ჭაბუკებში ევროპის 2007 წლის და იმავე წელს გამართული ევროპის ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი, რუსთაველი რეხვიაშვილი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ნიჭიერი წარმომადგენელია. ოქროს გარეშე დარჩენის მიუხედავად აგადირშიც გაამართლა - ექვსი შეხვედრიდან ოთხი იპონით მოიგო, ერთადერთი
მანამდე კვიპროსელ კლეოვოულოს ლუკაიდესს, ბერძენ რომან მოუსტოპოულოსს და უნგრელ ანდრეს ვერეს, შეიძლება ითქვას, გადაურბინა, იმდენად უპრობლემოდ დააიპონა. არადა, ჩვენებურმა მთელი ტურნირი გადახვეული ბეჭით ჩაატარა. ეტყობა, ეს ის ადრინდელი ტრავმაა, ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში რომ მიიღო. მაშინ ის დამალა და ჩეხეთის ტურნირზე ისე იჭიდავა, რადგან ის ევროპის პირველობისთვის შესარჩევი შეჯიბრება იყო. მეოთხე იპონი რეხვიაშვილმა დამამშვიდებლის პირველ შეხვედრაში მოიპოვა ყაზახ სერიკბოლ ნურალინთან დრამატულ შეხვედრაში - თავიდან ჩვენებური ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ფიზიკურად აშკარად უჭირდა, დაიღალა და ხშირად წვებოდა ტატამზე. ყაზახი ფიზიკურად ბევრად უკეთ იყო მომზადებული და ბოლო წუთზე ანგარიში გაქვითა, მაგრამ დამთავრებამდე 6 წამით ადრე ჩვენებურმა მეორე ვაზარი მიითვალა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რეხვიაშვილმა გაფრთხილებებით მოუგო ტუნისელ ჰამზა ბარჰოუმის. უნდა ითქვას, რომ ის ღირსეული მეტოქე გამოდგა და ერთხელ ჩვენებური ბეწვზეც გადაურჩა, შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი ზებედამ ზეაწეული ცერა თითით ანიშნა, მაგარი ხარო.
პირველი დღის მსგავსად, გუშინ მოჭიდავე ქართული კვარტეტის დანარჩენი სამი მონაწილე ადრეულად დაემშვიდობა ტურნირს. გუგავას გუნდმა პირველი დანაკლისი სტარტზევე განიცადა - ამ ასაკში მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა ზურაბიანი მომავალ ჩემპიონთან, გერმანელ ალექსანდერ ვიცზერზაკთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. სხვათა შორის, ამ წონის ფინალში გერმანელები გავიდნენ - ვიცზერზაკმა ჰანეს კონრადი დაამარცხა, ვინაც ნახევარფინალში ზემოხსენებული იაპონელი ნიშიამა დაჯაბნა.
პირველ წრეშივე წააგო ლაშა შავდათუაშვილმაც (66), ოღონდ ის ზურაბიანზე გვიან გავიდა საჭიდაოდ. ამან სულ მთლად იპონით დათმო ორთაბრძოლა ტუნისელ ჰოუცემ ხალფაუისთან. ამ წონაში შედარებით უკეთ ლაშა ლომიძე გამოვიდა, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ შედარებით სუსტი საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებთან. მოლოდინისამებრ, ჩვენებურმა ლიბანენი ვისან ჰაიეკი და კვიპროსელი სოტირის ჩარალამბოუსი მალევე დააიპონა, მონგოლ კერლენ განბოლდს იუკო აართვა, მაგრამ ვაზარი დაკარგა და წააგო.
დღეს და ხვალ აგადირის ტატამზე კიდევ ცხრა ქართველი იჭიდავებს. აქედან ერთი - გოგონათა ტურნირში, შორენა შარაძე (63) პირველ წრეში ავსტრიელ სტევის კელის ხვდება. ვაჟებში დღეს იჭიადვებს ჩვენი გუნდის მთავარი იმედი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) - პირველ წრეში ამერიკელ დარეკ ვოიციკს ხვდება. ამავე წონაში ჭაბუკებში ევროპის 2008 წლის ჩემპიონი გიორგი მერმანიშვილი ასევე თავიდან ჩაებმება ტურნირში - უზბეკ დავრონბეკ სატოროვს ეჭიდავება.
90-ში ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი თავიდან ისვენებს, მეორე წრეში კი ყაზახ აიტუარ აბდულოვს ხვდება, ამ ასაკში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნოზაძე კი ასპარეზობაში თავიდანვე ჩაებმება საკმაოდ გამოცდილ ესტონელ გრიგორი მინასკინთან შეხვედრით, რომელიც ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონია ამ ასაკში, ოღონდ შარშანდელი.
100-ში ონისე ბუღაძე ისვენებს თავიდან, მერე კი ბულგარელ დანიელ დიჩევს დაეჭიდება, გიორგი კობერიძე კი პირველივე წრეში ჭიდაობს ლიბანელ ტარეკ ფაჰმისთან.
მძიმეში ლევან მათიაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება რუმინელ დანიელ ნატეასთან შეხვედრით, უშანგი კოკაური კი დასაწყისშივე ჭიდაობს მასპინძელ ჰოსნი რაფარისთან.
კვარცხლბეკი
ვაჟები
66 კგ. 1. კენტო შიმიზუ (იაპონია), 2. ნაირუზბეკ მაილაშევი (ყაზახეთი), 3. იუკი ჰაშიგუჩი (იაპონია), რიფატ პაკმატულაევი (უზბეკეთი).
73 კგ. 1. ალექსანდერ ვიცზერზაკი, 2. ჰანეს კონრადი (ორივე - გერმანია), 3. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო), ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი).
გოგოები
52 კგ. 1. ანზუ იამამოტო (იაპონია), 2. ელეუდის ვალემტიმი (ბრაზილია), 3. პრისცილა გნეტო (საფრანგეთი), ტუგბა ზეჰირი (თურქეთი).
57 კგ. 1. ჰელენა რეცევე 2. რახელე პლასი (ორივე - საფრანგეთი), 3. იველინა ილიევა (ბულგარეთი), ტერუმი კანეკო (იაპონია).