ოქტომბრის ბოლო ორი დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირით იქნება დატვირთული - ანთალიაში მსოფლიოს გუნდური პირველობა ტარდება, რომელშიც ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელთა დიდი მცდელობით დაგვიშვეს. საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა: ამირან პაპინაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, ხვიჩა ხუციშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გუჯეჯიანი (+90), გუშინ კი მწვრთნელი ფედერაციის პრესსამსახურის მეშვეობით დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ამ გუნდს კიდევ ერთი მძიმეწონოსანი - ზვიად ხანჯალიაშვილი დაამატა.
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდური შეჯიბრება "გუნდი-გუნდზე" პრინციპით ტარდება, ასპარეზობა
კი შვიდის ნაცვლად ხუთ წონით კატეგორიაში იმართება. ნებადართულია ორი სათადარიგოს წაყვანა, მათი შერჩევა კი ნებაყოფლობითია, თუმცა თავის დროზე ორგანიზატორებმა ეს ისე ჩაიფიქრეს, რომ მათგან ერთი ზედა, მეორე კი მჩატე წონების წარმომადგენელი ყოფილიყო. ისინი მწვრთნელთა კომპეტენციაში არ ერევიან და ეს საკითხი მთლიანად მათ მიანდეს გადასაწყვეტად, მაგრამ შეეცადნენ, გუნდების ხელმძღვანელებისთვის ლავირების საშუალება მიეცათ - კონკრეტულ შეხვედრაში შეუძლიათ მონაწილის შეცვლა მეტოქის სიძლიერის, საჭიდაო სტილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვეულებისამებრ, ამ წესს მწვრთნელთა უმეტესობა ამგვარადაც იყენებს, მაგრამ სოსო ლიპარტელიანი სხვაგვარად მოიქცა - ერთი სათადარიგო ხომ ზედა წონებში ჰყავდა, მეორეც მძიმეწონოსანი შეარჩია. ცხადია, ეს კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული - ტურნირში დაშვებულ ორი მჩატე წონაში ვინც ჰყავდა ხეირიანი, ისედაც მიჰყავს, სხვებმა კი ამ ეტაპზე სათადარიგო მონაწილედაც ვერ მოაწონეს თავი.
ჯერჯერობით ისევ უცნობია ჩვენი მეტოქეების ვინაობა ანთალიაში. არც თურქეთის, არც ძიუდოს ევროპული ან მსოფლიო ფედერაციების საიტებზე ამ ტურნირზე ახალი არაფერი წერია, ძველი ინფორმაცია კი ისეთია, სადაც საქართველო სარეზერვოებშიც არაა მოხსენიებული. თუმცა ეს მათი პრობლემაა, ჩვენები კი ტურნირში ნამდვილად გამოვლენ. ისინი ლიპარტელიანისა და თურქეთიდან მწვრთნელად დაბრუნებული ირაკლი უზნაძის თავკაცობით 28 ოქტომბრის ღამეს გაემგზავრებიან ანთალიაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"