ოქროთი დაწყებულ-დასრულებული ვარშავის ტურნირი [VIDEO]

AutoSharing Option
2 ოქრო, 1 ვერცხლი და გუნდური პირველი ადგილი - ასეთია ჩვენი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ვარშავის "ევროპის ღია თასზე". ამჯერად ჩემპიონები ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან წიკლაური (81) გახდნენ, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მეორეზე გავიდა.

როგორც ვხედავთ, ქართული ფინალი აქაც გაიმართა - 73-ში. ანალოგიური ერთი კვირის წინათაც ვიხილეთ დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე", ოღონდ - 81-ში, როცა ფინალში იგივე წიკლაური ავთანდილ ჭრიკიშვილთან დამარცხდა.

წიკლაურის მეორე ფინალიც აღსანიშნავი ფაქტია, უფრო კი - მისი ჭიდაობის საკმაოდ მაღალი ხარისხი.

ეს ტურნირი სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდებოდა გერმანიისას
- 37 გუნდი კი გამოდიოდა, მაგრამ ნაკლებად იყვნენ ვარსკვლავები, ხოლო იაპონიისა და სამხრეთ კორეის გუნდები საერთოდ არ ჩასულან პოლონეთში. ამის მიუხედავად, ასე ზედიზედ მიწყობილი ქართული ფინალები ან თუნდაც იმავე წიკლაურის მიღწევები მაინც სასიამოვნო ფაქტია.

გერმანიისგან განსხვავებით, თანაგუნდელთა ახლანდელი საფინალო შეხვედრა თვალსასეირო სანახავი არ გამოდგა. გამარჯვებულის ბედი გაფრთხილებებით გადაწყდა - რეხვიაშვილმა სამი შიდო მიიღო, ტატალაშვილმა - ორი და ოქროს მედალიც დაისაკუთრა. მის ჭიდაობაშიც იგრძნობოდა პროგრესი, რასაც, იმედია, კიდევ გააგრძელებს.

ტატალაშვილმა ხუთი ორთაბრძოლიდან სამში იპონით იმარჯვა - ირლანდიელ ლოიდ მანინგთან, პოლონელ დამიან სზვარნოვიცკისთან დ გერმანელ სოშინ კაცუმისთან, რუს დენის იარცევს კი გაფრთხილებით მოუგო.

რეხვიაშვილმა პირველ წრეში გერმანელი შტეფან ფრიდრიხი ვაზარით დაამარცხა, ესპანელი ევროპის ჩემპიონი კიოში უემაცუ - იუკოთი, ხოლო უკრაინელ სერგეი დრებოტსა და ბრიტანელ იან გოსიევსკის გაფრთხილებებით გასცდა.

Sportall.Geწიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიჰყვა და იპონებით გავიდა ფინალში - სერბი ალექსეი ნეფედოვი ორ წუთზე ცოტა მეტ დროში დააიპონა; ესტონელმა ევგენი სალეევმა იუკო კი აართვა, მაგრამ 3 წუთზე მეტი ვერ გაუძლო; თითქმის ოთხ წუთამდე გაუძალიანდა ფრანგი კვენტინ ჟუბერი; ნახევარფინალში კი რუს მაქსიმ ბუგასთან მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა მშვენივრად შეეკრა და მეტად ლაზათიანი ბრუნით წმინდად დაახეთქა ტატამზე.

ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იყო, რომელმაც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - წიკლაურმა ვაზარ-იუკოთი მოიგო.

VideoSportall.Ge
ლევან წიკლაურმა ვარშავის ტურნირი მოიგო


სამწუხაროდ, ამ ტურნირზე დამაიმედებელს მეტს ვერაფერს დავწერთ. გერმანული ტურნირის მსგავსად, აშკარად იგრძნობოდა ლიდერებსა და სათადარიგოებს შორის დამაფიქრებელი სხვაობა - რამდენადაც საგრძნობია პირველთა წინსვლა, იმდენად ჩამორჩებიან სამარქაფოები.

პოლონეთშიც შანსი, ძირითადად, ამათ მისცეს, თუმცა შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა.

ვარშავაში თუ ვინმემ რამე აღსანიშნავი გააკეთა, ისევ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა. ამ სამი მედალოსნის გარდა, ჩვენგან კიდევ 8 ჭიდაობდა, მაგრამ ისე წააგეს, დამამშვიდებელში მხოლოდ ერთი გადავიდა - შალვა ქარდავა (66).

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მესამე იყო. ამჯერად პირველ შეხვედრაში ავსტრიელი ალექსანდერ ვაიხინგერი გვარიანად დაჯაბნა - იუკოც აართვა, კიდეც გააფრთხილებინა და ბოლოს იპონზეც დასცა.

ჰოლანდიელ იესპერ დე იონგს გაფრთხილებებით მოუგო, მეოთხედფინალში კი ფრანგ კილიან ლე ბლუშთან იპონზე დაეცა. სანუგეშოში პირველივე შეხვედრაში წმინდად წააგო პორტუგალიელ სერგეი ოლეინიჩთან.

ჩვენი დანარჩენი მონაწილეებიდან ხვიჩა ხუციშვილი (81), ლაშა ტაველური (90) და დავით ლორიაშვილი (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ, ვაჟა მარგველაშვილმა (60), პაატა მერებაშვილმა (60), პაატა ღვინიაშვილმა (81) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს, ბექა ღვინიაშვილმა (90) - ორი.

თანაც, უმეტესობამ უსახელო მეტოქესთან წააგო. ამას ვერ ვიტყვით მხოლოდ მარგველაშვილზე, რომელმაც ბრაზილიელ დიეგო სანტოსთან დათმო პაექრობა, და პაპინაშვილზე - ის მომავალ ჩემპიონთან, ყაზახ იელდოშ სმეტოვთან დამარცხდა, ვინც თბილისის წლევანდელ ტურნირზე იმავე მარგველაშვილსა და ამირან პაპინაშვილს მოუგო.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ბექა ღვინიაშვილი, როგორც ტალანტი. სამწუხაროდ, მან იმედები ვერ გაგვიმართლა.

თავიდან უკრაინელ ანდრეი სპირიდონოვს იპონით მოუგო, უნგრელ კრისტიან ტოტთან კი გამარჯვება მეტოქის ტრავმამ მოუტანა, როცა ორივეს თითო გაფრთხილება ჰქონდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე დასამახსოვრებელი ბექას საქციელი იყო, როცა მეტოქეს წამოდგომაში და ტატამიდან გასვლაში მიეხმარა, რითაც დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა; მესამე წრეში კი ფრანგ ლუდოვიკ გობერთან წააგო და ტურნირიდანაც გამოვარდა.

იქნებ ამ პაექრობის არბიტრს ცოტა შევედავოთ კიდეც, რომ მეტოქე დაინდო და არ გააფრთხილა, მაგრამ ჩვენებურსაც მეტი მართებდა.

სხვა ჩვენებურებიდან ასევე ყურადღებას იქცევდა ჟორჟოლიანის დაბრუნების მცდელობა, მაგრამ მან თავი მხოლოდ ლიტველ კაროლის ბაუზასთან მოგებით დაგვამახსოვრა, რასაც მონღოლ ენკბატ ერდენებილეგთან წაგება მიაყოლა.

კვარცხლბეკი
60 კგ. 1. იელდოშ სმეტოვი; 2. აიბეკ იმაშევი; 3. რუსტამ იბრაიევი (სამივე - ყაზახეთი), ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი (მონღოლეთი).
66 კგ. 1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა); 2. იაკუბ შამილოვი (რუსეთი); 3. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი), კილიან ლე ბლუში (საფრანგეთი).
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი; 2. ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - საქართველო); 3. იან გოსიევსკი (ბრიტანეთი), სოშინ კაცუმი (გერმანია).
81 კგ. 1. ლევან წიკლაური (საქართველო); 2. კონსტანტინ ოვჩინიკოვსი (ლატვია); 3. მაქსიმ ბუგა (რუსეთი), კვენტინ ჟუბერტი (საფრანგეთი).
90 კგ. 1. მარკ ოდენტალი (გერმანია); 2. ლუდოვიკ გობერტი (საფრანგეთი); 3. ცოგტგერელ ხუტაგი (მონღოლეთი), მილან რანდლი (სლოვაკეთი).
100 კგ. 1. ორ სასონი (ისრაელი); 2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია); 3. დავიდ ალარზა (ესპანეთი), კლემენტ დელვერტი (საფრანგეთი).
+100 კგ. 1. სერგეი პროხინი; 2. რენატ საიდოვი (ორივე - რუსეთი); 3. იუჰან მეტისი (ესტონეთი), ალესიო მასკეტი (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
...გენაცვალეთ ჯიგარში...
ალიკა
13:22 04-03-2013
0

სიახლეები პოპულარული