მძიმე დარტყმა ყველაზე მტკივნეულ ადგილას

AutoSharing Option
სამწუხაროდ, კარს მომდგარი მსოფლიოს გუნდური პირველობის წინ ჩვენი ნაკრების თავკაც სოსო ლიპარტელიანს გუნდში იძულებითი ცვლილებების გაკეთება უწევს. თანაც, ყველაზე მტკივნეულ, 66-კილოგრამში - სამშაბათს ვარჯიშზე მყესი დაიზიანა ამირან პაპინაშვილმა და ანთალიაში მისი წასვლა გამოირიცხა. აღნიშნული ტურნირი ისედაც 5 წონაში ტარდება, სეკვესტრში კი 60 და 100 კილოგრამები მოხვდნენ. ლიპარტელიანს 66-ში ხეირიანი კადრი არც მოეძევება და იძულებული იყო, იქ 60-ის მოჭიდავე პაპინაშვილი დაეყენებინა, ახლა კი ისიც დაემტვრა და მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. არადა, პაპინაშვილმა ახლახანს დამაჯერებლად მოიგო როტერდამის `დიდი პრიზი~ და ჩინებულ ფორმაში
იყო, ახლა კი მის ნაცვლად დავით ასუმბანი იჭიდავებს, ესეც 60-ის ფალავანი.

გუშინწინდელმა საღამომ გუნდში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა - ვარჯიშისას ლევან წიკლაურმა (81) თავი დაარტყა და ჯერჯერობით შეუძლოდაა. თუმცა ეს დანაკლისი არაფერია წინასთან შედარებით, რადგან ამ წონაში მწვრთნელს ლიდერის სრულფასოვანი შემცვლელები მოეზებნება - ხვიჩა ხუციშვილი ისედაც ჰყავდა გუნდში, წიკლაურის ნაცვლად კი ახალგაზრდული ნაკრების ტრიუმფატორი ავთანდილ ჭრიკიშვილი მიჰყავს, რომელმაც სექტემბერში თანატოლებში ევროპის პირველობა მოიგო, შაბათს კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ჯერჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, რამდენად სერიოზულია ან ერთის, ან - მეორის ტრავმები, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, იმდენად საშიში არ უნდა იყოს, 20-21 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში ვერ იჭიდაონ.

ჭრიკიშვილის შემადგენლობაში დაყენება ცოტა კი გაგვიკვირდა - ორ თვეში ორი უმაღლესი დონის ტურნირი იჭიდავა და ასე წარმატებით, ერთ თვეში კი მესამე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა - საქართველოს პირველობა. ის ნაკრებთან ერთად სამშაბათს დაბრუნდა მაროკოდან, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან და ქვეყნის პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად რამდენიმე დღით დასვენებას აპირებდა. ეს ტურნირი არ შედიოდა მის გეგმებში და გაჩნდა კითხვა - ხომ არ გადაღლის მას ამდენი შეჯიბრება? თუმცა როგორც გაირკვა, ლიპარტელიანი ანთალიაში ახალგაზრდა შეგირდის დატვირთვას არ აპირებს და უფრო გამოცდილების მისაღებად მიჰყავს. `ანთალიაში ძირითადად ხუციშვილი იჭიდავებს, ჭრიკიშვილი კი ერთ შეხვედრას თუ ჩაატარებს. გადახედავ მეტოქეთა შემადგენლობას, ვის დააყენებენ ამ წონაში და იმის მიხედვით გადავწყვიტავ, რომელ შეხვედრაში გავიყვანო. მისი წაყვანა უფრო იმიტომ მინდა, რომ შეეჩვიოს გუნდს, უფროსთა შეჯიბრებებს, თავისი თვალით ნახოს იქაური ატმოსფერო~ - გვითხრა მწვრთნელმა.

ამდენად, ამ გადაადგილებების შემდეგ ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია: დავით ასუმბანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ხვიჩა ხუციშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გუჯეჯიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+90). ნაკრები ხვალ საღამოს გაემგზავრება ანთალიაში, ტურნირი კი 31 ოქტომბერს იმართება. ჯერჯერობით ისევ უცნობია მეტოქეთა ვინაობა. ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ჩემპიონატში გამოსვლის უფლება ეგვიპტემ, კორეამ, იაპონიამ, მონღოლეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ მოიპოვეს, რომლებსაც მასპინძელი თურქეთიც დაემატა, სათადარიგოებად კი ალჟირი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ბრაზილია იყვნენ დასახელებულნი, ხოლო საქართველო საერთოდ არ იყო სიაში. ამის მიუხედავად, ჩვენი ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის დიდი მცდელობით, ტურნირში დაგვიშვეს, ოღონდ ვის ნაცვლად, ან რომელ ჯგუფში მოვხვდებით, ამ ამბების მოძიება დღემდე შეუძლებელია.

ირაკლი თავაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული