საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები დასკვნით შეკრებას ყვარლის ტბაზე გაივლის

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი 12 აპრილს ყვარლის ტბაზე გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის.

ფედერაციის თავდაპირველი გეგმით, ნაკრებს ამ ეტაპზე ბორჯომში უნდა ევარჯიშა, მაგრამ ბოლო მომენტში ყვარლის ვარიანტი გამოჩნდა - მოგეხსენებათ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ყვარლის გამგებელია და გუნდს ეს წინადადებაც მან შესთავაზა, არჩია, ნაკრები თვალწინ ჰყოლოდა.

მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული გუნდი ახალახან დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ერთობლივ ვარჯიშებზე იმყოფებოდა ევროპული ფედერაციის მიერ მოწყობილ საწვრთნელ კემპზე.

უფრო ადრე ნაკრების სათადარიგო შემადგენლობამ თურქულ სამსუნში იასპარეზა "დიდ პრიზზე", მაგრამ მხოლოდ
ერთ ბრინჯაოს დასჯერდა.

ცხადია, გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ტურნირის შედეგებით (მხოლოდ ერთი ბრინჯაო) კმაყოფილი არაა, მეტიც შეგვეძლოო, სამაგიეროდ, ერთობლივ შეკრებას არ უჩივის.

"გუნდი ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც საკმარისი სპარინგები გამოგვივიდა და მთელი 6 დღე სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ" - განგვიცხადა მწვრთნელმა.

ყვარელში უზნაძის განკარგულებაში 36 სპორტსმენია. მათ შორის ის ცხრა ფალავანიცაა, რომლებიც გერმანიაში ჰყავდა ერთობლივ შეკრებაზე: ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100). უზნაძეს ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ცხრა ფალავანს დაეყრდნობა.

თუმცა მწვრთნელი აცხადებს, რომ დასკვნით შეკრებას დაელოდება, ხოლო გერმანიაში ამათი წაყვანა არ ნიშნავს, რომ მათ განაღდებული აქვთ ადგილი საევროპო გუნდში.

ევროპის პირველობა 24-28 აპრილს ტარდება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ჩვენები უნგრეთში 23 აპრილს გაფრინდებიან, მეორე დღეს კი აწონვაა.

25 აპრილს ვაჟებიდან 60 და 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან - 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები. 26-ში ორივე სქესიდან ორ-ორ წონით კატეგორიას ვიხილავთ ტატამზე - პირველთაგან 73-81-ს, მეორეთაგან 63-70-ს.

დარჩენილი წონითი კატეგორიების წარმომადგენლები პირად პირველობას 27 აპრილს დაამთავრებენ, 28-ში კი გუნდურში იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული