იოსებ ფალელაშვილი სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
ისრაელის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი იოსებ ფალელაშვილი (73 კგ) გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი. ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ 26 წლის ფალელაშვილმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და დეკემბრის მიწურულს ისრაელიდან საბოლოოდ წამოვიდა.

- 6 წლის ვიყავი, პაპამ, რომელიც ადრე თავადაც ჭიდაობდა, გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის ძიუდოს სექციაში ქართლოს პავლიაშვილთან რომ მიმიყვანა. მერე ვვარჯიშობდი ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაში. 2006 წლიდან კი ისრაელში გადავედი საცხოვრებლად და სავარჯიშოდ.

- საქართველოში რა წარმატებები გქონდა?
- ვიყავი ქვეყნის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. ფინალში უშუალო კონკურენტს დავით ასუმბანს ვძლიე, თუმცა მომდევნო შეჯიბრებაზე
თურქეთში უკვე მან მაჯობა და იმ წელს კონტინენტის ჩემპიონატზეც ის წავიდა. ცოტა ხანში კი გადავსახლდი ისრაელში.

- საქართველო შენს წონაში კონკურენციის გამო ხომ არ დატოვე?
- არა. მიმაჩნია, რომ კონკურენციას არ უნდა შეუშინდე. სამშობლო არასახარბიელო საცხოვრებელი პირობების გამო დავტოვე. ისრაელზე კი ოჯახთან ერთად არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ მეუღლის ბებია არის ებრაელი და იქ გადასვლა ყველაზე რეალური ჩანდა.

ისრაელში მალევე დავიმკვიდრე ნაკრებში ადგილი. ჯერ ახალგაზრდებს შორის გავხდი ქვეყნის ჩემპიონი, დიდებში - სამჯერ, ერთხელაც ვერცხლისპრიზიორი ვიყავი.

სხვათა შორის, ნაკრების დაკომპლექტებისას ადგილობრივი ჩემპიონატის შედეგებს იქ ნაკლებად ითვალისწინებენ. თუმცა არც საერთაშორისო არენაზე შემირცხვენია თავი.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომელი გამარჯვებები იყო?
- შარშან პრაღის მსოფლიო თასზე ტიტულოვანი მონღოლი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი ხაშბაატარ ცაგანბაატარი იპონით დავამარცხე. ევროპის ჩემპიონატზე ჩელიაბინსკში კი კონტინენტის ორგზის ჩემპიონს, პორტუგალიელ ჟოაო პინას მოვუგე.

- საკუთარი საჭიდაო სტილის შესახებ რას იტყვი?
- ტექნიკურ-ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად სათანადოდ მზად თუ არ არის სპორტსმენი, დიდ სპორტში ვერაფერს მიაღწევს. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვარ. დანარჩენი გულშემატკივრის შესაფასებელია.

- მიგაჩნია, რომ ისრაელში შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინე?
- რასაკვირველია არა, მაგრამ წამოსვლის გადაწყვეტილება მაინც მივიღე. ქართული გამოთქმაა - სხვისი ეზო შორიდან კარგად ჩანსო. არადა, სულაც არაა ასე. უცხოეთიდან გაცილებით უკეთ გავიგე სამშობლოს ფასი.

უცხო ქვეყანაში განსხვავებული კულტურის, რელიგიის, მენტალიტეტის ფონზე თავს მაინც შებოჭილად ვგრძნობდი. ნაკრებშიც არ მაკლდა ყურადღება, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს მარტო ვიყავი. ამიტომ ვარ დღეს აქ.

- ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას როგორ შეაფასებ?
- ბავშვობიდან მიზნად მქონდა დასახული, რომ ოლიმპიელი უნდა გავმხდარიყავი. იქ კი აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი. პროგრამა-მინიმუმი შევასრულე, თუმცა, სამწუხაროდ, მედალს ვერ შევწვდი.

პირველი შეხვედრა თურქ სეზერ ჰუისუზს მოვუგე, მერე კი იაპონელ რიკი ნაკაიასთან დავმარცხდი.

მოგეხსენებათ, ნაკაია საბოლოოდ ვერცხლისპრიზიორი გახდა - ფინალი დათმო რუს მანსურ ისაევთან, რომელიც ორიოდე თვით ადრე ევროპის ჩემპიონატზე მყავდა დამარცხებული.

- ტატამზე შეხვედრიხარ კედელაშვილს, რეხვიაშვილს, ავალიანს, ტატალაშვილს. როგორი შეგრძნებაა თანამემამულესთან პაექრობა?
- ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო სხვა ქვეყნის სახელით ჩემი სამშობლოს დროშის ქვეშ მოასპარეზე ფალავნებთან ჭიდაობა, მით უფრო, რომ ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია, მაგრამ პროფესიონალი სპორტსმენის მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში იბრძოლოს გამარჯვებისათვის.

- ახლა იძულებითი უქმობა რამდენ ხანს მოგიწევს?..
- ისრაელის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვქონდა, მაგრამ ახლა რომ არ დავბრუნებულიყავი, ფაქტობრივად, მომდევნო ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლი იქ უნდა გამელია.

ეს კი მიუღებელი იყო ჩემთვის. ისრაელის ფედერაციას, რასაკვირველია, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა. ამის გამო ჩემი იძულებითი უქმობა შეიძლება ორი წელიც გაგრძელდეს.

ჩამოსვლისთანავე გორის ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაში მწვრთნელობას შევუდექი. მომავალში კი ვნახოთ, როცა მომეცემა კარიერის გაგრძელების საშუალება და თუ მზად ვიქნები, ალბათ დავუბრუნდები კიდეც ასპარეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული