2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში "ევროპის ღია თასს" უმასპინძლებს

AutoSharing Option
2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე კვლავ უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში, რომელსაც ამჯერად "ევროპის ღია თასი" ეწოდება.

ტრადიციულად, ჩვენს შეჯიბრებას კვლავაც სეზონის გახსნის პატივი ერგო და მოსალოდნელი იყო, რომ ძლიერი შემადგენლობა არ ჩამოვიდოდა, თუმცა არც მთლად ასეა საქმე - წინასწარი მონაცემებით, ჩამოსვლის სურვილი 21-მა უცხოურმა გუნდმა დაადასტურა, სტუმარ ფალავანთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.

სამი ქვეყანა მხოლოდ მსაჯებით იქნება წარმოდგენილი - ავსტრალია, ახალი ზელანდია და ჰოლანდია. საჭიდაოდ ჩამოდიან იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ბელორუსი, ბულგარეთი, კანადა, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი,
უკრაინა, საბერძნეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი და სერბეთი.

მონაწილეთა შორის დიდ ვარსკვლავებს ვერ ვნახავთ, მაგრამ იქნებიან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ტაკეში ოჯიტანი (+100), ქვეყნის პირველობის გამარჯვებული რუი სიჩინოე (+100) იაპონიიდან, 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონი არტემ ბლოშენკო (100) უკრაინიდან, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ანდრეი კაზუსიონაკი (90) და ევროპის ვერცხლისმედალოსანი ალექსანდრ სტიაშენკა (81) ბელორუსიდან, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ჰოვანეს დავთიანი (60) და ევროპის გამარჯვებული არმენ ნაზარიანი (66) სომხეთიდან, ორ სასონი (100) ისრაელიდან, გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონი არსენ პშმახოვი (81) რუსეთიდან და სხვა...

ძიუდოს ევროპული კავშირის საიტს თუ დავუჯერებთ, საბერძნეთში გადახვეწილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯარჯი ზვიადაურმაც (90) უნდა იჭიდაოს, თუმცა მონაწილეთა სიები საბოლოოდ დღეს დაზუსტდება, როცა 20 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" კენჭისყრა გაიმართება.

საშინაო ტურნირისთვის ჩვენი ნაკრებიც გულმოდგინედ ემზადება, რომელიც თბილისში გადიოდა შეკრებას. 31 იანვარს გუნდმა ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიში გამართა და გაირკვა ჩვენებურთა საბოლოო შემადგენლობა.

მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ადრე შეგულებულ ფალავანთაგან ორი დაასვენა - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90). ასევე არ იჭიდავებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) - ეს სამეული ტურნირებში პარიზში 9-10 თებერვალს გასამართი "დიდი მუზარადიდან" ჩაებმება.

შეჯიბრების განრიგი ასეთია: 2 თებერვალს 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები - 3 თებერვალს. შეხვედრები 10 საათზე დაიწყება, ბილეთი კი სიმბოლური ფასი, 1-2 ლარი ეღირება.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი.
66 კგ. ტრისტან ფეიქრიშვილი, მინდია ლილუაშვილი, ვანო თოთლაძე, თორნიკე თათარაშვილი.
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, არსენ მაჭარაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.
81 კგ. 1. პაატა ღვინიაშვილი, ლევან წიკლაური, იოსებ ჩილინდრიშვილი, ლაშა ზურაბიანი.
90 კგ. ზვიად გოგოჭური, ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი, ჯუმბერ გიგაური.
100 კგ. გიორგი ნოზაძე, გიორგი ქავთარაძე, დავით ლორიაშვილი, ლაშა გურული.
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებოოოოო!
vaskulat
00:00 02-02-2013
0

სიახლეები პოპულარული