ანთალიური ალიყური

AutoSharing Option
ჩვენმა ძიუდოისტმა ვაჟებმა წარუმატებლად იასპარეზეს ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში - ორი შეხვედრა წააგეს და რვაგუნდიან ტურნირში მეშვიდე ადგილზე გავიდნენ.

თავდაპირველად სამხრეთ კორეის გუნდთან დათმეს ორთაბრძოლა - 2:3. კორეელები თურქეთში საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩავიდნენ, სოსო ლიპარტელიანმა კი მათ ეს შემადგენლობა დაუპირისპირა: დავით ასუმბანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლაშა გუჯეჯიანი (+90). მეტოქე თავიდანვე დაწინაურდა - ასუმბანი დამარცხდა. ტატალაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, გუნდის დაწინაურება კი ჭრიკიშვილს შეეძლო. ლიპარტელიანი ენდო ამ ახალგაზრდა ფალავანს, რომელიც წინა შაბათს მაროკოში თანატოლებში
მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ერთი თვით ადრე კი ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. მწვრთნელი თურქეთში მის დატვირთვას არ აპირებდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში დააყენა. შეგირდიც უმართლებდა იმედს და საქმე გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მაგრამ გამოუცდელობით წააგო და კორეელები ისევ დაწინაურდნენ - 2:1.

ანგარიში კვლავ გათანაბრდა - ლიპარტელიანმა მოიგო და ყველაფერი მძიმეწონოსანთა შერკინებას უნდა გადაეწყვიტა. გუჯეჯიანი მსგავსი ტვირთის ტარებას შეჩვეულია - წინა ანალოგიურ შეჯიბრებებში ერთ შეხვედრაში მაინც უწევდა ბეწვის ხიდზე გავლა. ორი წლის წინ ტოკიოში სულაც ორჯერ მოგვაგებინა ბოლოს, მაგრამ ახლა ვერ შეძლო გუნდის "ამოქაჩვა". ეტყობა, მის შემთხვევაში ყველაფერმა ერთად იჩინა თავი - გაცდენილმა პერიოდმა, მოუმზადებლობამ, ალბათ, განწყობაც აკლდა...

ამ მარცხის შემდეგ კვლავაც რჩებოდა ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი - დამამშვიდებელში რუსეთს ვხვდებოდით, რომელიც სათადარიგოებით იყო ანთალიაში ჩასული (თუ მთლად მესამე შემადგენლობით არა). ერთი შეხედვით, მათთან წარმატება მოსალოდნელი იყო, დამამშვიდებლის ფინალში კი სავარაუდო მეტოქედ თურქეთი ჩანდა - მასპინძლები ნახევარფინალში ჩვენსავით ორივე შეხვედრის წამგები მონღოლეთის დამარცხებით გავიდნენ, იქ კი ბრაზილიელებს ხვდებოდნენ. მათთვის მონღოლეთის დამარცხება იქნებ აღსანიშნავი იყო - რაც უნდა იყოს, პირადი შემადგენლობით აზიელებს ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა ბრაზილიელებთან თურქთა გამარჯვება უტოპიას ჰგავდა. ამერიკელები ტურნირზე ძალიან ძლიერი გუნდით ჩავიდნენ და ქვეჯგუფში ასევე ძალზე ძლიერ ფრანგებსაც მოუგეს. თურქები მათთან შეხვედრაში განწირულნი ჩანდნენ და აკი წააგეს კიდეც.

მოკლედ, ჩემპიონატში მოულოდნელობები არ მომხდარა და ჩვენები თუ იყოჩაღებდნენ, ბრინჯაოს მოპოვებაც სავსებით რეალურად შეეძლოთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ვერ ივარგეს. რუსებთან შეხვედრისთვის ლიპარტელიანმა ორი ცვლილება განახორციელა - ჭრიკიშვილის ნაცვლად ხვიჩა ხუციშვილი აჭიდავა, გუჯეჯიანი კი ზვიად ხანჯალიაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო - ჩვენებმა მიჯრით წააგეს პირველი ოთხი შეხვედრა და მხოლოდ ხანჯალიაშვილმა იმარჯვა, თუმცა ამ დროს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ეს მოგება არაფერს ცვლიდა. განსაკუთრებით მოულოდნელი ვალერი ლიპარტელიანის მარცხი იყო კირილ ვოპროსოვთან, ვისაც ორი კვირის წინ როტერდამის ტურნირზე მოუგო.

ტურნირში ასეთი ცუდი გამოსვლა დასანანი იმიტომაცაა, რომ იქ ჭიდაობა არ გვეკუთვნოდა და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ დაგვიშვეს. ამ შეჯიბრებამ სოსო ლიპარტელიანსაც დიდი საფიქრალი დაუტოვა - აშკარაა, რომ გუნდის ძველ ლიდერებს გვარიანი მუშაობა მართებთ ძველ კონდიციებამდე ასამაღლებლად. იმედია, 20-21 ნოემბერს ჩასატარებელი საქართველოს ჩემპიონატი ბევრად უკეთეს რეალობას დაგვანახებს.

თავად მსოფლიოს ჩემპიონატს რაც შეეხება, ვაჟებში კვლავაც იაპონელებმა იმარჯვეს იმის მიუხედავად, რომ ძალზე გადახალისებული გუნდი ჩაიყვანეს. მათ ჯერ რუსებს მოუგეს, მერე კი, ნახევარფინალში კორეა დაამარცხეს - 3:2 ორივესთან, ფინალში კი ბრაზილიელებს 4:1 აჯობეს.

ქალებში ჰოლანდიელებმა იმარჯვეს. არადა, ცოტა მოულოდნელია მათ მიერ ნახევარფინალში იაპონელების დამარცხება, როგორც მეორე ნახევარფინალში - გერმანელების მიერ ფრანგების ძლევა. თუმცა ფრანგებმა მერე ვერც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შეძლეს თურქებთან წარმატების მოპოვება.

კვარცხლბეკი
ვაჟები. 1. იაპონია, 2. ბრაზილია, 3. კორეა, რუსეთი.
ქალები. 1. ჰოლანდია, 2. გერმანია, 3. იაპონია, თურქეთი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული