ლიპარტელიანი: დანდობა არ იქნება!

AutoSharing Option
სოსო ლიპარტელიანის თავკაცობით ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი ტურნირი ჩაატარა - როტერდამის "დიდ პრიზიდან" თითო ოქრო-ვერცხლით დაბრუნდა. ამირან პაპინაშვილი (60) ჩემპიონი გახდა, ვალერი ლიპარტელიანმა (90) კი ვერცხლი მოიპოვა. შედეგი ნამდვილად კარგია, მაგრამ უფრო სასიხარულო ისაა, რომ მწვრთნელმა პრინციპულობა გამოიჩინა და დისციპლინის დამყარების გზაზე პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, ისევ განმეორდა ზარები ერთ-ერთი სამინისტროდან მავანთა მფარველობის მოთხოვნით; ისევ იყო მცდელობა, სპორტსმენებს მწვრთნელისთვის თავს მოეხვიათ მზადების საკუთარი გეგმა და ჰოლანდიაში არ ეჭიდავათ, თუმცა ლიპარტელიანიც შეუვალი აღმოჩნდა. კარგი იქნება, მსგავსი ზარების წინააღმდეგ
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც თუ აიმაღლებს ხმას - სტატუსი ნამდვილად აძლევს ამის საშუალებას. ლიპარტელიანმა არ ისურვა იმ სამინისტროს დაზუსტება, საიდანაც ფედერაციაში დარეკეს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ეს შსს-ა. უკვე წლებია ლაპარაკია იმაზე, რომ ერთ-ერთ იქაურ მოადგილეს ნაკრებში თავისი პროტეჟე ჰყავს და ხშირად მფარველობს მას. კარგი იქნება, ამ სამინისტროს ხელმძღვანელობაც თუ მიუთითებს თავის თანამშრომლებს, თავი დაანებონ ძიუდოს ნაკრების საქმეებში ჩარევას. სოსო ლიპარტელიანმა დისციპლინის დასამყარებლად წამოწყებული პირველი ომი კი მოიგო, მაგრამ მარტო ისიც ვერაფერს გახდება, ზემდგომნი თუ კანონის ფარგლებში გვერდში არ დაუდგნენ.

ქართული ძიუდო სწორედ ასეთმა ზარებმა დაღუპა და ახლა, როცა ვითარების გამოსწორების საშუალება გაჩნდა, ამ საქმეში წვლილის შეტანა ყველას ვალია, ვისაც ეს ეხება. ლიპარტელიანმა დისციპლინაზე ზრუნვა მხოლოდ ამით არ გამოავლინა - ბევრს მკაცრად მოსთხოვა წესრიგის დაცვა და ბოლო შანსი მისცა. თუმცა აჯობებს, ამ ყველაფერზე თავად მას მოვუსმინოთ. მით უფრო, უშუალოდ როტერდამული გამოსვლის გარდა, მისგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

- როტერდამის ტურნირი თქვენთვის პირველი იყო ახალ რანგში თანამდებობაზე. როგორ შეაფასებთ გუნდის გამოსვლას?
- სულ რაღაც ერთთვიანი ვარჯიშები გვქონდა ახალი ყაიდით, პირველი გასვლა იყო და შედეგით კმაყოფილი ვარ. თუმცა მეორე ოქროც შეიძლებოდა მოგვეპოვებინა, ლიპარტელიანისთვისაც რომ მიეცათ ჰანტეი - ის არაფრით ჩამორჩებოდა იაპონელ იუია იოშიდას, მაგრამ მსაჯებმა ასე გადაწყვიტეს და გამარჯვება აზიელს მიაკუთვნეს.

დანარჩენებიდან 73 კილოგრამში ნუგზარ ტატალაშვილზე მწყდება გული - ჰოლანდიელ დექს ელმონტს უგებდა, მაგრამ დამთავრებამდე რვა წამით ადრე დაკარგა იუკო, რითაც შეხვედრა დამატებითში გადავიდა და იქ წააგო. არადა, უტევდა, კარგადაც ჭიდაობდა და რომ მოეგო, მედლამდე ერთი ხელის გაწვდენაღა რჩებოდა.

სხვებზე კი ამას გეტყვით: ყველა ვნახე საქმეში და ზოგიერთს ვაგრძნობინე კიდეც, რომ ამ ჭიდაობით მათ ადგილს ვერ ვხედავ ძიუდოში და თუ ასე გააგრძელეს, მაშინ საერთოდ დაანებონ თავი.

- კონკრეტულად ვისზეა ლაპარაკი?
- მაგალითად, არ მომეწონა იოსებ წელაური 81-ში. ის საქართველოს ჩემპიონია და გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა, რადგან მსოფლიოზე არ წაიყვანეს. ამიტომ შევიყვანე ახლა გუნდში - მაინტერესებდა, საქმეში მენახა, მაგრამ დამაიმედებელი ვერაფერი მაჩვენა. ასევე ზაზა კედლაშვილსაც ვუთხარი, რომ 73-ში მის ადგილს ვერ ვხედავ და ამის შემდეგ ვერც დავაყენებ შეჯიბრებებში. 66-ში დაკლების სურვილი თვითონაც გამოთქვა, რასაც, ცხადია, სიამოვნებით დავეთანხმე, რადგან ამ წონაში საკადრო დეფიციტია. ამასთან, ისიც ვუთხარი, რომ შედეგის გარეშე, მხოლოდ წონის დაკლებისთვის ევროპის პირველობაზე არ წავიყვან. ის უნდა გამოვიდეს თბილისის ტურნირზე 66-ში, ამის შემდეგ პარიზში ან დიუსელდორფშიც იჭიდავებს და შედეგი უნდა მაჩვენოს. ისე ევროპაზე ვერ მოხვდება. ცხადია, გამოვა საქართველოს ჩემპიონატშიც, მაგრამ აქ შეიძლება გამონაკლისი დავუშვა და 73-ში ვაჭიდაო - 12 კილოგრამი აქვს დასაკლები, პირველობა კი ნოემბრის ბოლოს ტარდება და ასეთ მოკლე დროში ამდენს ვერ დაიკლებს, თუმცა მაჩვენოს, რომ იწყებს წონის დაკლებას და მომავალ ტურნირებში გამოვიდეს 66-ში. მაგრამ, თუ საქართველოს ჩემპიონატში არ იჭიდავებს, მაშინ სამომავლოდ ნაკრებში დაყენება გამორიცხულია, გინდ დაიკლოს და გინდა არა. დაკლების სურვილი თვითონაც აქვს. ვნახოთ, როგორ განახორციელებს ამას.

სამწუხაროდ, ჩემს დროსაც ასე იყო - ვთქვათ, ვინმე ერთ დღეს თუ დაიკლებდა 10 კილოგრამს, მეორე დღეს ისევ იმატებდა ამდენს, რაც დაუშვებელია. ეს ანგრევს და არღვევს ორგანიზმს. დავით ასუმბანის მაგალითს მოვიყვან, რომელიც დისციპლინირებული და რეჟიმისტია, მაგრამ რასაც ვუყურებ, ალბათ, ბევრს იკლებს და ამიტომ ვერ აღწევს შედეგს.

თუმცა რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ ეს ერთი ტურნირი ყველაფერს არ ნიშნავს და შანსი ყველას ექნება იმავე საქართველოს ჩემპიონატზე, თბილისისა თუ სხვა ტურნირებზე. თუმცა, ვიმეორებ - ვინც საქართველოს ჩემპიონატში არ იჭიდავებს, ვერც ნაკრებში მოხვდება. მნიშვნელობა არ აქვს, ის მსოფლიოს ჩემპიონია, ოლიმპიური თუ ევროპისა. მირჩევნია, ერთი წელიწადი შედეგი არ მქონდეს, სამაგიეროდ, სამომავლოდ ჩავუყარო საფუძველი კარგი გუნდის შენებას.

- ამირან პაპინაშვილმა სასიამოვნოდ გაგვაოცა არა მხოლოდ ოქროს მედლით, კარგი ჭიდაობითაც. მასზე რას იტყვით?
- უპირველესად იმას, რომ დამჯერი და ჭკვიანი სპორტსმენია. ტატამზეც აზროვნებს და რჩევა-დარიგებებსაც კარგად ითვისებს. ახლაც ზუსტად შეასრულა ჩვენი მითითებები. მაგალითად, ფინალში დავავალეთ, რომ ტატამის ცენტრში არ ეჭიდავა და მეტოქე კიდესთან გაეყვანა, რადგან ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი ერთ-ერთი უძლიერესია ჩოქბჯენში ჭიდაობისას. მისასალმებელია, რომ დავალებები პირნათლად შეასრულა.

- ვალერი ლიპარტელიანის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- სწორი ჩავლებები მანაც უნდა ისწავლოს - იაპონელებთან ძირითადად ამიტომ აგებს. თანაც, უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს ქართული ჭიდაობის ილეთები. მაგალითად, გადავლება. ამას კი აკეთებდა, მაგრამ მერე ილეთის გადაბმას ვერ ახერხებდა. ეს კომპონენტი დასახვეწი აქვს, როგორც ფიზიკური მომზადება და ტაქტიკა, თუმცა ფიზიკაში ახლა ნაკლებად მეთქმის საყვედური - იოშიდასთან მთელი რვა წუთი იჭიდავა და არ დაღლილა, გაუძლო.

- როტერდამში თქვენი შეგირდების გამოსვლას ნაკრების კონსულტანტად შეგულებული ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერიც ესწრებოდა. საინტერესოა მისი მოსაზრებები ბიჭებთან დაკავშირებით, როგორ შეაფასა მან ჩვენი ნაკრები?
- ზაიზენბახერმაც იგივე თქვა, რასაც ევროპელები ამბობენ - ქართველები პირველი ოთხი წუთი კარგად ჭიდაობენ, მაგრამ ბოლო წუთზე იღლებიანო. მანაც ყურადღება ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გაამახვილა, რაც მთავარი პრობლემაა. შენიშნა არასწორი ჩავლებები, რაც ბიჭებს დიდ ძალას ართმევს. ამაზე მეც ვეუბნები ვარჯიშებზე - კარგია, იპონით მოგებას რომ ცდილობ, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. ევროპელები და სხვები ასე არ ჭიდაობენ, რადგან მთავარი შედეგია. ჩვენც უნდა მივეჩვიოთ ამას, თუმცა ზაიზენბახერს მოეწონა ბიჭების ასეთი სწრაფვა წმინდა მოგებისკენ. მაგრამ ეს დიდ ენერგიას მოითხოვს და ამ არასწორი ჩავლებების გამო შეხვედრის ბოლოს ყველას მკლავები დაბერილი და დაბუჟებული აქვს.

- ჯერ მისი კონკრეტული სამუშაო სფერო გარკვეული არაა, ზოგადად კი ამბობენ, რომ ის ფიზმომზადებას მიხედავს. თქვენს შორის ფუნქციათა გამიჯვნის თაობაზე თუ ესაუბრეთ?
- მეც ისე ვიცი, რომ ზაიზენბახერი ძირითადად ფიზიკურ მომზადებას მიხედავს. ამასთან, სამედიცინო მხარესაც. მას სურს, აქ მაღალკვალიფიციური ექიმების ჯგუფიც ჩამოიყვანოს, სავარაუდოდ, გერმანელები თავისი აპარატურით, რომლებიც დააკვირდებიან სპორტსმენებს და შეუდგენენ მათ სავარჯიშო გრაფიკს. ეს ძალიან კარგი და საჭირო საქმეა, ოღონდ სისტემატური ვერ იქნება და მხოლოდ ოფიციალური შეჯიბრებების - ევროპისა და მსოფლიოს პირველობების, ოლიმპიადის წინ გაკეთდება.

- რამდენადაც ვიცი, ზაიზენბახერთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთი სერიოზული საკითხი ფინანსური მხარე იყო - რამდენს ითხოვდა ხელფასს? ამ ექიმების ჩამოყვანა ნამდვილად კარგია, მაგრამ დამატებითი ფინანსური ხარჯია და არის კი ამის საშუალება?
- ფინანსებზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზაიზენბახერის საკითხზე ოლიმპიური კომიტეტი მუშაობს და ფინანსური მხარის მოგვარებასაც ის იღებდა საკუთარ თავზე.

- ბოლოს, მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც ვთქვათ, რომელიც ერთ კვირაში ტარდება ანთალიაში. იქ რა შემადგენლობით იასპარეზებთ?
- მოგეხსენებათ, ეს ტურნირი მხოლოდ ხუთ წონით კატეგორიაში ტარდება. ჩვენდა საუბედუროდ, 60 კილოგრამია ამოღებული და 66-დან იწყება, ამ წონაში კი საკადრო პრობლემები გვაქვს. ამიტომ ანთალიაში ისევ 60-ის კაცი მიმყავს - პაპინაშვილი, რადგან 66-ში ვერც შალვა ქარდავამ და ვერც სხვამ სასიკეთო ვერაფერი დამანახა. 73-ში ტატალაშვილი იჭიდავებს, 81-ში კი ორი კაცი მიგვყავს - ლევან წიკლაური და ხვიჩა ხუციშვილი, რომელსაც ვარჯიშებზე ვაკვირდები და მომეწონა. 90-ში ვალერი ლიპარტელიანი იჭიდავებს, +90-ში - ლაშა გუჯეჯიანი. თურქეთში 28 ოქტომბრის ღამეს გავემგზავრებით, მწვრთნელებიდან კი ჩემთან ერთად ირაკლი უზნაძეც მოდის, რომელიც წლების განმავლობაში ჭიდაობდა იქ, იცნობს იქაურობას და თარჯიმნის პრობლემაც მოგვეხსნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული