ახლებური სტილის მოჭიდავე - ჭრიკიშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები გუშინ, გამთენიისას დაბრუნდა მაროკოდან, სადაც წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატში - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ჩემპიონი გახდა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) კი ბრინჯაო მოიპოვა. გუშინვე სპორტსმენებს ფედერაციაში ესტუმრა და წარმატება მიულოცა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა. მინისტრი ფედერაციას 40 წუთის დაგვიანებით ესტუმრა სტუმართან, სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე არსენ კარამიანთან ერთად. მასპინძლებმა სტუმარს ძიუდოს აკადემიის შენობა დაათვალიერებინეს, მერე კი ვარძელაშვილმა სპორტსმენებს მიმართა: "ვულოცავ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ამ დიდ წარმატებას, მისასალმებელია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ
მათ მსოფლიოზეც ასეთი წარმატებით იჭიდავეს. სასიხარულოა ისიც, რომ ძიუდოში ასეთი კარგი ახალი თაობა მოდის. სახელმწიფო ბოლომდე დაგიჭერთ მხარს მაღალი შედეგების ჩვენებაში, დანარჩენი კი თქვენი საქმეა. ნოემბრის ბოლოს შეუფერხებლად მიიღებთ იმ პრემიას, რაც სახელმწიფოსგან გეკუთვნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის დაწესებულია 15 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში. ესაა ხელისუფლების მხრიდან ის მცირედი დახმარება, რაც თქვენი წარმატებისთვის მოიპოვეთ, ხოლო თუ ოლიმპიურ ჩემპიონობასაც მოიპოვებთ, მაშინ მილიონერები გახდებით".

ცხადია, მინისტრის, მისი თანმხლები პირებისა თუ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში ავთანდილ ჭრიკიშვილი მოექცა, რომელმაც წლეულს დუბლი შეასრულა - ერთი თვის წინ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონიც გახდა. როგორც იქ, ისე აქაც, მან ძალზე დამაჯერებლად, საუცხოოდ იჭიდავა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აშკარაა - მისი სახით ამ წონაში ძალიან ძლიერი მოჭიდავე გამოგვიჩნდა. მსოფლიოს პირველობაზე თავისი გამოსვლა ჭრიკიშვილმა ასე შეაფასა:

- ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება იოლი არ ყოფილა. კი გამიჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე. ყველაზე ძნელი მაინც ფინალური შეხვედრა იყო იაპონელ იუიჩი კიტანოსთან, ცოტა დავიღალე და გამიჭირდა, მაგრამ საქმე მაინც მივიყვანე გამარჯვებამდე. ნახევარფინალი შედარებით იოლად მოვიგე ასევე იაპონელ იუნი ტოიოდასთან.

- უკრაინელ დენის გრიგორენკოს და სლოვენიელ გასპერ იერმანს გაფრთხილებებით მოუგეთ. რატომ გაგიჭირდათ მათთან ილეთის გაკეთება - ნუთუ ასე ძლიერები არიან?
- უკრაინელი ძლიერი ნამდვილად არაა, მაგრამ არც მე ვრისკავდი - პირველი გაფრთხილების მერე ვგრძნობდი, გაფრთხილებებითაც მოვუგებდი. ვგრძნობდი, მისი ილეთზე დაგდება არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ისეც დავამარცხებდი და რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამას როგორ გავაკეთებდი? მთავარი ხომ მოგებაა. იგივეს ვიტყოდი სლოვენიელთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე გაფრთხილებებით ვაჯობე.

- ევროპის ჩემპიონატზე ისე ღირსეულად გამარჯვების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ მეტოქეები განსაკუთრებულად მოემზადებოდნენ თქვენთან საჭიდაოდ, მაგრამ ფაქტია - ახალი ვერაფერი დაგიპირისპირეს.
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამ ტურნირზეც მოსაგებად წავედი - იმ გამარჯვებამ რწმენა შემმატა. თან უკეთაც მოვემზადე - ევროპაზე შემჩნეული ხარვეზები გამოვასწორეთ და რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. ამ სეზონისთვის მთელი წელიწადი ვემზადებოდით და მჯეროდა, წარმატებას მივაღწევდი. ცხადია, დუბლზეც ვფიქრობდი, მაგრამ როცა ეს რეალურად ხდება, სულ სხვა შეგრძნებაა.

- ზედიზედ ორ იაპონელთან ჭიდაობა სახუმარო საქმე არაა. საინტერესოა, ამ ფაქტორს როგორ შეხვდით? საბრძოლო განწყობის შენარჩუნება იოლი არ იქნებოდა.
- საერთოდ, ყველა შეხვედრაში მოსაგებად შემართული გავდიოდი, იაპონელების ფაქტორი კი დამატებითი სტიმული აღმოჩნდა.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით?
- ეს ბევრად უფრო რთული ტურნირი იქნება. ძირითადი კონკურენტები შარშანდელი პრიზიორები იქნებიან და ყველასთან საჭიდაოა.

- ფიზიკურად ხომ არ გადაიღალეთ, რამდენად კარგად გრძნობთ თავს? რაც უნდა იყოს, ორ თვეში ორი ამხელა ტურნირი იჭიდავეთ, სულ რაღაც ერთ თვეში კი მესამე დიდი შეჯიბრებაა.
- რამდენიმე დღე კარგად დავისვენებ და მერე დავიწყებ მზადებას საქართველოს ჩემპიონატისთვის.

შეგირდთან საუბრის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების ახალდანიშნულ თავკაც გიორგი გუგავას გავესაუბრეთ, რომლისთვისაც ეს პირველი შეჯიბრება იყო ახალ რანგში.

- საინტერესოა, მაროკოში წასვლამდე რამდენ მედალს გეგმავდით და ვისგან ელოდით წარმატებას?
- წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი განსხვავებული და უფრო ძლიერი იყო, რადგან წონაში ორ-ორი კაცი ჭიდაობდა. ამის მიუხედავად, ოთხ მედალს მაინც ვგეგმავდით - გუნდში ხომ ევროპის ახალი ჩემპიონები გვყავდა. მედლებს სწორედ 55- კილოგრამში ამ ტიტულის მფლობელ ოთარ კაიდარაშვილზე, 66-ში ლაშა შავდათუაშვილზე, 73-ში რეხვიაშვილსა და ლაშა ზურაბიანზე ვგეგმავდით. ჭრიკიშვილი თავისთავად ფავორიტი იყო და გაგვიმართლა კიდეც იმედები. 90-შიც მედალს ველოდით და იქ არჩილ შინჯიკაშვილმა, პრაქტიკულად, თვითონ დაკარგა ჯილდო.

- გუნდი მომზადებული იყო - უმედლოდ დარჩენილებმაც საკმაოდ კარგად იჭიდავეს. თქვენი აზრით, უფრო მეტი მედალი რატომ ვერ მოიპოვეს?
- ამას მოუმზადებლობას მართლაც ვერ დავაბრალებ - იმ ორი მედალოსნის გარდა, ორი მეხუთე ადგილზე გავიდა, ორიც - მეშვიდეზე. უმედლობას ძირითადად გამოუცდელობას ვაბრალებ. ტურნირზე ჩვენების გამოსვლას თუ გადავხედავთ, ბოლო დღის გარდა, თითქმის ყველამ აზიელებთან წააგო. ევროპელებს უფრო იცნობდნენ, რადგან მათთან ორი შეჯიბრება იჭიდავეს, აზიელები კი შედარებით უცნობები იყვნენ და მათთან გაგვიჭირდა. სამომავლო კალენდარის დაგეგმვაში ეს უნდა გავითვალისწინოთ - ისეთი ტურნირებიც უნდა ვაჭიდაოთ, სადაც აზიელებიც ბლომად იქნებიან. მიმაჩნია, რომ ჩვენებს მსოფლიოს ჩემპიონატის ავტორიტეტის განცდა ჰქონდათ და ამიტომ წააგეს - იაპონელების, კორეელების დანახვამ იმოქმედა მათზე. ალბათ, ევროპაზე მოპოვებული წარმატებაც დამატებით ტვირთად დააწვათ - იცოდნენ, მათგან ახლაც მედლებს ველოდით და, როგორც იტყვიან, გადაიწვნენ. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის პირველობაზე ბევრად ძლიერი ტურნირია და იქ კონკურენციაც შეუდარებლად მაღალია. სხვას რომ თავი დავანებოთ, იქ წონაში ქვეყნიდან ორ-ორი კაცი ჭიდაობს. აბა, როგორია, ორი იაპონელი, ორი კორეელი, ორი მონგოლი, ყაზახი, უზბეკი, რომლებიც ძალიან კარგად ჭიდაობენ. მართლა ჭრიკიშვილი უნდა იყო, ასეთ კონკურენციაში რომ მოიგო.

- ჭრიკიშვილის წარმატება და იაპონელთა ზედიზედ დამარცხებაც ამიტომაა უფრო გამორჩეული.
-ჭრიკიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა ნახევარფინალში მოიგო - ტოიოდასთან, რომელიც ჩვენებურის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო წონაში. ამ შეხვედრის შემდეგ იაპონელთა მთელი გუნდი - 15-კაციანი შემადგენლობა დაახლოებით 20 წუთი იჯდა და ბჭობდა, რა დავალება მიეცათ ფინალში კიტანოსთვის. მათ თათბირს შორიახლოდან ვადევნებდი თვალს - მაინტერესებდა, რა მონახაზს შეიმუშავებდნენ, მეც რომ გამეთვალისწინებინა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს. ჭრიკიშვილი ამოუცნობი მოჭიდავეა - ერთ მხარეს რომ აუღებენ ჩავლებას, მეორე მხრიდან ჭიდაობს. ორივე მხარეს შეუძლია ილეთების გაკეთება და მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თან ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული და ფსიქოლოგიურადაც - ძალიან წყნარია, მშვიდი. კვარცხლბეკზე ისე მშვიდად იდგა, თითქოს საპასპორტე სურათს იღებდა. ამ დროს ბევრი ემოციას სხვადასხვანაირად გამოხატავს, ამას კი ნერვი არ შეტოკებია. საერთოდ, მტკიცე ნერვული სისტემით გამოირჩევა. თან ახლებური სტილის მოჭიდავეა, რომელიც დიდ შედეგებს მიაღწევს - ეს წარმატება მისთვის მხოლოდ დასაწყისია. მითითებაც არ სჭირდება, ისეთი მოჭიდავეა - რა უნდა უთხრა, როცა ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს. მისი ასპარეზობისას შემიძლია, მშვიდად დავჯდე და ვუყურო შეხვედრას, იმდენად კარგად გრძნობს ილეთს, ტატამს, საშეჯიბრო ატმოსფეროს.

- საინტერესოა, იაპონელთა რეაქცია როგორი იყო, მოვიდნენ თქვენთან მათი მწვრთნელები?
- არა, ჩემთან არავინ მოსულა, მაგრამ ის ფალავნები, სადაც კი შეხვდებოდნენ ჭრიკიშვილს, მოწიწების ნიშნად თავს უკრავდნენ და ასე გამოხატავდნენ მისდამი პატივისცემას, ასე აღიარებდნენ მის სიძლიერეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული