამსახურის მეშვეობით მათ რევიზიას თუ გააკეთებს.

ამასობაში ერთი საკითხი მაინც გაირკვა, ოღონდ არა ბოლომდე - საქართველოს ჩემპიონატი 20-21 ნოემბერს თბილისში ჩატარდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე არაა ცნობილი, რომელი დარბაზი უმასპინძლებს. სავარაუდოდ, ძიუდოს აკადემია. ერთხელაც შეგახსენებთ, რომ ის იქნება მთავარი შესარჩევი შეჯიბრება მომავალი სეზონისთვის. ლიპარტელიანის მოთხოვნით, იქ ყველამ უნდა იჭიდაოს, ვისაც გაისად ნაკრებში მოხვედრა უნდა. თან ყველამ საკუთარ წონაში. იმედია, მწვრთნელი პრინციპულობას ბოლომდე შეინარჩუნებს და დისციპლინას ერთხელ და სამუდამოდ დაამყარებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული