გაირკვა იმ ძიუდოისტთა ვინაობაც, რომლებსაც საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თურქეთიდან გერმანიაში უხმო.
მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ჩვენებმა თურქულ სამსუნში "დიდ პრიზზე" იასპარეზეს და მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილის (73) ბრინჯაოს დასჯერდნენ.
იქ არ უჭიდავია ნაკრების ძირითად ბირთვს, რომელიც ტურნირის დასრულების შემდეგ უზნაძემ გერმანიაში წაიყვანა საწვრთნელ კემპზე, რომელსაც სამსუნში ნამყოფი შემადგენლობიდანაც უნდა დამატებოდნენ ფალავნები.
როგორც გაირკვა, უზნაძემ იმ გუნდიდან მხოლოდ ორ ათლეტს უხმო - რეხვიაშვილს და დავით ლორიაშვილს (100).
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან კემპზე 7 ძიუდოისტი წავიდა: ამირან პაპინაშვილი
ამდენად, უზნაძემ უკვე შეარჩია 9 ფალავანი და თუმცა 25-28 აპრილს ბუდაპეშტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა ოფიციალურად არ დაუსახელებია, პრაქტიკულად, შეიძლება, ვივარაუდოთ, ვის წაიყვანს იქ.
მოგეხსენებათ, ახალი წესებით, გუნდში მაქსიმუმ 9 კაცის დაყენება შეუძლია, ანუ შარშანდელისგან განსხვავებით, მხოლოდ ორ წონაში თუ წაიყვანს ორ მონაწილეს.
მართალია, მას შეეძლო, რომელიმე წონაში საერთოდ არავინ ეჭიდავებინა და მის ხარჯზე მესამე კატეგორია გაემეორებინა, მაგრამ არ უღალატა ადრინდელ გადაწყვეტილებას, ყველა წონაში ჰყოლოდა მონაწილე ევროპაზე.
ეტყობა, ამ პრინციპით შეაჩერა არჩევანი ლორიაშვილზე, თორემ არა გვგონია, სამსუნში მისი გამოსვლით კმაყოფილი იყოს. მით უფრო, მეორე ნომრებშიც არავინ ჰყავს ისეთი, შინ დატოვება გასძნელებოდა...
მათგან ერთადერთი, ვინც ნამდვილად დაიმსახურა უნგრეთის საგზური, ლევან წიკლაურია, რომელმაც მოიგო ვარშავის ტურნირი; მანამდე კი გავიდა გერმანიის "დიდი პრიზის" ფინალში, სადაც ჭრიკიშვილთან დამარცხდა.
მისი კარგი ჭიდაობა მწვრთნელმაც დააფასა და ორი დამატებითი საგზურიდან ერთი თავიდანვე უბოძა.
მეორე კანდიდატად რეხვიაშვილის შერჩევაც სამართლიანი ჩანს, რადგან სხვა კონკურენტებმა შანსი ვერ გამოიყენეს.
ვფიქრობთ, ამ შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ რომელიმე მათგანის ტრავმის შემთხვევაში თუ მოხდება. ამისგან კი ღმერთმა ყველა დაიფაროს.
გერმანული კემპი ევროპის პირველობისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპია, სადაც ჩვენები ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებენ მონაწილეობას, კვირის ბოლოს კი თბილისში დაბრუნდებიან და მალევე ბორჯომს მიაშურებენ დასკვნითი შეკრების გასავლელად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"