ბოლო პერიოდის წარმატებების შემდეგ ასეთი შედეგი, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ თურქეთში გუნდი ფიზმომზადების შეკრებიდან წავიდა ანუ სპორტსმენებს დასვენებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ. თან ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ ძირითადად სათადარიგოები წაიყვანა, ლიდერები კი დაასვენა.
სამსუნში რეხვიაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა. პირველ წრეში უნგრელ ატილა უნგვართან მოგების შემდეგ უკრაინელი სერჰიუ დრებოტი იპონზე დააგდო, მეოთხედფინალში კი მომავალმა ფინალისტმა, მონღოლმა ნიამ-ოშირ საინჯარგალმა ბრუნით იუკოზე დაატრიალა. სანუგეშო წრეში რუს ზელიმხან ოზდოევსა და ფრანგ პიერ დუპრატს იოლად გაუმკლავდა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მედალი - შეგახსენებთ, რომ ის ვარშავის ტურნირის ფინალშიც გავიდა, სადაც თანაგუნდელ ნუგზარ ტატალაშვილთან გაფრთხილებით წააგო.
ნორმალურად გამოვიდა დებიუტანტი ბუღაძეც, რომელმაც ორი ხმაურიანი მოგება მიითვალა - ძირითად ბადეში ბელარუსთა ოლიმპიური ჩემპიონი იჰარ მაკარაუ ვაზარით დაამარცხა, სანუგეშოში კი რუსი რინატ საიდოვი დააიპონა. ბელარუსამდე მან უზბეკ ელიორ მაშარიპოვსაც აჯობა, ძირითადში კი სლოვენიელ მატიას სერაისთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედალი ჩვენებურმა ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონთან ბრძოლაში დათმო.
ლეონიძემ ნახევარფინალში გასასვლელ პაექრობაში რუსი ანაიდ მხითარიანი დაჯაბნა, იქ კი გერმანელ კაროლინ ვაისთან წააგო. გერმანელის ჯავრის ამოყრის შანსი მალევე მიეცა ბრინჯაოსთვის პაექრობაში ჟასმინ კულბსთან, შეხვედრა ყოჩაღადაც დაიწყო და ვაზარითაც დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წმინდად დამარცხდა.
სამწუხაროდ, დანარჩენ ქართველებზე ბევრიც არაფერია სათქმელი. გიორგი ბროლაშვილი (60), შალვა ქარდავა, თორნიკე თათარაშვილი (ორივე - 66), ლაშა ზურაბიანი, იოსებ ჩილინდრიშვილი (81), ზვიად გოგოჭური (90) და ლევან ჟორჟოლიანი (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ, პაატა მერებაშვილმა (60), არსენ მაჭარაშვილმა (73) და დავით ლორიაშვილმა (100) კი მხოლოდ თითო ორთაბრძოლა მოიგეს.
ახლა ჩვენი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც აპრილის ბოლოს ბუდაპეშტში გასამართი ევროპის პირველობისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის. იქ თბილისიდან ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100) გაემგზავრნენ. უზნაძე რამდენიმე ფალავანს სამსუნის შემადგენლობიდანაც დაამატებდა, ოღონდ მათი ვინაობა ჯერ არ იყო ცნობილი, დანარჩენები კი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდებიან. სავარაუდოდ, თბილისიდან გერმანიაში წასულ შვიდეულს გარანტირებული აქვს ევროპაზე ჭიდაობა, ახლა კი მწვრთნელი დამატებით ორ ფალავანს შეარჩევს.
ასევე იხილეთ:
ქართული ძიუდოისტების სამსუნური პერსპექტივა