საშვილიშვილო წარუმატებლობისგან მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა გვიხსნა, როცა შეჯიბრების უკანასკნელ შეხვედრაში ოქროს ფინალი შემოგვთავაზა და იაპონელ ტაკეში ოჯიტანის ტაქტიკურ ბრძოლაში მოუგო.
1 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო - ასეთი სტატისტიკით ჩაამთავრა ჩვენმა ნაკრებმა სეზონის და ახალი ოლიმპიური ციკლის პირველი ტურნირი. როგორც გითხარით, ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილია, ლაშა გურული (100) ფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს მფლობელები კი ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი (60), ტრისტან ფეიქრიშვილი (66), ლაშა ტაველური (90),
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ტურნირი იყო ამ ამპლუაში, განაცხადა, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის დასახული ამოცანა შეასრულა და მათი გეგმა სწორია, თუმცა ამ შედეგს დამაკმაყოფილებელს ვერაფრით ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, კრიტიკა ჯერჯერობით ნაჩქარევი გვგონია და ამ ეტაპზე ამას არც ვაპირებთ, იმის მიუხედავად, რომ ცუდი სჭარბობდა დადებითს.
მწვრთნელს თავისი ამოცანა აქვს - ის შედეგს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე უმიზნებს, მანამდელ შეჯიბრებებს კი მოსამზადებლად იყენებს. თან ისვენებდა გუნდის რამდენიმე ლიდერი, ხოლო ნაკრებს დააკლდა მოსამზადებელი ციკლი - ფედერაციის ხელმძღვანელობის გაჭიანურებული არჩევნების გამო ის სერიოზულად შეფერხდა, ფიზმომზადება კი არც გაუვლიათ.
ამასთან, სეზონის პირველივე სტარტზე გუნდის „ამოქოქვა“ ყოველთვის ძნელია. ეს უფრო მომდევნო შეჯიბრებებში ხდება და დაველოდოთ, როგორ იჭიდავებენ ჩვენები პარიზში, დიუსელდორფში თუ სხვა ტურნირებში... მით უფრო, ამჯერად ფიზმომზადების საერთო დონე მაინც გაუმჯობესებული გვეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, ადრინდელივით „მყვირალა“ ხარვეზები არ დაგვინახავს. იმედია, მომავალში ჩვენი ნაკრების ექსთავკაც პეტერ ზაიზენბახერის დასაცინი არ გავხდებით, რომელიც ამჯერად აზერბაიჯანელთა თავკაცის რანგში გვესტუმრა და აქაური ნაცნობების ვიწრო წრეში უთქვამს კიდეც, ჩემი მოსამზადებელი გეგმა არ მოგწონდათ და მე შარშან ამ ტურნირზე 6 ოქრო მოვიპოვეო...
მართალია, ისტორიულ წარუმატებლობას გადავრჩით და საბოლოოდ ოქრო მაინც ვირგუნეთ, მაგრამ ავსტრიელს ნიშნის მოსაგებად სრული საფუძველი აქვს - პირად შეხვედრებში ხომ გვარიანად მოგვიგო და ოქროებითაც გვაჯობა, ბაქოში ორი უმაღლესი სინჯის მედალი წაიღო... სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია - თბილისის სპორტის სასახლეში ამჯერად ქართული ფინალი არ გამართულა, აზერბაიჯანული კი შედგა.
როცა ჩვენებურთა მარცხის გამამართლებელ მიზეზებზე ვსაუბრობთ, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შეჯიბრება სხვებისთვისაც პირველი სტარტი იყო და უძლიერესი შემადგენლობით არც ისინი ჩამოსულან. „ღია თასზე“ 20 გუნდი კი მონაწილეობდა, მაგრამ ტიტულებით დახუნძლული ვარსკვლავები არ ყოფილან - გვესტუმრა რამდენიმე სტაბილურად ძლიერი ძიუდოისტი (თუმცა ისინიც ადრევე გავარდნენ და „ამინდი ვერ შექმნეს“), რომლებსაც ისინი მიემატნენ, ჯერ კიდევ შარშან რომ დაგვამახსოვრეს თავი კარგი ჭიდაობით (მაგალითად, გოლან პოლაცკი (66) ისრაელიდან და, განსაკუთრებით, მისი თანაგუნდელი ორ სასონი (100), რომელსაც ცოტა დააკლდა ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრამდე, ოღონდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ მძიმეში გამოდიოდა), ან ისეთები, რომლებიც ახალ ოლიმპიურ ციკლში ლიდერებად მოგვევლინებიან: თუნდაც იგივე ოჯიტანი, აზერბაიჯანელი შეხმად მაგომედოვი და სხვა...
ამის მიუხედავად, მაინც უვარსკვლავებო ტურნირი იყო (ამათ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ), თუმცა პირველ დღეს ყაზახებმა და ბელორუსებმა, მეორე დღეს კი იმავე აზერბაიჯანელებმა შავი დღე გვაყარეს.
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდიდან ძალიან ბევრმა ვერ გაამართლა იმედები და ვერ აჩვენა საქართველოს ჩემპიონატში გამოვლენილი დონე... ახალი სახეებიც (ვგულისხმობთ საერთაშორისო არენას, თორემ აქ სულ ქვეყნის პირველობის მედალოსნები გამოდიოდნენ, ანუ სრულიად უცნობი ვერც მოხვდებოდა) ნაკლებად გამოჩნდნენ, თუმცა ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისებიც იყვნენ.
უპირველესად, ტაველურს დავასახელებთ, რომელმაც მართლაც ლამაზად იჭიდავა. კარგი იყო ზაქარიაძეც, ფეიქრიშვილიც. უმედლოდ დარჩენილთაგან კი ამავე სიაში შევიყვანთ ტრისტან თათარაშვილს (66). გარკვეულ ასპექტებში არა უშავდა ონისე ბუღაძესაც (+120), იმის მიუხედავად, რომ მძიმე წონის კვალობაზე დაბალიცაა და წონითაც პატარა. გვარიანი პროგრესია გურულის ჭიდაობაშიც, ბექა ღვინიაშვილზე (90) კი ქვევით ვისაუბრებთ.
უმედლოდ მხოლოდ ორ წონაში დავრჩით - 73-ში და 81-ში, თუმცა პირველში დამამშვიდებელში ერთი მონაწილე მაინც გვყავდა, 81-ში კი ესეც სანატრელი გაგვიხდა - იქ გვარიანი საკადრო კრიზისია. ვნახოთ, ისევ ავთანდილ ჭრიკიშვილი თუ გვიშველის.
ახალ წესებს რაც შეეხება, ალბათ, არაფერია შეუგუებელი და როგორც სპორტის სასახლეში გამოჩნდა, ფალავანთა უმეტესობამ იოლადაც აუღო ალღო. უბრალოდ, ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია და აქა-იქ ზოგს (უცხოელებსაც) ფეხზეც წაუცდათ ხელი, არასწორი ჩავლება-გაშვებაც ვიხილეთ და იქნებ ზოგჯერ მსაჯებიც შეცდნენ, თუმცა მსგავსი დარღვევები იშვიათად იყო.
3 თებერვალს, ტურნირის მიმდინარეობის ფარგლებში, გაცილების საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა - დიდი სპორტიდან ახალ სარბიელზე, სამწვრთნელო ასპარეზზე გზა დაულოცეს უტიტულოვანეს ქართველ ძიუდოისტს, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს. მოოქროვილი ბიბლია მას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა გადასცეს, რომლისგანაც გადაიბარა ცირეკიძემ ოლიმპიური ოქროს ესტაფეტა.
„ცოტა არ იყოს და, ემოციური მომენტია. ჩემთვის ყოველთვის ძნელი იყო ამ დარბაზში ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა, რაც მუდამ დამატებით სტიმულს მაძლევდა. მადლობა იმ ქომაგობისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ჩემდამი იჩენდით. მადლობა მთლიანად საქართველოს!“ - ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა დიდი ჩემპიონი, რომელიც დღეისათვის ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს.
დღე პირველი, წარუმატებელი
ზემოდასახელებული 8 მედლიდან 5 კვირაზე მოდის, თორემ შაბათს ძალზე ცუდად გამოვედით და მხოლოდ სამ ბრინჯაოს დავჯერდით - 60-66-ში. 60-ში ამჯერად ყველაზე კარგად თავი ისევ ძველებმა წარმოაჩინეს, თორემ საქართველოს 19 წლის ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილს ჯერ კიდევ გვარიანი მომატება სჭირდება უფროსებთან საპაექროდ. იმედია, ის ახალგაზრდულში გასატარებელ წლებს ნაყოფიერად გამოიყენებს საამისოდ.
თუმცა მომატება მერებაშვილ-პაპინაშვილის დუეტსაც გვარიანად მართებს. სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ამ წონის კონკურენციაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანიც ჩაებმება. შესაძლოა, ის უკვე პარიზშიც ვიხილოთ, თუმცა, როცა უნდა დაბრუნდეს, კონკურენციას სასიკეთოდ წაადგება.
66-ის ლიდერი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი არც პარიზში იჭიდავებს. ამ წონაში კინაღამ ქართული ნახევარფინალი გაიმართა ფეიქრიშვილსა და თათარაშვილს შორის. ისინი ქვეყნის პირველობაზეც ამავე ეტაპზე შეერკინნენ ერთმანეთს და მაშინ ფეიქრიშვილმა იმარჯვა. ამჯერად მათი პაექრობა მომავალმა ჩემპიონმა, ბელორუსმა დმიტრი შერშანმა ჩაშალა - მან ჯერ ქვეყნის ჩემპიონი ფეიქრიშვილი დააიპონა, მერე - თათარაშვილი.
ძირითად ბადეში უფრო ძნელი წილისყრა თათარაშვილს ერგო - გამოცდილი უნგრელი ლასლო ბურიანი და ბევრად უფროსი, თუმცა უკვე ვეტერანი რუსი დენის ლავრენტიევი დააიპონა, მაგრამ ფეიქრიშვილმაც ახალგაზრდებში სახელმოხვეჭილ უკრაინელ რუფატ მაგომედოვს და იაპონელ მასაში კოდერას სძლია წმინდად.
ფეიქრიშვილის ოდნავ უფროსი ასაკი და ცოტა მეტი გამოცდილება დამამშვიდებელში გამოჩნდა - გამოცდილ უნგრელ ლასლო გორჯანასცს აჯობა, რომელმაც მანამდე იაპონელი იუიტა იოშიდა დაჯაბნა, ამან კი ბრინჯაოსთვის შეხვედრა თათარაშვილს მოუგო.
73-ის ლიდერი ნუგზარ ტატალაშვილი მსაჯებმა პირველივე შეხვედრაში მოხსნეს - მეტოქეს ხელი ჰკრა, რაც ცოტა ზედმეტი მოუვიდა თუ ირანელმა ელიას ალი აკბარიმ გააფორმა, მაგრამ ის სარეკლამო დაფებში გადავარდა, რაც მსაჯებისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა. ზებედა რეხვიაშვილი კი მეშვიდეზე დარჩა.
დღე მეორე - უფრო წარმატებული
კვირას მოასპარეზე ფალავნებიდან ქომაგთა განსაკუთრებულ ინტერესს ახალ წონაში გადმონაცვლებული ბექა ღვინიაშვილი იქცევდა, რომელსაც ახალგაზრდული გუნდიდან გადმოსვლის შემდეგ შარშან ბევრი სტარტი არც მისცემია. მან საკუთარი დიდი ტალანტი ახლაც გამოავლინა, თუმცა ნაკლოვანებებიც ეტყობოდა, უპირველესად - ფიზიკური მომზადება. ეს მისი კოზირი იყო და ახლაც ასე დარჩება, მაგრამ 3 თებერვალს თავისსავით ჯანიანებთან უჭირდა. ვერც მის განთქმულ ბრუნებს აკეთებდა ისე წარმატებით, რაც ასევე არასაკმარისი ძალის ბრალი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად ძლიერებთან - იაპონელ იუია იოშიდასთან და ზემოხსენებულ მაგომედოვთან აშკარად გაუჭირდა, აზერბაიჯანელ მურად რაჯაბლის კი ბევრად უფრო იოლად გაუსწორდა. ეტყობა, მისთვის ქამარში ჩავლებაც კოზირადვე დარჩება.
შთამბეჭდავი იყო იოშიდასთან მოგება, როცა სამჯერ სცადა ქამრიდან აყვანა, მაგრამ ბრუნი ბოლომდე ვერ შეასრულა. საწადელს მხოლოდ ბოლო წამზე უწია, როცა გამარჯვების ბედი წამის მეასედებმა გადაწყვიტა. აზერბაიჯანელი მაგომედოვი ფიზიკურად ძლიერია და მისი სახით ამ წონას მართლაც კარგი ფალავანი ეზრდება. მან ჩვენებურამდეც ძლიერ ათლეტებს მოუგო, ღვინიაშვილი კი მასთან ბოლო წამზე ვა-ბანკზე წავიდა, რადგან გაფრთხილებით ისედაც აგებდა და იპონზე მოჰყვა.
აი, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელ სტანისლავ რეტინსკისთან მარცხი კი უფრო გამოუცდელობის ბრალი გვგონია, რაღაც ისე იოლად გადაჰყვა მეტოქეს ილეთზე. ღვინიაშვილმა კიდევ ერთი კარგი თვისება გამოავლინა - სისწრაფე და ელასტიურობა. ძალიან მოქნილი წელი აქვს, რის ხარჯზეც რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა იპონს.
ამ წონაში ტაველურმაც გაგვაოცა ძლიერი, კარგი და დაკვირვებული ჭიდაობით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი მოგება აზერბაიჯანელ რამილ გურბანოვთან, რომელიც ლამის ტატამზე დაარჭო.
ოქრუაშვილს საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით წონაც დაუკლია, რაც ჭიდაობასაც დაეტყო. მას პირველი მეტოქე მოუხსნეს, მერე უკრაინელი მიკიტა დიბრინი ბრუნით გაისროლა იპონზე, დასასრული კი იაპონური გამოუვიდა - ჯერ იმავე ფანდით 55 წამში რიუ სიჩინოჰეს დაასხა რეტი, რაც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ოჯიტანისთან არ გამოუვიდა, მაგრამ სამი გაფრთხილება სავსებით დამსახურებულად მიაღებინა.
ადამ ოქრუაშვილი. თბილისის საერთაშორისო ტურნირი. 1/4 ფინალი
Video
ადამ ოქრუაშვილი. თბილისის საერთაშორიოს ტურნირი. 1/4 ფინალი
ადამ ოქრუაშვილი. თბილისის საერთაშორიოს ტურნირი. 1/4 ფინალი
ადამ ოქრუაშვილი. თბილისის საერთაშორისო ტურნირი. 1/2 ფინალი
Video
ადამ ოქრუაშვილი. თბილისის საერთაშორიოს ტურნირი. 1/2 ფინალი
ადამ ოქრუაშვილი. თბილისის საერთაშორიოს ტურნირი. 1/2 ფინალი
ჩემპიონმა ქომაგს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ დაგვპირდა, კიდევ გაგახარებთო. იმედია, ჭიდაობასაც მოუმატებს და მართლაც ასე იქნება. აი, საქართველოს ჩემპიონი ლევან მატიაშვილი კი უკრაინელ იაკიმ ხამოსთან ვერ გაიხსნა და დამარცხდა.
ირაკლი უზნაძე: „ტურნირზე ნანახი სურათით კმაყოფილი საშუალო დონეზე ვარ, თუმცა მსაჯობაზე ამასაც ვერ ვიტყვი. ყველაფერს მათ ნამდვილად არ ვაბრალებ, მაგრამ გარკვეული წვლილი ნამდვილად მიუძღვით. ვფიქრობ, თათარაშვილი უმედლოდ არ უნდა დარჩენილიყო. ლორიაშვილიც მათ გამო ვერ შევიდა ფინალში; ტატალაშვილიც შეეძლოთ, არ მოეხსნათ. ტაველურმა და ღვინიაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავეს. ბიჭების კონდიციაც საშუალო დონისა იყო. მგონი, ტაქტიკურად ცუდად არ გამოიყურებოდნენ და, ვფიქრობ, არც - ფიზიკურად. ჩვენი გეგმა იყო, ბიჭებს საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ, რაც რამდენიმე შემთხვევის გარდა, კიდეც შეასრულეს. ვფიქრობ, დასახული კურსი სწორია და იმავე გზით წავალთ. ახალ წესებთან ადაპტაცია არ გაგვჭირვებია და არცაა ძნელი შესაგუებელი. პარიზში წამსვლელებს 2-3 დღეში დავასახელებთ, მანამ კი კიდევ ვიმსჯელებთ ცოტას, თუმცა ძირითადი ბირთვი ცნობილია".
კვარცხლბეკი
60 კგ. 1. შინჯი კიდო (იაპონია), 2. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი); 3. პაატა მერებაშვილი, ამირან პაპინაშვილი; 7. ვაჟა მარგველაშვილი (სამივე - საქართველო).
66 კგ. 1. დმიტრი შერშანი; 2. ვადძიმ შოკა (ორივე - ბელორუსი); 3. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო), იუიტო იოშიდა (იაპონია); 5. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო).
73 კგ. 1. საგი მუკი (ისრაელი); 2. იერტუგან ტორენოვი (ყაზახეთი); 3. ალექსეი ასტაფიევი (რუსეთი), ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი); 7. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო).
81 კგ. 1. ტურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი); 2. ტაკანორი ნაგასე (იაპონია); 3. ასაფ ჩენი (ისრაელი), მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი).
90 კგ. 1. შეხმად მაგომედოვი; 2. შაჰინ გაჰრამანოვი (ორივე - აზერბაიჯანი); 3. ლაშა ტაველური (საქართველო), სტანისლავ რეტინსკი (უკრაინა); 5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო).
100 კგ. 1. ორ სასონი (ისრაელი); 2. ლაშა გურული; 3. დავით ლორიაშვილი (ორივე - საქართველო), ჯავად მაჰჯოუბი (ირანი).
+100 კგ. 1. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო); 2. ტაკეში ოჯიტანი, 3. რიუ სიჩინოჰე (ორივე - იაპონია), გიორგი ზაქარიაძე; 7. ონისე ბუღაძე (ორივე - საქართველო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
3 თებერვალს ირაკლი ცირეკიძეს სპორტიდან გააცილებენ