მირალიევს გული ტატამისკენ მიუწევს

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში, აზერბაიჯანელი მოვლუდ მირალიევი (100) ძიუდოს უბრუნდება. პეკინის ოლიმპიადაზე მან თავის ბოლო დიდ წარმატებას მიაღწია - მედალი მოიპოვა, თუმცა მის კარიერაში დაღმასვლაც აქედან დაიწყო - გამუდმებული ტრავმების პერიოდი დაუდგა. მაგრამ განა მარტო მას - ის დრო აზერბაიჯანის ნაკრებისთვისაც `შავ დროებად~ იქცა, რადგან გუნდის თავკაც აგიარ ახუნდზადეს ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალნენ ხელიდან მირალიევი, ოლიმპიური ჩემპიონი ელნურ მამადლი (73) და 66 კილოგრამის ლიდერი რამილ გასიმოვი. ეს ყველაფერი შარშან, როტერდამში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მოხდა და იქ ამ გუნდმა
ლამის ახალგაზრდული შემადგენლობით იჭიდავა. ყოველ შემთხვევაში, მირალიევი სწორედ ახალგაზრდული ნაკრების მომავალმა ტრიუმფატორმა ელმარ გასიმოვმა შეცვალა. გასიმოვს ჰოლანდიაში ცუდად არ უჭიდავია - მეოთხედფინალში ერთ-ერთი ფავორიტი, იმ ტურნირის მომავალი ბრინჯაოს პრიზიორი, იაპონელი ტაკამასა ანაი დაამარცხა (რომელიც უკვე სულაც მსოფლიოს ჩემპიონია) და ნახევარფინალში გავიდა. აი, ამის შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ წააგო - ჯერ მომავალ ჩემპიონთან, ყაზახ მაქსიმ რაკოვთან, მერე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში - ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და მეხუთეზე დარჩა. ამის მიუხედავად, სამშობლოში ეს შედეგი ახალგაზრდა მოჭიდავეს წარმატებად შეუფასეს და, კაცმა რომ თქვას, ასეც იყო - იმ უიღბლობის და უიმედობის ფონზე გასიმოვმა იმედი ჩაუსახა იქაურებს, თუმცა მისი დრო არა როტერდამში, არამედ სულ რაღაც ერთ თვეში... ერევანში დადგა. მოგეხსენებათ, მაშინ სომხეთის დედაქალაქმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, მასში აზერბაიჯანელთა მონაწილეობა კი ლამის დაუსრულებელ საგად იქცა. ამაზე `ლელო~ დაწვრილებით წერდა და ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მოკლედ გეტყვით, რომ გასიმოვმა ფინალი სულ რაღაც 24 წამში მოიგო ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან და სამშობლოში გმირად იქცა - ერევანში მშობლიური ქვეყნის ჰიმნიც ააჟღერა და დროშაც ააფრიალა! ასეთი პატივი აზერბაიჯანელთაგან მხოლოდ მას ხვდა წილად - მისმა ხუთივე თანამემამულემ მედალი კი მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონი მხოლოდ ის გახდა, ხოლო საკუთარ სახლში აზერბაიჯანის სახელმწიფო ატრიბუტიკის მოსმენა და ხილვა სომხებისთვის რასაც ნიშნავდა, იოლად წარმოიდგენთ. ამ ამბებისთვის რომ არ ეყურებინათ, მასპინძლებმა სასწრაფოდ დატოვეს დარბაზი.

სამაგიეროდ, გასიმოვს გმირივით დახვდნენ ბაქოში - ერევნიდან დაბრუნებულ გუნდს სამხედრო ორკესტრი და აუარება მაყურებელი შეეგება, თავად სპორტსმენი მშობლებთან ერთად თავის რეზიდენციაში ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და მისივე ბრძანებით, გასიმოვი, სხვა ჯილდოების გარდა, დამატებით გულუხვადაც დაასაჩუქრეს.

ამ ყველაფერს მირალიევი შორიდან უყურებდა, თან მკურნალობდა და სპორტში დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ ტრავმამ არ იქნა და არ დაანება თავი. ჰოდა, 26 წლის სპორტსმენმაც სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა! შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება გასიმოვის ფაქტორმაც დააჩქარა - მაშინ ის ყველას შეუჩერებელი ეგონა და მისგან უახლოეს წლებშივე უდიდესი შედეგების მიღწევას ელოდნენ, მაგრამ საწინააღდეგო მოხდა. ვარსკვლავური ავადმყოფობა შეეყარა თუ რა იყო, გასიმოვი ფსკერისკენ დაეშვა და ჯერაც ვერ ამოსულა იქიდან! მას შემდეგ ერევნის გმირს არაფერი მოუგია, თუმცა ოქროს ვინ დაეძებს, ვერცხლ-ბრინჯაოც სანატრელი გაუხდა და აქა-იქ თუ შესწვდება მათ. არ გამოვრიცხავთ, მირალიევის ახლანდელ გადაწყვეტილებაზე გავლენა ამ ჩავარდნამაც იქონია - შესაძლოა, მირალიევმა ირწმუნა, რომ ნაკრებში ადგილის დაბრუნება შეუძლია. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ის 23-24 ნოემბერს აბუ-დაბის `დიდ პრიზზე~ გეგმავს გამოსვლას.

ტრავმამდე მირალიევი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იქნებ არა იმდენად უპირველესი, როგორც ანაი, ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი და კიდევ რამდენიმე ფალავანი, მაგრამ მაინც ლიდერი. მეტ-ნაკლებად ამართლებდა კიდევც ამ სტატუსს, მაგრამ რა იქნება დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია. თუმცა, შესაძლოა, არც იმდენად ძნელი - მას ხომ 2008 წლის შემდეგ არსად უჭიდავია. დაახლოებით ერთი წელიწადიც ადაპტაციას დასჭირდება, ამასობაში ასაკიც მოემატება და... არადა, მირალიევი არაა ზურაბ და ჯარჯი ზვიადაურებივით ნიჭიერი, თვითნაბადი ტალანტი, ამხელა ჩავარდნა იოლად დასძლიოს.

ის საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო ქართველებისთვის. განსაკუთრებით - თავისი კარიერის ბოლო წლებში. მისი ბოლო შეხვედრა ჩვენებურებთან პეკინის ოლიმპიადაზე შედგა, სადაც ლომერ ჟორჟოლიანს მოუგო, ქართველებთან მეტოქეობა კი სათავეს შორეული 1998 წლიდან იღებს. მაშინ ის 90 კილოგრამში გამოდიოდა და მოსკოვის იმჟამინდელ მსოფლიოს თასზე გია გუგავასთან დამარცხდა. იმავე სეზონში თბილისის ტურნირზე დავით ზუბიტაშვილთანაც წააგო. ამის შემდეგ 100-ში გადანაცვლებამდე ჩვენებურებს არ შეხვედრია, ქართველებიდან ყველაზე ბევრი ორთაბრძოლა გიორგი ყიზილაშვილთან გამართა - ოთხი, რომელთაგანაც სამი მოიგო. გუგავა მას სამჯერ ეჭიდავა და ორი მოუგო, ივერი ჯიქურაულმა კი ორი შეხვედრიდან ორივეჯერ დაამარცხა. მირალიევთან დადებითი ბალანსი აქვთ ნოდარ მეტრეველს და ლევან რაზმაძეს (ეს აბსოლუტურში ეჭიდავა) - ერთი შეხვედრა და მოგება, ადამ ოქრუაშვილი კი ასევე ერთხელ შეხვდა აბსოლუტურში და წააგო.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული