ირაკლი უზნაძე: საქართველო სწორი გზით მიდის, ძიუდო - არა

AutoSharing Option
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები 15 ტებერვალს დილით დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ჯერ წარმატებით იასპარეზა "დიდ მუზარადზე" - სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, მერე კი იქვე ერთობლივი შეკრება გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) ვერცხლი მოიპოვა, ამირან პაპინაშვილმა (60) - ბრინჯაო.

შედეგი თავისთავად კარგია, მით უფრო - პარიზში გამარჯვება ჩვენებს ყოველთვის უჭირთ, მაგრამ ამაზე დამაიმედებელი გუნდის ჭიდაობის ხარისხია. პროგრესი ეტყობოდათ არა მხოლოდ მედალოსნებს, არამედ - უმედლოდ დარჩენილებსაც.

ტურნირის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გვესაუბრება, რომელმაც ამ რანგში
პირველად აჭიდავა გუნდი უცხოეთში.

- როგორ შეაფასებთ პარიზის ტურნირს, რითი ხართ კმაყოფილი ან უკმაყოფილო?
- შედეგებით და სტატისტიკიდან გამომდინარე, დადებითი მომენტები სჭარბობდა უარყოფითს. ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და გუნდის საერთო გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

ფიზიკურად და ტექნიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა იყო ტაქტიკური ხარვეზები, რაც გამოსწორებადია.

თუნდაც ჭრიკიშვილის ფინალი გავიხსენოთ - ვერ განეწყო საჭიდაოდ და მსაჯების პროვოკაციაზეც წამოეგო, რაც არ უნდა ემართებოდეს.

სპორტსმენმა არბიტრების რეაქციას ყურადღება არ უნდა მიაქციოს, არ უნდა ჩაერიოს მათ კომპეტენციაში და ის ხუთი წუთი თავისი საქმე უნდა აკეთოს.

მსაჯებთან და ახალ წესებთან დაკავშირებითაც იყო რამდენიმე ისეთი ნიუანსი, რაშიც, მგონი, საერთაშორისო ფედერაციაც ვერაა ბოლომდე გარკვეული.

- ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ახლა ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე - ბოლო წლებში. მათ თავიანთი ადრინდელი დონე დაგვანახეს. რის ხარჯზე გარდაიქმნენ ისინი - უკეთესი ფიზიკური მომზადების, ფსიქოლოგიის თუ სხვა ფაქტორის?
- გუნდში ისეთი სიტუაციაა, რომ სპორტსმენები ყოველგვარი ზედმეტი წნეხის, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან გათავისუფლდნენ. ყველას ეძლევა საშუალება, თავისი საქმე აკეთოს ბოლომდე, არ ჰქონდეს შეზღუდვა, გინდა თუ არა, ასე ვაკეთოთ, ან - ისეო.

რაც იციან, მათ ის უნდა გამოავლინონ, ოღონდ - წესების შესაბამისად და არც ქართული ტრადიციები დავივიწყოთ. მაგალითად, ქამრიდან რატომ არ უნდა ვიჭიდაოთ, როცა სხვები სწავლობენ ამას?

ჭრიკიშვილთან მიმართებაში მხოლოდ ის ერთი პრეტენზია მაქვს, წეღან რომ მოგახსენეთ ფინალზე, სხვა შეხვედრები კი ძლიერად ჩაატარა.

ისიც, ლიპარტელიანიც და მთელი გუნდი, მგონი, ყველამ დავინახეთ, რომ არ იღლებოდნენ, ბოლომდე ჭიდაობდნენ და უკეთესად გამოიყურებოდნენ.

ლიპარტელიანი ძალიან კარგად მიუდგა საწვრთნელ პროცესსაც, ტურნირსაც, უშეცდომოდ ჩაატარა შეჯიბრება და უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში დაიმსახურა ოქროს მედალი.

ფინალში კუბელი ეშლი გონსალესი ერთ-ერთი უძლიერესი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომელსაც ერთი შანსიც არ მისცა. ძალიან სასიხარულოა მისი ასეთი დამაჯერებელი გამოსვლა.

- დანარჩენების ასპარეზობას როგორ შეაფასებთ?
- პაპინაშვილმაც კარგად იჭიდავა, თუმცა უხერხულ მეტოქესთან, რუს ევროპის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვთან დამარცხდა.

თანაც - კარიერაში მეოთხედ და უკვე დავიწყეთ პერსონალური მუშაობა მასზე, მომავალში როგორ და რით შეიძლება აჯობოს ჩვენებურმა.

სხვა შეხვედრები კარგად ჩაატარა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაი გაანადგურა.

ბეთქილ შუკვანი ეტაპობრივად მიდის ძველი ფორმის დაბრუნებისკენ. მას წონა ჰქონდა ავარდნილი და დაკლების შემდეგ მაქსიმალური შედეგი ვერ გამოავლინა. ადამ ოქრუაშვილი კარგად იყო მომზადებული, მაგრამ შანსი არ მიეცა, მსაჯებმა არ აჭიდავეს - გაუგებარი მიზეზით გააფრთხილეს.

მერე კი აგვიხსნეს მიზეზი, მაგრამ მაინც არ მგონია სწორი, რადგან ახალ წესებთან მსაჯების შეუთავსებლობით იყო გამოწვეული.

მსაჯებმა ზებედა რეხვიაშვილიც ტყუილად გააფრთხილეს მონღოლ ცაგანბაატარ ხაშბაატართან, თორემ ცუდად არც მას უასპარეზია.

შეკრება რეხვიაშვილმა კარგად გაიარა, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორია გასათვალისწინებელი.

პარიზში გუნდს შეკრებაზეც გამოვუცხადე, რომ ყველა სპორტსმენი უნდა გამოდიოდეს არა ჭიდაობის, არამედ - შედეგისთვის.

ყველა უნდა ფიქრობდეს ჩემპიონობაზე და არა მოკლევადიან გათვლაზე, ხვალ იმ შეჯიბრებაზე თუ დამაყენებენ, ან ზეგ ევროპის პირველობაზე თუ მოვხვდებიო.

ათლეტი რაგინდ პერსპექტიულიც უნდა იყოს, ასეთი მიდგომის გარეშე ძალიან რთულია, იმისგან დიდი სპორტსმენი დადგეს. დისციპლინის მხრივ ყველაფერი კარგად იყო - ერთს არ დაუმსახურებია შენიშვნა, საყვედური, რაც ჯერ გუნდზე, მერე კი შედეგზეც აისახა.

ნუგზარ ტატალაშვილი თითქმის ყველა ასპექტში სჯობდა ჰოლანდიელ ხიიომ ელმონტს, მაგრამ მეტოქემ ტაქტიკურად აჯობა და ამის ხარჯზე მოუგო.

დავით ლორიაშვილმა დაამტკიცა, რომ თბილისის ტურნირზე ებრაელ ორ სასონთან მოგება წაართვეს. ახლა მას დამაჯერებლად აჯობა, თუმცა მერე დასანანი შეცდომა დაუშვა შვედ მარტინ პაჩეკთან.

ვფიქრობ, ჩვენებურს სატურნირო გამოცდილებაც აკლია და ტაქტიკურადაც მეტი მოეთხოვება. არადა, ფიზიკური ასპექტის გათვალისწინებით, პოტენციალი აქვს. იმედია, ახალ სტილზე კარგად გადაეწყობა...

66 კილოგრამში ტრისტან ფეიქრიშვილისა და თორნიკე თათარაშვილისგან დიდ შედეგს არ ველოდით.

ამ ეტაპზე ისინი უფრო გამოცდილების მისაღებად ჩავრთეთ ტურნირში. მძიმეწონოსანი გიორგი ზაქარიაძეც ახალგაზრდაა, იმაანაც გამოცდილება მიიღო, ახლა კი ახალგაზრდულ ნაკრებში გადაერთვება.

- შეიძლება ითქვას, რომ გუნდის მზადება სწორი გზით მიდის? ამ შეჯიბრებამ რაიმე კორექტივები ხომ არ გიკარნახათ?
- გუნდი როგორი გზით მიდის, ამ შედეგმა გვაჩვენა, თუმცა ჯერ დასკვნებს მაინც ნუ ვიჩქამრებთ - მთავარია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გამოვიდეთ კარგად.

ეს ტურნირები ხომ მათთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. გარკვეულ წონებში რაღაცას კი შევცვლით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ იქნება გამართლებული.

- მსაჯების შეცდომები ახსენეთ და თბილისის ტურნირზეც ჩანდა, რომ უჭირთ ახალ წესებთან შეგუება, თითქოს დაბნეულები ჩანდნენ ტატამზე.
- მსაჯები ფსიქოლოგიურად დათრგუნულები არიან, რადგან ახლა მარტო არიან ტატამზე და მარტოს უწევთ გადაწყვეტილებების მიღება.

არბიტრიც ადამიანია და შეიძლება შეცდეს. თან ძიუდო დინამიკური სპორტია და ზოგჯერ სამსაც კი უჭირდა ვითარების უსწრაფესად შეფასება, არათუ - ერთს. ყურსასმენით კომისრებთან კი აქვთ მუდმივი კონტაქტი, მაგრამ დატვირთვა მაინც დიდია.

რეხვიაშვილის შეხვედრაში რუს მარატ კოძოკოვთან კურიოზული ფაქტიც კი მოხდა, როცა თავიდან აჭიდავეს, მაგრამ ზებედამ მეორედაც დამაჯერებლად მოუგო. რამდენიმე არბიტრი, რომლებიც შაბათს შეცდნენ, კვირას არც ამსაჯეს.

- ძიუდოს ახალი წესებიდან ბევრი იწვევს უკმაყოფილებას, მაგრამ ყველაზე მეტად ის, შიდო რომ ქულად არ გარდაისახება. წესების ასეთ ცვლილებებზე ძიუდოისტთა განწყობა როგორია - მიესალმებიან მას?
- სხვათა შორის, ახალი წესებიდან ბევრს ფრანგებიც ვერ იგებდნენ. არადა, ჩვენი არ იყოს, ისინიც კარგად ერკვევიან ძიუდოს ნიუანსებში. თუმცა მაყურებელი კი არა, მსაჯებსაც ვერ გაუგიათ ბევრი რამე, ასე სწრაფად გადაწყობა მათთვისაც ძნელია.

შიდოსთან დაკავშირებით მართლაც ისეთი აზრია, რომ შემჩნევა ქულაში უნდა გადადიოდეს, თორემ რა გამოდის - დასაწყისში შეიძლება, ერთხელ დააგდოს და მერე მთელი შეხვედრა დროის გაყვანაზე იმუშაოს... უმრავლესობის აზრით, ძიუდო არ მიდის სწორი გზით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი უზნაძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - ლაშა ბრუნდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული