ირაკლი უზნაძე: ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს ქართველებს შრომა არ გვიყვარს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები 2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი ევროპის ღია თასისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონიდან სწორედ ასე ეწოდება აწ უკვე ყოფილ მსოფლიოს თასებს. ამ ტურნირით ჩვენი ნაკრები ახალ სეზონს და ახალ ოლიმპიურ ციკლს იწყებს. ამდენად, საშინაო შეჯიბრების მნიშვნელობა ორმაგდება.

ჩვენი ნაკრები 17 იანვრიდან შეკრებაზე იმყოფება დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ახალგახსნილ სასტუმრო "გოლდენ პალასში".

ეს შეკრებაც და ტურნირიც პირველია ნაკრების ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელის, ევროპის ჩემპიონ ირაკლი უზნაძისთვის, რომელმაც ნაახალწლევს ჩაიბარა გუნდი.

ამ ინტერვიუში მას ნაკრების უახლოეს გეგმებსა და
მოახლოებული შეჯიბრებისთვის სამზადისზე დავეკითხე.

- მოდით, ჯერ შეკრების შესახებ ვისაუბროთ. ძირითადად, რას ეთმობა იგი?
- თბილისის ტურნირის გარდა, ეს შეკრება სეზონის მომდევნო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მზადებასაც ითვალისწინებს. ესაა საბაზისო შეკრება და სპორტსმენები დღეს დაასრულებენ სამედიცინო შემოწმებას, რომლის მიხედვითაც დაენიშნებათ მათთვის საჭირო ვიტამინები თუ პროცედურები.

შეკრება 17 იანვარს დავიწყეთ. ის ორკვირიანია, რომლის პირველი ნახევარიც ინტენსიური ვარჯიშებით ჩავატარეთ, მეორე ნაწილში კი ამ ინტენსივობას თანდათან მოვუკლებთ და შეჯიბრებისთვის უფრო კონკრეტულ მზადებაზე გადავალთ, რომ გადაღლილები არ შეხვდნენ ტურნირს. პარასკევს შეხვედრებიც გვექნება - 10 დილით და ამდენივე - საღამოს.

- საბაზო შეკრება ახსენეთ და ამაში რას გულისხმობთ? შეიძლება ითქვას, რომ მთელი სეზონისთვის საჭირო დატვირთვა ამაზე მოდის?
- მთელი სეზონისთვის საბაზოა საორგანიზაციო კუთხით - ვიზების პრობლემა, სამედიცინო შემოწმება, თორემ ოფიციალური შეჯიბრებებისთვის სპეციალური გეგმით მოვემზადებით.

მაგალითად, ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად, რასაც ტურნირების მომთავრების შემდეგ დავიწყებთ, სამ შეკრებას ჩავატარებთ - პირველი ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, მეორე - ტაქტიკურ-ტექნიკურს, მესამე კი - ინდივიდუალურ მუშაობას კონკრეტულ სპორტსმენთა საჭიროების გათვალისწინებით.

იმ დროისთვის უკვე გამოკვეთილი იქნება ნაკრების ბირთვი და გვექნება საშუალება, თითოეულ მათგანზე ცალკე ვიმუშაოთ. მსოფლიოსთვისაც ასე სპეციალური პროგრამით ვივარჯიშებთ.

- ევროპის ჩემპიონატამდე რომელ ტურნირებში გამოხვალთ?
- თბილისის შემდეგ პარიზში ვიჭიდავებთ "დიდ მუზარადზე". ამას დიუსელდორფის "დიდი პრიზი" და ევროპული ღია თასი მოჰყვება ვარშავაში.

ამ დროს უკვე ცნობილი იქნება გუნდის ძირითადი ბირთვი და 10 მარტს დავიწყებთ ზემოხსენებულ პირველ შეკრებას ფიზმომზადებაში, რომელსაც ბაკურიანში გავივლით. 25 მარტიდან მეორე შეკრებას დავიწყებთ თბილისში, მისი მიმდინარეობისას კი გუნდის ნაწილი თურქულ სამსუნში "დიდ პრიზზეც" იჭიდავებს და მერე ისევ შემოგვიერთდება.

ბოლო შეკრებასაც საქართველოში გავივლით. ევროპისთვის მოსამზადებელ ციკლში უცხოეთში მზადებას არ ვგეგმავთ, თუმცა მსოფლიოსთვის ესეც გვექნება - გვინდა, მეორე შეკრება საზღვარგარეთ გავიაროთ. სავარაუდოდ - იაპონიაში ან კორეაში, რადგან ერთობლივი ვარჯიშები საჭიროა.

- ალბათ, ზემოდასახელებულ ტურნირებზეც დარჩებით ერთობლივ შეკრებებზე ევროპაში...
- კი, აუცილებლად. ამ შანსს ყველგან გამოვიყენებთ. ვფიქრობ, იქ ჩასული გუნდი ამ ერთობლივ წვრთნებს აუცილებლად უნდა დაესწროს.

მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა გუნდისთვის - ჯერ ერთი, უბრალოდ, უცხოელებთან კონტაქტისთვის და მეორეც - ამ ახალი წესების ასათვისებლად.

- რამდენადაც ვიცი, ყოველდღიური ვარჯიშების სპეციფიკაც შეცვალეთ...
- გაიზარდა ვარჯიშების ინტენსივობაც და დროის ხანგრძლივობაც - ეს უკანასკნელი 2-2.15 საათამდე გაიზარდა. დავამატეთ ძალისმიერი ვარჯიშები, რომელსაც მეორე დღეს სწრაფ-ძალისმიერი ენაცვლება. არის მხოლოდ სისწრაფეზე გათვლილიც. გუშინ ახალ წესებთან დაკავშირებით ჩავლებებზე მუშაობაც ჩავრთეთ, რათა ადაპტაცია გაიარონ. გვაქვს კროსებიც, დანარჩენი კი ისევ ჩვეულებრივია.

- ახალ წესებთან ადაპტაცია როგორ მიდის? სპორტსმენებს ხომ სერიოზული გადაწყობა მართებთ...
- სამუშაო მართლაც ბევრია. მით უფრო, რამდენიმე კომპონენტი ქართულ ძიუდოს მაინცდამაინც ვერ ეხამება.

მაგალითად, აიკრძალა ფეხზე ხელით შეხება, როგორც შეტევის, ისე - კონტრილეთისას, რასაც ქართველები კარგად ვიყენებდით: გადავლებისას ფეხიდან აყვანით, "წისქვილებით" და ასე შემდეგ.

ფეხში ხელით შესვლა იქნებ არც ქართულ ჭიდაობას ახასიათებდა, მაგრამ ძიუდოს ქართულმა სკოლამ კარგად გაითავისა ეს ილეთი და ამ კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესიც გახდა.

ახალი წესებით, ჩავლებებზეც დაწესდა შეზღუდვები - როცა მეტოქე ჩავლებას აიღებს, მხოლოდ ცალი ხელით თუ გააშვებინებ, ორივეთი აკრძალულია. არადა, ერთით ამის გაკეთება ძნელია და მიდის უფრო მჭიდრო კონტაქტი...

თან გაფრთხილება უკვე ტექნიკურ ქულას ვეღარ უგებს, ანუ გაფრთხილებებით ვერ გაიმარჯვებ და საამისოდ ილეთი აუცილებლად უნდა გააკეთო...

ერთი სიტყვით, სამუშაო ბევრია. იმედია, ბიჭები ნელ-ნელა აუღებენ ალღოს. მით უფრო, რომ მათი განწყობაც ოპტიმისტურია და თან სხვა გზაც არაა.

- თურქეთში მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება გქონდათ, მაგრამ აქ სხვა მენტალიტეტის პირობებში მოგიწიათ საქმიანობა, რასაც წინ წლების განმავლობაში არსებული უსიამოვნო ფონი უძღოდა. ხომ არ გაგიჭირდათ მუშაობა, ბიჭებთან ურთიერთობა?
- პეკინის ოლიმპიადაზე მე ვიყავი თურქთა გუნდის მთავარი მწვრთნელი და მისი დასრულების შემდეგაც იყო შემოთავაზება, მაგრამ ოჯახური პირობების გამო საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებთან მუშაობაში პრობლემები არ შემქმნია და იმედია, დასახულ მიზნებს მივაღწევთ.

ბიჭები აბსოლუტურად ჩვეულებრივად მომყვებიან მუშაობაში. მთავარია, სწორად მიუდგე მათ. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თითქოს ქართველებს შრომა არ გვიყვარს - თუნდაც იმ წარმატებულ სპორტსმენებს გადავხედოთ, რომლებმაც დიდ შედეგებს მიაღწიეს, რამდენი შრომა ჩადეს მათ ამაში. კიდევ ვიმეორებ - მთავარი სწორი მიდგომაა.

- ნაკრებში ბევრი რამე დაგხვდათ შესაცვლელი? გნებავთ სპორტული, გნებავთ - ორგანიზაციული კუთხით...
- მთავარი პრობლემა გუნდის შეკვრა, იმ სტაბილურ ვითარებაში ჩაყენება იყო, რაც ქართულ ძიუდოს ოდითგან ჰქონდა. პრობლემას ის ოდნავი ქაოსი და გაუგებრობა ქმნიდა, რომელიც იმედია, აღმოიფხვრება. ამ გზაზე უკვე ვდგავართ.

სპორტულ მხარეს, საერთო დონეს რაც შეეხება, იყო ქართული ძიუდოსთვის მიუღებელი რაღაც კომპონენტები, მაგრამ ეს აუცილებლად გადავა მისაღებში.

- უკვე გარკვეულია, რა შემადგენლობით გამოხვალთ თბილისის ტურნირზე?
- ამ შეჯიბრებას იჭიდავებს საქართველოს პირველობის ყველა მედალოსანი. შეიძლება, მხოლოდ ორი კაცი დავასვენოთ - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90). თუ მართლაც ასე მოხდება, მაშინ მათ ლაშა ზურაბიანი (81) და ჯუმბერ გიგაური (90) შეცვლიან, რომლებიც შეკრებაზე იმყოფებიან და ჩვეულებრივად ემზადებიან შეჯიბრებისთვის...

- ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი მზად არ არიან, ან ტრავმები აქვთ თუ რატომ ასვენებთ?
- არა, ტრავმები და ჯანმრთელობა არაფერ შუაშია. მიზეზი ისაა, რომ მათ რამდენიმე დღის წინათ ბაკურიანში გაიარეს ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება და დასვენება სჭირდებათ. თან ცოტა წონის პრობლემაც აწუხებთ.

ფიზმომზადების შეკრება გუნდს დეკემბერში უნდა გაევლო, მაგრამ ფედერაციის არჩევნების გაჭიანურების გამო ისიც გაგვეწელა. ამასობაში ესენი და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი საკუთარი ხარჯით წავიდნენ სავარჯიშოდ ბაკურიანში.

- ლაშა შავდათუაშვილზე რას იტყვით - როგორ ფორმაშია და როდის ჩაერთვება ტურნირებში?
- ის შეკრებაზეა და ჩვეული გულმოდგინებით ემზადება, როგორც სჩვევია, თუმცა თბილისის ტურნირს გამოტოვებს. მოგეხსენებათ, მან ოპერაცია გაიკეთა, ასეთ პირობებში კი ფორმის აღდგენა ძნელია.

იმედია, ჩვეული თავდადებითა და კარგი მუშაობით მალევე აღიდგენს დაკარგულს. ვფიქრობთ, პარიზის ტურნირისთვის უკვე იმ ფორმაში იქნება, რომ ჭიდაობას შეძლებს. შედეგს კი იქ ვაჩვენებთ, სადაც საჭიროა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე.

- ანუ პარიზში მისი გამოსვლა საეჭვოა? სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა რამე უარყოფითი?
- არა, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ვნახავთ, წონას როგორ დაიკლებს, დავაკვირდებით მის მდგომარეობას. საჩქარო არაფერია.

რაც მთავარია, ჯანმრთელობა ხელს არ უშლის. მან სრული დატვირთვით ვარჯიში ათიოდე დღის წინ დაიწყო, ეს დრო კი, შეიძლება, სპორტული კონდიციების შესავსებად არც ეყოს. ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ დავაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. ევროპის ღია თასი. თბილისი, 2-3 თებერვალი
60 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი.
66 კგ. ტრისტან ფეიქრიშვილი, მინდია ლილუაშვილი, ვანო თოთლაძე, თორნიკე თათარაშვილი.
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, არსენ მაჭარაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, ლევან წიკლაური, იოსებ ჩილინდრიშვილი.
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი.
100 კგ. გიორგი ნოზაძე, გიორგი ქავთარაძე, დავით ლორიაშვილი, ლაშა გურული.
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული