რუსეთის ნაკრებმა ბუდაპეშტის ევროპირველობისთვის შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
გამოქვეყნდა 25-28 აპრილს ბუდაპეშტში გასამართ ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენებურთა კიდევ ერთი მთავარი კონკურენტის - რუსეთის ნაკრების შემადგენლობა.

ცოტა არ იყოს, გაგვაკვირვა იქაურთა იტალიელმა თავკაცმა ეციო გამბამ, რადგან უნგრეთში არასრული გუნდით მიდის - მონაწილე არ ეყოლებათ 60 კილოგრამში.

არადა, ამ წონაში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი არსენ გალსტიანი და ევროპის ასევე შარშანდელი ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი ჰყავთ.

არ ჩანან არც მათი სხვა ოლიმპიური ჩემპიონები - მანსურ ისაევი (73) და ტაგირ ხაიბულაევი (100), თუმცა ეს კიდევ არაა გასაკვირი - ოლიმპიადის შემდეგ ისინი ჯერ კიდევ ისვენებენ;
მაგრამ აი, ვარსკვლავურ წონაში მონაწილის გარეშე ყოფნა ცოტა გასაკვირია.

ოღონდ ეს ძალიან კარგია ამირან პაპინაშვილისთვის, რადგან მუდრანოვთან კარიერაში ოთხივე შეხვედრა წააგო, ხოლო გალსტიანთან - ორივე.

სწორედ მუდრანოვმა მოუგო მას ევროპის შარშანდელი პირველობის ნახევარფინალში და ბრინჯაოს დააჯერა, მერე კი აბუ დაბის "დიდ პრიზზეც" აჯობა და წლეულს - პარიზულ "მუზარადზეც".

სამაგიეროდ, ამ წონის ჩაგდების ხარჯზე რუსებმა სამი წონა გააორეს. მათგან პირად პირველობაში კამალ ხან-მაგომედოვი (66), მუსა მოგუშკოვი, მურად კოძოკოვი (ორივე - 73), მურატ ხაბაჩიროვი, ივან ვორობიოვი (81), კირილ ვოპროსოვი, კირილ დენისოვი (90), ადლან ბისულთანოვი (100) და რენატ საიდოვი (+100) გამოვლენ, გუნდურში კი მიხაილ პულიაევი (66), ზელიმხან ოზდოევი (73), სირაზუდინ მაგომედოვი (81), გრიგორი სულემინი (90) და მაგომედ ნაჟმუტდინოვი (+90) იჭიდავებენ.

დასახელებულ შემადგენლობაში საყურადღებოა მოგუშკოვის ამბავი - ინგუში მსოფლიოს 2011 წლის მესამე პრიზიორი ამჯერად 73-ში მოგვევლინა.

ახალ წონაში მან წლეულს მხოლოდ სამსუნში იჭიდავა "დიდ პრიზზე" და გაიმარჯვა კიდეც. თან ფინალში მონღოლ ოლიმპიურ პრიზიორ ნიამ-ოჩირ საინჯარგალს მოუგო, ანუ, შეიძლება ითქვას, ადაპტაცია წარმატებით გაიარა.

ვფიქრობ, 73-ში მისი გადასვლა ხელს გვაძლევს, რადგან ამ წონაზე უფრო მეტად ჩვენთვის სტრატეგიული 66-ია, ანუ იქ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტი გამოაკლდა.

დაღესტნელი, ოღონდ ეროვნებით ტაბასარანელი ხან-მაგომედოვი, გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ მოგუშკოვის დონისა ჯერ არ გვგონია, შავდათუაშვილის მთავარ კონკურენტად რომ მივიჩნიოთ.

ვფიქრობთ, პირად პირველობაში 81-შიც იზრდება ჩვენებურთა შანსები კიდევ ერთი დაღესტნელის - ავარელი ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვის გუნდურში დაყენებით. ესეც ცოტა უცნაური გადაწყვეტილება ჩანს, მაგრამ გამბამ იცის თავისი საქმე.

მან წინა ოლიმპიურ ციკლშიც ასეთი "უცნაურობების" შემდეგ მოიპოვა სამი ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო ოლიმპიადაზე. გამბას გადაწყვეტილებას ისიც აძლიერებს, რომ ყაბარდოელი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ხაბაჩიროვი არც ისე ცუდ ფორმაშია.

ამ წონაში ევროპელთაგან ავთანდილ ჭრიკიშვილი რეიტინგში საუკეთესოა და ხაბაჩიროვს ფინალამდე არ შეხვდება.

ვფიქრობთ, ვალერი ლიპარტელიანსაც (90) ბევრის დამტკიცება მოუწევს რუსებთან - დენისოვთან აქამდე ოთხივე შეხვედრა წაუგია, ვოპროსოვთან კი 2 მოგება აქვს ამდენივე მარცხის წილ.

ვოპროსოვთან მისი ბოლო პაექრობა შარშან ჩელიაბინსკში ევროპის პირველობის ფინალში გაიმართა და ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ქართველმა დამაჯერებლად აჯობა რუსს.

იმედია, ლიპარტელიანი მასთან ან დენისოვთან შესაძლო შეხვედრის შემთხვევაში დაამტკიცებს, რომ კრიზისი საბოლოოდ დასძლია და ამ წონაში ლიდერის ტახტზე საფუძვლიანად აცხადებს პრეტენზიას.

დღეისათვის ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, დენისოვი ევროპელთა შორის მესამეა, ვოპროსოვი - მეოთხე... თუ ევრორეიტინგის მეორეადგილოსანმა ილიას ილიადისმა, იმავე ჯარჯი ზვიადაურმა იჭიდავა, მაშინ ნახევარფინალში დენისოვს ის შეხვდება, ჩვენებურს კი ვოპროსოვთან მოუწევს პაექრობა.

ჩვენი ინფორმაციით, ბუდაპეშტში, "ლასლო პაპის სახელობის სპორტდარბაზში" იჭიდავებს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე, უნგრელი მიკლოშ უნგვარი.

ჩვენებურთან შეხვედრის შემთხვევაში, ასაკის მიუხედავად, ის მშობლიური მაყურებლის თვალწინ რევანშს შეეცდება და საშინაო კედლები დამატებით ფორასაც მისცემს, თუმცა შავდათუაშვილის ტალანტისა მაინც გვჯერა.

ოღონდ ვერ დავიჩემებთ, რომ უნგვარი მაინცდამაინც 66-ში იჭიდავებს და ზედა წონაში არ დადგება.

უნგრელების საიტზე არაა მითითებული, სად აყენებენ მას და ამ თემაზე თურმე პირდაპირ არც იქაური მწვრთნელები საუბრობენ.

ყოველ შემთხვევაში, როცა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გერმანიაში, ერთობლივ ვარჯიშებზე ამ საკითხით დაინტერესებულა, უნგრელებს უთქვამთ, რომ უნგვარი ნამდვილად გამოვიდოდა საჭიდაოდ, მაგრამ წონითი კატეგორია არ დაუკონკრეტებიათ.

სავარაუდოდ, ის მაინც 66-ში იასპარეზებს. უზნაძემაც გვითხრა და უნგრელების საიტსაც აშკარად ეტყობა, რომ მათ ვაჟებში ორი ფალავნის იმედი აქვთ - უნგვარისა და მძიმეწონოსან ბარნა ბორისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული