ორი მათგანი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და წინა კვირას ევროპის პირველობაზეც იჭიდავა - ზებედა რეხვიაშვილი (73) და ლევან წიკლაური (81), კონტინენტის ბრინჯაოს პრიზიორები, მესამე კი ევროპირველობაზე სათადარიგოდ იყო წაყვანილი - ზვიად გოგოჭური (90).
ამიტომ მოგვიტევონ დანარჩენებმა, თუ ჯერ ამ სამეულის წილისყრაზე ვიტყვით.
რეხვიაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და პირველ პაექრობას მოლდოვიდან
ნახევარფინალამდე ჩვენებურს დიდად სერიოზული არც ელოდება ვინმე, რადგან მის ქვეჯგუფში მხოლოდ მასპინძელი რუსტამ ორუჯოვი და ყაზახი ბეკზატ მანაშბაიევი მოხვდნენ.
თუ ევროპანაჭიდავებმა რეხვიაშვილმა დასვენება, ძალების აღდგენა მოასწრო, ამათი ძლევა არ უნდა გაუჭირდეს, ნახევარფინალში კი სერიოზული სავარაუდო მეტოქეები ელიან - მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი, მასპინძელი ჰუსეინ რაჰიმლი, გამოცდილი თურქი ჰასან ვანლიოღლუ და დიდი საჩუქარი არც უნგრელი ატილა უნგვარი იქნება.
***
პირველ წრეში წიკლაურიც თავისუფალია, მისი მომავალი მეტოქე კი კიდევ ერთი სამშობლოდან ემირატებში გაქცეული მოლდოველის - ვალერიუ ჩისკას და ჩეხი იარომირ მუსილის შეხვედრაში გამოვლინდება.
ბედის ირონიით, მესამე წრეში ის, შეიძლება, ისევ ხორვატ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტომისლავ მარიჯანოვიჩს შეხვდეს, ვისთანაც ერთი კვირის წინ ევროპირველობაზე დამარცხდა.
თუ მართლაც მას გაეჯიბრება, იმედია, ეს წიკლაურისთვის დამატებითი სტიმული იქნება სარევანშოდ. თან მიგვაჩნია, რომ ხორვატის ძლევა მას რეალურად შეუძლია.
ქართველს ფინალში გასვლაში ხელი შეიძლება, აზერბაიჯანელმა რუსტამ ალიმლიმ და სლოვენიელმა ალიას სედეიმ შეუშალონ.
პირველ წრეში გოგოჭურიც ისვენებს, მასთან შესახვედრად კი შვედი იოაკიმ დვარბიხი და გერმანელი იანიკ გუჩე ერთმანეთში იჭიდავებენ.
ჩვენებურისთვის ფინალამდე სერიოზული წინააღმდეგობის გამწევ ფალავნებად ისევ მასპინძელი, ჩვენი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი შაჰინ გახრამანოვი, ბრაზილიელი ნაკიფ ელიასი და რუსი კამალ მაგომედოვი მიგვაჩნია.
დანარჩენი წონები
ვაჟა მარგველაშვილი (60) პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ჩეხ პაველ პეტრიკოვს ხვდება, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე ამირან პაპინაშვილმა მოუგო.
ამავე ბადეშია მონღოლი ამარტუვშინ დაშდაავა და მასპინძელი ორხან საფაროვიც. ამ წონაში პაატა მერებაშვილი პირველივე წრეში ჭიდაობს აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადასთან, მასთან მოგების შემთხვევაში კი ფრანგ ევროპის ექსჩემპიონ სოფიან მილუს დაეჭიდება, ვისთანაც ერთხელ უკვე წაუგია.
მესამე წრეში სავარაუდო მეტოქედ კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი, ყაზახი ჩემპიონი აშხატ ტელმანოვი ელოდება.
საქართველოს ჩემპიონი ტრისტან ფეიქრიშვილი (66) თავიდან შედარებით სუსტ თურქ მურატ დოგანს კი ხვდება, მაგრამ მერე სავარაუდო მეტოქეებად ჯერ ბრაზილიელი ლეანდრო კუნა, იმის შემდეგ კი მასპინძელთა ევროპის ვერცხლის მედალოსანი ტარლან კარიმოვი ელოდებიან.
ნახევარფინალში გასასვლელად ბადის მეორე ნაწილიდან, ლამის აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მონღოლი ტუმურკულეგ დავაადორჯი გადათელავს ყველას, იმდენად სუსტი კონკურენტები ჰყავს.
ამ წონაში შალვა ქარდავა პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს აზერბაიჯანელ ელვინ მუსტაფაევთან. ბადის ამ მონაკვეთში ტიტულოვანი და ცნობილი მხოლოდ კიდევ ერთი მასპინძელი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ნიჯატ შიხალიზადაა, მაგრამ მას ჩვენებური ნახევარფინალამდე არ შეხვდება.
73-ში ჩვენი მეორე მონაწილე, დებიუტანტი გიორგი პაპუნაშვილი რუსთა ვეტერან ბატდრაზ კაირმაზოვთან იჭიდავებს, ამათ შორის მოგებულს კი ემირატებში თავშეფარებული კიდევ ერთი მოლდოველი - ვიქტორ სკვორცოვი ელოდება, ვინც აზიის პირველობაზე მეხუთეზე გავიდა.
ამ ტურნირზე ბედმა მოლდოველ-ემირატელთა მთელ გუნდთან შეხვედრა გვარგუნა - ბექა ღვინიაშვილიც ერთ-ერთ მათგანს, ვიქტორ რემარენკოს ხვდება, ამათში უძლიერესს კი მეორე წრეში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს უკრაინელთა ვეტერან ვალენტინ გრეკოვთან.
გიორგი ნოზაძე (100) თავიდან მონღოლ ენკბატ ერდენებილეგს დაეჭიდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში, შეიძლება, მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ელმარ გასიმოვი შეხვდეს. გურამ თუშიშვილის (100) სტარტს უკრაინელ ვიაჩესლავ დენისოვთან აიღებს.
მძიმე წონაში ლევან მატიაშვილი მონღოლ დუურენბაირ ულზიბაიარს შეხვდება. ნახევარფინალამდე მას ისეთი არავინ ხვდება, ვისი დამარცხებაც არ შეუძლია. არადა, ამ სიაშია აზერბაიჯანელი ემილ ტაჰიროვიც, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი მართლაც ძლიერი ბრაზილიელი დავიდ მოურა შეიძლება შეხვდეს.
ონისე ბუღაძე პირველ წრეში საქართველოდან აზერბაიჯანში გადასულ ვახტანგ ბიტიევს ხვდება.
ორი მონაწილე ქალებშიც გვეყოლება. შორენა შარაძე (63) პირველივე წრეში ევროპის წლევანდელ სლოვენიელ მესამე პრიზიორ ტინა ტრსტენიაკს შეხვდება, ირინა ლეონიძე (+70) კი მეორე წრეში იჭიდავებს ბრაზილიელ კლაუდირენე გრაფთან.
ჩვენებურს არც ისე ძლიერი კონკურენტები ჰყავს და ვინძლო, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"