60 კილოგრამში გიორგი ბროლაშვილი პირველივე წრეში საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, მონღოლ ამარტუვშინ დაშდაავას ხვდება, პაატა მერებაშვილი - უკრაინელ დენის ბილიჩენკოს. დაშდაავა ჯერჯერობით უტიტულოა, მაგრამ არაა ურიგო მოჭიდავე. თან ბროლაშვილიც გამოუცდელია, მერებაშვილი კი ძლიერ ჯგუფშია - უკრაინელთან წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე წრეში ძლიერი ებრაელი არტიომ არშანსკი შეხვდეს. მის სიახლოვესაა ჩვენი
66-ში შალვა ქარდავა ებრაელ გოლან პოლაცკისთან დაწყვილდა, მეოთხედფინალის გზაზე კი ტიტულოვანთაგან ქვედა წონიდან ამონაცვლებული იტალიელი მსოფლიოს პრიზიორი ელიო ვერდე და ახალგაზრდებში სახელდაგდებული რუსი კამალ ხან-მაგომედოვი ელოდებიან. თორნიკე თათარაშვილი კიდევ უფრო მძიმე ბადეშია - თავიდან სომეხი ევროპის ჩემპიონი არმენ ნაზარიანი, მას თუ გასცდება და აზერნბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალიზადე!
ზებედა რეხვიაშვილს (73) წილისყრამ პირველივე ეტაპზე მეტოქედ უნგრელი ატილა უნგვარი არგუნა, არსენ მაჭარაშვილს - სლოვენიელი იგორ პოტპარაცი. 81 კილოგრამში ორი მონაწილე გვყავს და პირველ წრეში ორივე თავისუფალია, მეორეში კი ლაშა ზურაბიანი თურქ აჰმეტ სარის ხვდება, იოსებ ჩილინდრიშვილი - იტალიელ მასიმილიანო კაროლოს. 90-ში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მხოლოდ ზვიად გოგოჭური წაიყვანა და ისიც მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, ოღონდ მისი მეტოქე ჯერ არაა ცნობილი, ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხილიიომ ელმონტისა და ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ აკერის პაექრობაში გაირკვევა. ბადის ამავე ნაწილშია თბილისის ტურნირის წლევანდელი აზერბაიჯანელი გამარჯვებული შეხმან მაგომედოვიც.
ჩვენს ნაკრებში ყველაზე პრობლემური 100 კილოგრამია, სადაც ლიდერიც კი არაა გამოვლენილი. ამიტომ უზნაძე იქ ორივე კანდიდატს ცდის - დავით ლორიაშვილი თავიდან ძლიერ უკრაინელ არტემ ბლოშენკოს ხვდება, ლომერ ჟორჟოლიანი კი პირველ წრეში თავისუფალია. მის პირველ მოწინააღმდეგეს თურქი ერდალ ბაგაჩისა და უკრაინელ დმიტრო ლუჩინის პაექრობა გამოავლენს.
ჟორჟოლიანის მხარეს ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში, ვისთანაც 2011 წელს მსოფლიოს პირველობაზე წააგო, მაგრამ ლორიაშვილი ბევრად ცუდ ბადეშია - ჩეხი მსოფლიოს პრიზიორი ლუკაშ კრპალეკი (ამას მეორე წრეში შეხვდება, უკრაინელს თუ მოუგებს), აზერბაიჯანელი ევროპის პრიზიორი ელმარ გასიმოვი, ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი, ორ-ორგზის მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ხენკ ხროლი...
მძიმე წონაშიც ერთი კაცი გვყავს - ონისე ბუღაძე, რომელიც საწყის ეტაპზე უზბეკ ელიორ მაშარიპოვს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონი იჰარ მაკარაუ ელოდება.
ირინა ლეონიძე პირველ წრეში თავისუფალია, პირველ ორთაბრძოლას კი თურქ კუბრა კარას და რუს ანაიდ მხითარიანს შორის გამარჯვებულთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის შედეგებით საბოლოოდ დაკომპლექტდება აპრილის ბოლოს ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე წამსვლელი გუნდი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ამ ფალავანთა ნაწილი გერმანიაში გადავა ერთობლივ შეკრებაზე, სადაც მათ თბილისიდანაც შეუერთდებიან ლიდერები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"