ვითომ გაირკვა?

AutoSharing Option
კვლავაც ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გვიწევს წერა, რადგან მონაწილე გუნდების დაზუსტება ჯერაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება - ასეთი რანგის ტურნირის დაწყებამდე, ფაქტობრივად, საათებიღა რჩება, ქალები ხვალ იწყებენ ასპარეზობას, შეჯიბრების შესახებ ინფორმაციებს კი ვერც საერთაშორისო ფედერაციის საიტზე წააწყდებით, ვერც - ვეროპულზე და თურქულზე. ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით მონაწილეთა შესახებ გარკვეული ცნობები გუშინწინ მოგაწოდეთ, გუშინ კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალი სია გაგვაცნო. მათი ინფორმაციით, ჩემპიონატში ცხრა გუნდი იასპარეზებს: ბრაზილია, ეგვიპტე, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, საფრანგეთი, რუსეთი, თურქეთი და ჩვენი ნაკრები.

ბრაზილია-საქართველოს გარდა, ეს ორგანიზატორთა მიერ
მიწვეული, ანუ ის შემადგენლობაა, რომელმაც პირად პირველობებზე ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა ამ შეჯიბრებაში გამოსვლა. აღნიშნულ შვიდეულთან ერთად აშშ-ის გუნდიც იყო მიწვეული, მაგრამ მათ უარი თქვეს, სანაცვლოდ კი მანამდე სათადარიგო ბრაზილია მიიწვიეს. ერთადერთი, ყოველგვარი დამსახურებების გარეშე დამატებული გუნდი ჩვენი ნაკრებია, რომლის იქ მონაწილეობა ძიუდოს ქართული და საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელთა მოლაპარაკებებით მოხერხდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, თუმცა თავს ვერც ახლანდელი სიის სიზუსტეზე დავდებთ. უბრალოდ, განვმარტავთ, რომ ჩვენმა ფედერაციამ თურმე შემადგენლობის დასაზუსტებლად საერთაშორისო ფედერაციას მიმართა, იქიდან კი ფაქსით ეს სია გადმოუგზავნეს.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ანთალიაში ხვალ იწყება ქალთა ტურნირით, ვაჟები კი კვირას იჭიდავებენ. იქ ჩვენგან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა, რომელიც ამ დილით გაემგზავრა ანთალიაში მთავარ მწვრთნელ სოსო ლიპარტელიანისა და ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით. უზნაძე წლების განმავლობაში გამოდიოდა თურქეთის ნაკრებში, ევროპის ჩემპიონიც იქ გახდა, თურქეთში შინაური კაცია და ჩვენებს აღარც თარჯიმანი დასჭირდებათ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს გუნდური შეჯიბრებაა, სადაც მხოლოდ ხუთი წონითი კატეგორიაა დაშვებული, ამოღებულია 60 და 100. სამწუხაროდ, ტრავმებმა ლიპარტელიანს ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების საშუალება არ მისცა, ჩვენებიდან კი თურქეთში დავით ასუმბანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ხვიჩა ხუციშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გუჯეჯიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი (120) იჭიდავებენ.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ საქართველო გუნდურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია - 2008 წელს ტოკიოში გამართული ტურნირი მოვიგეთ, რაც დღემდე ჩვენი ბოლო წარმატებაა. იმედია, ძიუდოისტები ამჯერად მაინც გაგვახარებენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული