ამდენად, მოჭიდავე 20 ქვეყანა დაგვრჩა: საქართველო, იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, კანადა, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, საბერძნეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, რუმინეთი ისრაელი და სერბეთი.
ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ამ გაერთიანების პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ჩეხი მიხალ ვახუნია.
მონაწილეთა რაოდენობა 187 ფალავანია. ყველაზე მეტი ათლეტი 66-ში იასპარეზებს - 38, ყველაზე
ეს ახალი სეზონის პირველი დიდი შეჯიბრებაა, რომლითაც ახალი ოლიმპიური ციკლიც იწყება.
ამასთან, ის სადებიუტოა ჩვენი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ირაკლი უზნაძისთვისაც.
ასევე სადებიუტო იქნება ძალიან ბევრი სპორტსმენისთვისაც როგორც საქართველოში, ასევე - უცხოეთში.
3 თებერვალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება - სპორტიდან საზეიმოდ გააცილებენ უტიტულოვანეს ქართველ ძიუდოისტს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს, რომელიც დღესდღეობით ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს.
შეხვედრები სპორტის სასახლეში ორივე დღეს 11 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე. 2 თებერვალს 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ.
როგორც 1 თებერვალს გაცნობეთ, უზნაძემ საქართველოს ჩემპიონთაგან მხოლოდ ორი დაასვენა - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90).
მათ, როგორც ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (66), მწვრთნელი 9-10 თებერვალს გასამართ პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოიყვანს.
1 თებერვალს წილისყრა გაიმართა და ჩვენებურთა მეტოქეებიც გამოვლინდნენ. 60-კილოგრამში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილს მეოთხედფინალში გასასვლელად სომეხ არტურ ვარდანიანის და ბრიტანელ გრეჰემ ტრინდერის დამარცხება მართებს, რაც არ უნდა გაუჭირდეს, მერე კი სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე ცნობილი ყაზახი იელდოშ სმეტოვია, თუმცა არც ისაა ძალიან ძლიერი ფალავანი.
მარგველაშვილი სამივე ბარიერს თუ წარმატებით გაივლის, დიდი შანსია, ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილს შეხვდეს - იმას იქამდე კიდევ უფრო უცნობი მეტოქეები ჰყავს.
ამ წონაში ქართველთაგან ყველაზე მეტად ვიცე-ჩემპიონი გიორგი ბროლაშვილი დაიჩაგრა - მეოთხედფინალამდე თუ მივიდა, იქ სომეხი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ჰოვანეს დავთიანი ან იაპონელი შინჯი კიდო ელოდებიან - ისინი წინა წრეში ერთმანეთს ხვდებიან და აზიელი თუ უცნობია, სომეხი ამ წონაში ყველაზე ტიტულოვანია.
66-ში ჩვენებს თავიდანვე ძლიერები ერგოთ - მინდია ლილუაშვილი პირველივე შეხვედრას ებრაელ გოლან პოლაცკისთან გამართავს, რომელმაც შარშან შავდათუაშვილს მედგარი ბრძოლა გაუმართა ლიცენზიისთვის, თორნიკე თათარაშვილი კი ასევე პირველ ბრძოლას გამოცდილ უნგრელ ლასლო ბურიანთან გამართავს.
ტრისტან ფეიქრიშვილსაც საკმაოდ გამოცდილ ფალავანთან მოუწევს პირველი პაექრობა - ბელარუს დმიტრი შერშანთან (ყოველ შემთხვევაში, წონაში ამაზე ბევრად სუსტებიც გამოდიან), ვანო თოთლაძეს კი ასევე ებრაელი იან ვინოგრადოვი ერგო.
73-ში ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეოთხედფინალამდე სავარაუდო მეტოქეთა შორის კი ყველაზე ანგარიშგასაწევი ბელარუსი ალექსანდრ კოკშა მიგვაჩნია.
გიორგი პაპუნაშვილი აზერბაიჯანელ ნადირ ბაბაევს ხვდება, არსენ მაჭარაშვილი - უნგრელ ნორბერტ კისს.
თავიდან ზებედა რეხვიაშვილიც თავისუფალია, მერე კი, სავარაუდოდ, ბელარუს ალექსეი რამანჩუკთან მოუწევს დაჭიდება - ამასაც შეიძლებოდა, უფრო სუსტიც შეხვედროდა.
3 თებერვალს მოასპარეზე წონებში ჩვენებურთაგან ყველაზე მეტად საქართველოს ჩემპიონ ლევან მატიაშვილს (+100) არ გაუმართლა - ბადეში ახლოს ჰყავს ახალგაზრდებში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკეში ოჯიტანი.
იგივე ითქმის ლევან წიკლაურზე, რომელსაც მეოთხედფინალში გამოცმკოვსი ელოდება. არც 90 კილოგრამში ამონაცვლებულ ბექა ღვინიაშვილს გაუმართლა - უნგრელ გაბორ ვერს, ალბათ, კი მოუგებს, მაგრამ მერე იაპონელ იუია იოშიდასთან მოუწევს პაექრობა.
დაახლოებით ამავე დღეშია დავით ლორიაშვილიც 100-ში - პირველ წრეში აზერბაიჯანელი საინ მამადოვი არაა ძლიერი, მაგრამ ამათ შორის მოგებულს უკრაინელი არტემ ბლოშენკო ელოდება. ასევე ანგარიშგასაწევი უკრაინელი - ვიაჩესლავ დენისოვი ელოდება ლაშა გურულს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"