შავდათუაშვილისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა ლონდონური წარმატების შემდეგ, საერთოდ კი - მეორე.
შეგახსენებთ, ის მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ტურნირში - გერმანიაში "დიდ პრიზზე" იჭიდავა, სადაც ნახევარფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ მასაში ებინუმასთან წააგო, ვისაც ლონდონში სძლია; მერე კი ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ თანაგუნდელ შალვა ქარდავასთან არ გავიდა და მეხუთეზე დარჩა.
ოლიმპიადის შემდეგ ჩვენებურს საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა - გაიკეთა საზარდულის ადრევე დაგეგმილი ოპერაცია, რის გამოც საკმაოდ
ახლა ის დიდ სპორტს ოფიციალურად უბრუნდება, ანუ ეს ტურნირი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. დაბრუნების გარდა, შავდათუაშვილის კარიერაში თურმე სამომავლოდაც იგეგმება მნიშვნელოვანი სიახლეები.
ამ ცვლილებებზე თუ ევროპის პირველობაზე ოლიმპიურ ჩემპიონს უნგრეთში გამგზავრების წინ ვესაუბრეთ.
- პირადად თქვენ როგორ გრძნობთ თავს, ხართ ძველ ფორმაში, დაიბრუნეთ ადრინდელი კონდიციები?
- ჯერჯერობით რთულია ამაზე ლაპარაკი, რადგან მაგ კითხვას ყველაზე უკეთ ევროპის პირველობა უპასუხებს.
იქ გამოჩნდება, როგორ ფორმაში ვარ. ისე კი, შეკრება კარგად გავიარე, სრული დატვირთვა მივიღე და ვნახოთ, რა იქნება. დიდი ხანი კი გამიცდა, მაგრამ, მგონი, ვარ ფორმაში. სპარინგებზე თავს შებოჭილად არ ვგრძნობდი, თავისუფლად ვჭიდაობდი, მაგრამ წონა მაქვს დასაკლები, დაახლოებით 6 კილოგრამი.
- იმდენი გაცდენის მერე არც დაბრუნება იქნებოდა იოლი...
- კი, დაბრუნება ძნელი იყო. იმხელა დატვირთვების მიღება არაა ადვილი, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე და თანდათან მოვუმატე.
- ახალ სამწვრთნელო მიდგომებს, გაზრდილ დატვირთვებს როგორ შეეგუეთ?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დატვირთვები კი არც ძალიან რთულია, მაგრამ არც - იოლი. ერთი სიტყვით, ასატანი დატვირთვები იყო ბაკურიანში ძალიან კარგადაც ვივარჯიშეთ და ძალიანაც წამადგა.
- ტურნირში მხოლოდ ერთხელ გამოხვედით - გერმანიაში. ეს საკმარისია თუ გერჩივნათ, კიდევ მოგესინჯათ ძალა?
- ასეთ შემთხვევაში წონის დაკლება მომიწევდა, რაც არ იქნებოდა კარგი. გერმანიაში მოვსინჯე თავი, ახალ წესებს პრაქტიკულად გავეცანი და გავერკვიე მათში. სხვაგან რომ მეჭიდავა, მაშინ ფიზიკურად ვერ მოვემზადებოდი.
ამიტომ ასე ვარჩიე, ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში რომ შევხვედროდი. ახალი წესები არც ისე რთულია, თუმცა მეტოქის სტილსაც გააჩნია, როგორ წარიმართება ჭიდაობა.
- ანუ წონის დაკლების გამო თქვით უარი ტურნირებზე?
- მხოლოდ ესეც არაა მიზეზი - ტრავმის გამო ბევრი დროც გამიცდა და ფიზიკურადაც ვერ ვასწრებდი გამოსვლას.
- ადრე წონა ასე ძლიერ არ გაწუხებდათ. ახლანდელი ავარდნა უქმობამ გამოიწვია თუ ასაკის მატებამ?
- არა მგონია, უქმობის ბრალი იყოს. წონაში მართლაც მოვიმატე.
- სამომავლოდ წონის შეცვლის საკითხი ხომ არ დადგება დღის წესრიგში?
- შეიძლება, შევიცვალო. ჯერ კიდევ ვნახოთ, როგორ იქნება, მაგრამ, ალბათ, უფრო შევიცვლი.
- ამას ამ ოლიმპიურ ციკლში უნდა ველოდოთ, თუ წლეულსვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება გიხილოთ ახალ წონაში?
- არა, წლეულს არ შევიცვლი, მაგრამ მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში კი ვგეგმავ.
- ბუდაპეშტში ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად, ვის განიხილავთ ყველაზე საშიშ მეტოქედ?
- ყველა მეტოქე უნდა შეაფასო და არ მიუდგე ისე, გავალ და ამას ცალი ხელით მოვუგებო. ყველასთან ისეთი მიდგომით უნდა გახვიდე, რომ ყველას შეიძლება, მოუგო და ყველას შეუძლია, მოგიგოს. თან ძიუდო იმდენად დინამიკური სპორტია, ბრძოლა ბოლო წამამდეა და ანგარიში სულ ბოლოსაც შეიძლება, შეიცვალოს. მნიშვნელობა არ აქვს, მსოფლიოს ჩემპიონს ხვდები, ოლიმპიურს თუ ევროპისას - ბოლო წამამდე უნდა იბრძოლო.
- იქ ისევ შეიძლება შეხვდეთ მიკლოშ უნგვარის, ლონდონურ ფინალში თქვენს მეტოქეს, რომელიც უკვე მასპინძლის როლში მოგევლინებათ...
- შეიძლება, უნგვართანაც მომიწიოს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ყველასთან უნდა იბრძოლო. წარმატება იოლად არ მოდის, ამას დიდი შრომა სჭირდება. ვნახოთ, რა გამოვა ბუდაპეშტში.
- თქვენს წონაში გადმოვიდა უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია, რომელიც უძლიერესი კონკურენტია...
- ზანთარაიასთან ჯერ არ მიჭიდავია, ისე კი, ის მართლაც სერიოზული მეტოქეა. ვნახოთ, წილისყრა როგორ წარიმართება, ქვეჯგუფები როგორ განაწილდება. წეღანაც აღვნიშნე, რომ ყველა მეტოქეს ვაფასებ და ვაკვირდები მის ჭიდაობას.
მათ შორის - ზანთარაიასაც. საერთოდ, ევროპის პირველობაზე სუსტი კონკურენტი არ იქნება - იქ ყველა იმისთვის მიდის, რომ მომიგოს. ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, მომზადება.
წინასწარ ვერავისთან დაგეგმავ, გავალ და ამას გავუკეთებო. მთავარია, მზად უნდა იყო ყველასთან საჭიდაოდ და რაც შეგიძლია, იმის მაქსიმუმი გააკეთო. რაც არ შეგიძლია, იმას არც მოგთხოვს ვინმე და შენს თავს დააბრალებ, მეტს თუ ვერ შეძლებ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
წინათგრძნობა ახდა! - ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა