მარი ჯანაშვილი - ზემო მაჩხაანიდან ევროპის სარბიელზე

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ძიუდოს ერთ-ერთი მთავარი იმედი 17 წლის მარი ჯანაშვილია.

ამას წინათ მან ზედიზედ ორ საერთაშორისო შეჯიბრებაზე იასპარეზა წარმატებით. ჯერ ანთალიაში აჯობა ყველას, შემდეგ კი კიევის ევროპის თასზე ფინალისტი გახდა.

მარი ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის რეიტინგშიც სწრაფად პროგრესირებს. ევროპის ძიუდოს ფედერაციის რეიტინგში კი, ბოლო მონაცემებით, პირველი ნომერი გახდა 52 კგ-ში კადეტთა შორის. ეს, ცხადია, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ძიუდოსთვის.

- მარი, ანთალიის და კიევის ტურნირებზე გამოსვლით ალბათ კმაყოფილი იქნები.
- რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯობდა ფინალი უკრაინის დედაქალაქშიც მომეგო. მასპინძელ
სპორტსმენ იულია ხრამოვასთან ეს მარცხი სამომავლოდ კარგი გაკვეთილი იქნება ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ ყველაზე უკეთ ანთალიაში ბრაზილიელ ლაიან კოლმანთან, კიევში კი ბელარუს კატარინა დრაჰუნთან მოგებულ შეხვედრებში ვიჭიდავე.

კარგად წამადგა წონის დაკლებაც. ადრე 57 კგ-ში გამოვდიოდი, ახლა 52-ში. ეს ნაბიჯი ნაკრების მწვრთნელ გია თენაძის და პირადი მწვრთნელის კახა მოცრაძის რჩევით გადავდგი, რამაც გაამართლა.

დიდია ამ ადამიანების დამსახურება ჩემს წარმატებებში. მათ მითითებებს და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- საზოგადოდ, ქალთა ძიუდოს პროგრესს თუ გრძნობ საქართველოში?
- ვფიქრობ, წინსვლა აშკარაა. ნაკრებში არაერთი პერსპექტიული ძიუდოისტია, რომლებიც უთუოდ ასახელებენ ქვეყანას.

ხელშეწყობაც არის, მოიმატა შეკრებების, შეჯიბრებების რაოდენობამ, რაც დადებითად აისახება შედეგზე. ქალთა ძიუდო საკმაოდ პოპულარულია სხვა ქვეყნებში. ამასვე ვისურვებდი საქართველოში, რათა იმრავლოს წარმატებებმა.

- ჩვენში მშობლები გოგონების ჭიდაობას სკეპტიკურად ეკიდებიან, ესეც ხომ პრობლემაა...
- ალბათ ასეცაა. ბავშვობიდან მეც ძალიან მიყვარდა სპორტი, მაგრამ მამაჩემი რომ ყოფილი სპორტსმენი (მოკრივე) არ ყოფილიყო და ხელი არ შეეწყო, ძნელი სათქმელია, შემოვრჩებოდი თუ არა ძიუდოს. თავად ზემო მაჩხაანიდან ვართ და პირველი ნაბიჯები ძიუდოში ვაჟა მოსულიშვილმა გადამადგმევინა.

- ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი, შენ მათ შორის ხარ, ვისზეც ჩვენი ნაკრები იმედს ამყარებს.
- ევროპისთვის მთელი ყურადღებით ვემზადები. წარმატებული ბოლო ორი ტურნირიც მოსამზადებელ გეგმაში შედიოდა.

კონტინენტის ჩემპიონატამდე კიდევ მომიწევს საშეჯიბრო (პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი) და საშეკრებო ეტაპების გავლა, რაც დამეხმარება უკეთ გამოვიდე 20 ივნისს ტალინში (ესტონეთი) კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული