ტიუმენის ტურნირში გამოსვლის უფლება 9 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი და საბოლოოდ გაირკვა იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებმაც 25-26 მაისს ტიუმენში მასტერსის პრესტიჟულ ტურნირში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ იქ ასპარეზობის ნება რეიტინგის 16 მოწინავეს ეძლევა, თუმცა შანსი რამდენიმე სათადარიგოსაც რჩება, თუ ვინმე იუარებს იქ გამოსვლას.

აქვე იმასაც განვმარტავ, რომ რეიტინგი 6 მაისის მონაცემებით დგება, ანუ მასში ბოლო ტურნირად ბაქოს "დიდი მუზარადი" შედის.

საქართველოდან 16 საუკეთესოში 9 სპორტსმენი მოხვდა 7-დან 6 წონით კატეგორიაში - მხოლოდ 100 კილოგრამში დავრჩით ამ ზონის მიღმა.

ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი
(ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ადამ ოქრუაშვილი (+100) - აი, ესენი შედიან 16-ეულში.

თუმცა ამათგან შუკვანის მონაწილეობა, სამწუხაროდ, ლამის გამორიცხულია, რადგან ისევ ცდილობს აზერბაიჯანში გადასვლას და ამ ტურნირში მონაწილეობას არ აპირებს.

თუმცა ამით ჩვენი გუნდი არ შემცირდება, რადგან სარეზერვო სიიდან მონაწილეობა თითქმის განაღდებული აქვს ნუგზარ ტატალაშვილს (73).

ბაქოს ტურნირამდე ჩვენები სამ წონაში ლიდერობდნენ რეიტინგს, იმის შემდეგ კი სათავეს მხოლოდ ლიპარტელიანი შემორჩა 1782 ქულით.

პაპინაშვილმა (1206) და შავდათუაშვილმა (1436) მეორე ადგილზე ჩაინაცვლეს. შუკვანი 734-ით IX, რეხვიაშვილი 622 ქულით - XIV, გოგოჭური 532-ით - XIII ადგილზეა, ოქრუაშვილის ანგარიშზე კი 1112 ქულაა, რაც მძიმე წონაში მეოთხე მაჩვენებელია.

რაც შეეხება 81 კილოგრამს, აქ ორივე ჩვენებური ლიდერთა შორისაა - ჭრიკიშვილი 1340 ქულით მესამეა, წიკლაური კი 952-ით - მეოთხე. ჭრიკიშვილს ევროპის პირველობამდეც განაღდებული ჰქონდა მასტერსის საგზური, იქ გამარჯვებამ კი კიდევ უფრო გაამყარა მისი პოზიცია.

აი, წიკლაურმა ტიუმენში წასვლა საბოლოოდ ბაქოში გამარჯვებით გაინაღდა. თან ისიც გასახარია, რომ ლიდერთა შორის დამკვიდრდა, რაც მასტერსზე შედარებით იოლ ბადეს უქადის. ბაქოს ტურნირმა დააწინაურა რეხვიაშვილი (V ადგილი) და გოგოჭურიც (ბრინჯაოს მედალი).

ამათ გარდა, როგორც გითხარით, ტიუმენში ნუგზარ ტატალაშვილის გამოსვლაც ლამის გადაწყვეტილია - ის რეიტინგში XVII ადგილზეა, მასტერსზე კი, ბოლო ცნობებით, რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი მანსურ ისაევი არ ჭიდაობს.

მან შემოდგომაზე ხელი მოიტეხა და რაკი სხვა არაფერი შეეძლო, დაღესტნის სკოლებსა თუ ამ გაზაფხულზე აშშ-ში საზეიმო შეხვედრებზე დადიოდა.

ევროპის პირველობაც ამ მიზეზით გამოტოვა და როგორც მაშინ რუსთა მწვრთნელებს ჩვენებისთვის უთქვამთ, ჯერჯერობით ვერსად იასპარეზებს.

ტატალაშვილის გარდა, სარეზერვო სიაში შალვა ქარდავა (66) და ლომერ ჟორჟოლიანიც (100) ხვდებიან. წინა წლებში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მხოლოდ ორ სარეზერვო ადგილს იძლეოდა, ანუ 16-ს მხოლოდ 2 მონაწილე ემატებოდა.

2-ზე მეტსაც რომ ეთქვა უარი ასპარეზობაზე, XVIII ადგილზე დაბლა მყოფებს მაინც არ უშვებდნენ შეჯიბრებაზე... ზემდგომთ სურთ, მასტერსი პრესტიჟულ, მაღალანაზღაურებად ტურნირად აქციონ, სადაც მხოლოდ ტოპ-კლასის ფალავნები იჭიდავებენ.

ამიტომ არჩია, თუნდაც 16 მონაწილე არ შეკრებილიყო, მაგრამ მაღალი დონის ოსტატებს ეასპარეზათ, მე-20 ადგილზე მყოფი ათლეტი კი ამ კატეგორიაში აღარ გადის. თუმცა ამჯერად საერთაშორისო ფედერაციამ ცოტა უკან დაიხია და სარეზერვო კვოტა 26-მდე გაზარდა.

მარტივად რომ ვთქვათ, მასტერსზე მოსახვედრად შეიძლება, 25-ში შესვლაც საკმარისი იყოს.

უბრალოდ, ამ შემთხვევაში სხვის უარზე ხარ დამოკიდებული, 16-ეული კი ავტომატურად გინაღდებს ამ ტურნირს. ქარდავა რეიტინგში 24-ეა და მასტერსზე მოსახვედრად ძალიან უნდა გაუმართლოს.

24-25-ე ადგილებს იყოფენ ჩვენები 100 კილოგრამში - ირაკლი ცირეკიძის ანგარიშზე 438 ქულაა, ჟორჟოლიანის მონაგარი კი 430-ია. თუმცა ცირეკიძემ ჭიდაობას თავი დაანება და ახლა ჭაბუკთა ნაკრების გაწვრთნითაა დაკავებული, ჟორჟოლიანი კი ასევე სხვებზეა დამოკიდებული.

შანსები და მეტოქეები
ახლა, როცა რეიტინგი დალაგდა, მასტერსზე ჩვენებურთა შანსებსა და სავარაუდო მეტოქეებზეც შეიძლება საუბარი.

მაგალითად, პაპინაშვილი მეოთხედფინალში, დიდი შანსია, მისთვის უხერხულ მეტოქეს, რუსთა ევროპის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვს დაეჯახოს (ცხადია, ამან თუ იჭიდავა და გააღწია იქამდე), ნახევარფინალში კი -მონღოლ ამარტუვშინ დაშდაავას, ამან მანამდე სენსაცია თუ არ შემოგვთავაზა.

ლაშა შავდათუაშვილს ნახევარფინალში ფრანგი დავიდ ლაროსე ელოდება, ვისთანაც ორივე შეხვედრა მოუგია (მათ შორის - ოლიმპიადაზეც). მის მხარეს მოხვდნენ აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალიზადე და რუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი კამალ ხან-მაგომედოვი. ამათ კი ჩვენებურმა ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით ორ შეხვედრაში აჯობა.

ისე, შავდათუაშვილს მოუხდა რეიტინგის კენწეროდან ჩამონაცვლება, თორემ მაშინ ნახევარფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ მასაში ებინუმას შეხვდებოდა.

ვინაიდან მასტერსზე 8 სპორტსმენი განითესება, 73-ზე ვერაფერს გეტყვით, 81-ში კი ჩვენები ფინალამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს.

წიკლაურს ნახევარფინალში რეიტინგის ბრაზილიელი ლიდერი ვიქტორ პენალბერი ელოდება. ეს კი ბევრად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე - კორეელი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი ჯაე ბუმი. სამაგიეროდ, იმავე ეტაპზე კორეელი ჭრიკიშვილს გადაეყრება, თუმცა არც ჩვენებურია უშანსოდ. შეგახსენებთ, რომ ბუმს გერმანიაში წიკლაურმა მოუგო.

ლიპარტელიანს ნახევარფინალში კვლავ რუსი ევროპის მოქმედი ჩემპიონი კირილ დენისოვი ელოდება, ვისთანაც კარიერაში ხუთივე პაექრობა დათმო.

მათ შორის ბოლო სწორედ ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალი იყო. ვნახოთ, შეასრულებს თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე დანაპირებს, ეს ლიპარტელიანის ბოლო წაგება იყო დენისოვთანო...

მძიმე წონაში ოქრუაშვილი ნახევარფინალში ისევ ფრანგ ტედი რინერიზე გადის და ვნახოთ, ამჯერად როგორ წარიმართება მათი პაექრობა.

შეგახსენებთ, რომ ისინი აპრილში ევროპის პირველობის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ქართველმა ლამის დაჩაგრა "კეთილი დათვი", რომელიც თურმე სულაც არ ყოფილა უძლეველი. თუმცა ჩვენებურმა ნახევარფინალშიც უნდა გააღწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტოინტერვიუ ვარლამ ლიპარტელიანთან: ვაზარი არ არის?!
ავთანდილ ჭრიკიშვილი: მწვრთნელს ბევრჯერ გავუგდივარ დარბაზიდან

ლევან წიკლაურმა ტომისლავ მარიჯანოვიჩთან მარცხისთვის რევანში აიღო

ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა პრობლემური გახდა ეს შუკვანი ვერ გავიგე... პაპინა მაგაზე 10 თავით მაღლა დგას... წავიდეს და რაც უნდა ის ქნას
nika
15:08 09-05-2013
0
David-გეთანხმები.ჯერ გამოქცევა რა იყო?ისე როგორ უნდა შეგეშინდეს რომ გამოიქცე ოლიმპიადიდან.მაგან ისეთი რაღაცეები თქვა და ისე მოიქცა რომ მართლა არ სჭირდება საქართველოს ნაკრებს მასეთი წევრი.რაც უნდა ძლიერი სპორტსმენი იყოს ნაკრებში ადგილი არ უნდა ქონდეს თუ თავისი საქციელით არ იმსახურებს საქართველოს ნაკრებს.
NIKA
14:00 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული