ცვლილებების სეზონი ძიუდოში: ვიაქტიუროთ, უტურნიროდ არ დავრჩეთ!

AutoSharing Option
2013 წელს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია არა მხოლოდ წესებში შეტანილი რადიკალური ცვლილებებით შეხვდა (ამით მთლიანად იცვლება ჭიდაობის სტილი), არამედ რეფორმები საორგანიზაციო კუთხითაც განახორციელა - შეიცვალა ტურნირთა დახარისხება, ქულათა დარიცხვის სისტემა რეიტინგში...

დავიწყოთ იმ ცვლილებით, რაც უშუალოდ ჩვენ გვეხება - მსოფლიოს თასებს, რომლებსაც ტრადიციულად ვმასპინძლობდით ხოლმე, ამიერიდან "ღია კონტინენტური თასები" ეწოდება. ამ რანგის შეჯიბრებები ყველა კონტინენტზე იმართება, თუმცა უმეტესობა მაინც ევროპას ერგო -13.

პან-ამერიკაში 3 ასეთი შეჯიბრება ჩატარდება, სადაც ერთი ახალი წერტილია - ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო; ბუენოს აირესი და სან-სალვადორი კი ადრეც
ატარებდნენ. თითო-თითო ასეთ შეჯიბრებას უმასპინძლებენ ავსტრალია-ოკეანიის რეგიონული ფედერაცია (სამოაში) და აფრიკული კონფედერაცია - მადაგასკარიდან მთელი 900 კილომეტრის დაშორებით, ინდოეთის ოკეანეში მიმოფანტულ მავრიკიის კუნძულების დედაქალაქ პორტ ლუისში.

ევროპული 13 შეჯიბრებიდან მხოლოდ ერთია ისეთი, სადაც ქალები და ვაჟები ერთად იჭიდავებენ. ესაა მინსკის ტურნირი და სწორედ ამ გაორებით გამოდის, რომ ორივე სქესის წარმომადგენლებს ევროპაში 7-7 შეჯიბრება გამოუდით.

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ამ ჩამონათვალში არ გვიხსენებია ძიუდოს სამშობლო აზია - მათ აქცენტი უფრო მაღალი რანგის ტურნირზე, "დიდ პრიზზე" აიღეს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ამ კატეგორიის შეჯიბრებათა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, "დიდი მუზარადი" კი ისევ ოთხი დარჩა, ოღონდ მათ ტრადიციულ მასპინძლებში ერთი ახალი წევრიცაა - ბაქო, რომელმაც რიო დე ჟანეიროს ადგილი დაიკავა.

აზერბაიჯანი აქამდე "დიდ პრიზს" ატარებდა (შარშან მასტერსსაც უმასპინძლა), ახლა კი, რაკი კვოტა გამოთავისუფლდა, უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებას წაეპოტინა. რიო დე ჟანეიროში წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება და, სავარაუდოდ, "მუზარადი" ამიტომ "მოხადეს". გაისად კი, ალბათ, ძველი სტატუს-კვო აღდგება, ანუ ის "მუზარადს" დაიბრუნებს, ბაქო - თავის "პრიზს".

ზემოთ დასახელებული 10 "დიდი პრიზიდან" 6 აზიაში ტარდება, 3 - ევროპაში და ერთიც - ამერიკაში, მაიამიში, რომელიც წლეულს ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობასაც უმასპინძლებს.

აზიაში ეს შეჯიბრება ძველებურად ჩატარდება ჩინურ ქინგდაოსა და აბუ-დაბიში, ტაშკენტმა და სამხრეთკორეულმა ჯეჯუმ მსოფლიოს თასი აამაღლეს აქამდე, ალმატიმ და ულან ბატორმა კი პირველად მიიღეს ეგზომ პრესტიჟული ტურნირი.

თავიდან ამ სიაში მონღოლეთი არც ფიგურირებდა, მხოლოდ ერთი კვირის წინ გაჩნდა, როცა ბაქოს "მუზარადი" გადაულოცეს.

ევროპელთაგან "დიდი პრიზის" ძველი ნაცნობი მხოლოდ დიუსელდორფი იქნება.

თურქეთს მსოფლიოს თასი შარშან ქალებში ჰქონდა და წლეულს იმდენად იყოჩაღა, სამსუნში უკვე ასეთ პრესტიჟულ შეჯიბრებას გამართავს, ხორვატულ რიეკას კი პირველად მიეცა შანსი.

რა ელის ჩვენს ტურნირს?
საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალში "ღია კონტინენტური თასების" როლი კიდევ უფრო დაკნინდება და ყველაფერი თანდათან "დიდ პრიზებსა" და "დიდ მუზარადებზე" გადავა.

ამას ისიც მიუთითებს, რომ კონტინენტურები კვლავაც საპრიზო ფონდის გარეშე ტარდება, ძიუდოს მამებმა კი აქცენტი პროფესიულ სპორტზე აიღეს, რაც მაღალ საპრიზოფონდიან შეჯიბრებებს ითვალისწინებს, რათა გაუმჯობესდეს ძიუდოისტთა სოციალური პირობები, სპორტი მათთვის იქცეს პროფესიად, რომლითაც ირჩენენ თავს და არა მხოლოდ კარიერის განმავლობაში; ძიუდოისტი იქცეს საზოგადოების წარმატებულ წევრად და ტატამიდან წასვლის შემდეგ არ დასჭირდეს ცხოვრების თავიდან დაწყება.

ერთი სიტყვით, სპორტმა მას უნდა მოუტანოს შემოსავალი და ამით უნდა უზრუნველყოს თავისი მომავალი.

ასეთ პირობებში ჩვენი ტურნირის მსგავს შეჯიბრებებს დიდი დღე არ უწერიათ და რაც უფრო მალე ვეცდებით მარაქაში გარევას, მით უკეთესი. თავის დროზე მამუკა ხაბარელს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მიიჩნეოდა, მიღწეული ჰქონდა ზემდგომებთან სიტყვიერი შეთანხმება თბილისის ტურნირის "დიდ პრიზად" გადაქცევის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, ქვეყნის შიგნით საპრიზო ფონდიც - 100 000 დოლარი მოძიებული ჰქონდა.

იმედია, ამ პერსპექტივას "ჩაილურის წყალი" არ დაულევია და ჩვენი ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ხაბარელის დახმარებით ისევ ეცდება ამ რანგის შეჯიბრების გამართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება "ღია კონტინენტური თასები" საერთოდ გაუქმდეს და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრების გარეშე დავრჩეთ.

თან, ჩვენ ზემოთ მხოლოდ ვაჟთა კონტინენტური თასები დავასახელეთ, თორემ ქალთა კალენდარსაც თუ გადავხედავთ, ანალოგიური შეჯიბრება მიიღო გლაზგომაც, ანუ დაინტერესება დიდია, გეოგრაფია იზრდება და ჩვენ არავინ დაგველოდება. ხომ ვხედავთ, იმავე ხორვატიამ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა სადამდე ასწიეს თამასა.

დავუბრუნდეთ ისევ ტურნირთა დახარისხებას, რომელიც არ შეხებია მასტერსს - ის კვლავაც წელიწადში ერთხელ ჩატარდება და თანაც იმავე ფორმატით, ანუ მასში კვლავაც მსოფლიოს რეიტინგის 16 საუკეთესო იჭიდავებს. "დიდ მუზარადთა" მასპინძლებში ცვლილება მხოლოდ ბაქოს შეეხება, რისი მიზეზიც ზევით განვმარტეთ; პარიზი, მოსკოვი და ტოკიო კი აქამდეც ატარებდნენ.

მომატებული ქულები და ფულები
შეიცვალა ქულათა დარიცხვის სისტემაც ამ ტურნირებზე დაკავებული ადგილების მიხედვით, რაც განაპირობებს მსოფლიოს რეიტინგს, ოლიმპიურ პერსპექტივაში კი - ლიცენზიებსაც. თუმცა "ღია კონტინენტურებზე", ანუ ჩვენი რანგის ტურნირებზე არც ამ მხრივ შეცვლილა რამე და ანაზღაურება იგივე დარჩა: ჩემპიონი კვლავაც 100 ქულას მიიღებს, ფინალისტი - 60-ს, ბრინჯაოსმედალოსანი - 40-ს და მერე თანმიმდევრობით 20, 16, 12, 8 და 4 ქულა.

ახალი ცვლილებით ყველაზე მეტად კონტინენტურმა პირველობებმა იხეირეს - მათ ქულებით "დიდ პრიზს" გადაუსწრეს. ევროპის ან სხვა კონტინენტის ჩემპიონი აქამდე თუ სულ რაღაც 180 ქულას იღებდა, ახლა 400 დაეწერება. 108 ქულიდან 240-მდე გაიზრდება ვიცე-ჩემპიონის ქულა, 72-დან 160-მდე - ბრინჯაოსმედალოსნისა. მეხუთეადგილოსანი წლეულს უკვე 80 ქულას მიიღებს 36-ის ნაცვლად, მეშვიდეზე დარჩენილი - 64-ს, 1/16-ფინალში გასული - 48-ს, 1/32-ფინალისტი - 32-ს. თუ უფრო მეტი მონაწილეა და პირველივე წრიდან გამოვარდნილიც 16 ქულას მიიღებს, მხოლოდ მონაწილეობა კი 2 ქულად ფასდება.

სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან "დიდ მუზარადებსა" და "დიდ პრიზებზე" ისევ იქნება დამამშვიდებელი წრე. სერიოზულად - მთელი 400-400 ქულით გაიზარდა მსოფლიოსა და ოლიმპიადის ოქროს მედლების შეფასება - პირველი აქამდე თუ 500 ქულით ფასდებოდა, ახლა 900 გახდა, ხოლო მეორე - 600-ის ნაცვლად 1000. მსოფლიოს პირველობაზე მომდევნო ადგილები, შესაბამისად, 540, 360, 180, 144, 108, 72, 36 და 4 ქულა ღირს, ოლიმპიადაზე - 600, 400, 200, 160, 120, 80 და 40.

მასტერსი, ქულების დარიცხვის მხრივ, აქამდეც ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ტურნირად მიიჩნეოდა - 400 ქულა ჩემპიონობისთვის, თუმცა ახლა მაზანდა 700-მდე გაიზარდა. მომდევნო ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 420, 280, 140, 112 და 28 ქულით შეფასდებიან. საკმაოდ მაღალია "დიდ მუზარადზე" მისაღები ქულებიც - 500, 300, 200, 100 და ასე შემდეგ. "დიდ მუზარადებზე" კი ქულათა დარიცხვის ასეთი ნიხრია: 300, 180, 120, 60, 48 და სხვა.

უცვლელი დარჩა განსხვავებულ ტურნირებზე წონაში ქვეყნიდან მონაწილეთა ლიმიტი: ოლიმპიადაზე კვლავ ერთი კაცია დაშვებული, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე - 2-2, "კონტინენტურ თასებზე" - ისევ 4-4, მასტერსზე - განუსაზღვრელია, ვინც კი 16 საუკეთესოში მოხვდება, "დიდ პრიზსა" და "მუზარადზე" კი მასპინძელს კვლავ 4-ის გამოყვანის ნება ეძლევა, დანარჩენებს - 2-2 ფალავნისა.

საპრიზო ფონდების მხრივ, ძირითადად, ყველაფერი უცვლელი დარჩა, თუმცა ერთი სერიოზული სიახლე აქაცაა - ამიერიდან მსოფლიოს პირველობაზეც დაწესდება საპრიზო ფონდი. საინტერესოა, რომ ეს ეხება ჭაბუკებსაც და ახალგაზრდებსაც, ოღონდ ისინი IJF-სგან ბევრად მცირე პრემიებს მიიღებენ, ვიდრე - უფროსები.

ამათი მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარით განისაზღვრა, ანუ მასტერსს გაუტოლდა. ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონიც, როგორც მასტერსის გამარჯვებული, 6 000-დოლარიან პრემიას მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 4 000-ს, ხოლო მესამეზე გასული - 2 000-ს.

ევროპის პირველობისა და ოლიმპიადის პრიზიორთა ანაზღაურება კვლავაც მათი ქვეყნების პრეროგატივად რჩება, ხოლო "დიდ პრიზებსა" და "დიდ მუზარადებზე" ყველაფერი ძველებურად დარჩა - პირველ მათგანზე პრემიები, შესაბამისად, 3 000, 2 000 და 1 000 დოლარია, მეორეზე - 5 000, 3 000 და 1 500 დოლარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული