ქართველებს გოგო გვეზრდება - მარიამ ჯანაშვილის მორიგი წარმატება

AutoSharing Option
პოლონურ ბიელსკო ბიალაში დასრულებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი თითო ოქრო-ვერცხლია.

აქედან ოქრო ბიჭების გუნდზე მოდის, რომელსაც ჯაბა მუმლაძე (+90) დაეუფლა, ვერცხლი კი გოგოებში მარიამ ჯანაშვილმა (52) მოიპოვა.

ტურნირში ორივე გუნდი არასრული შემადგენლობით გამოდიოდა, თუმცა გოგოების ნაკრებისთვის ეს ერთი მედალიც თუ წარმატებაა, ბიჭებზე ამას ვერ ვიტყვით - მათგან ბევრად მეტს ველოდით, იმის მიუხედავად, რომ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ლიდერთა უმეტესობა დაასვენა.

ჯანაშვილმა ფინალამდე ხუთი პაექრობა მოიგო იპონით - ებრაელ დარ ავისართან, ფრანგ გვენელ პატინთან, ჰოლანდიელ ლარისა ვან კრეველთან,
უნგრელ დარია იურინასთან და ნახევარფინალში რუს ელიზავეტა სტეპანოვასთან.

ცხადია, ასეთი სტატისტიკა მისი სიძლიერის მაჩვენებელია და უთუოდ სასიამოვნოა, რომ, როგორც იქნა, გვყავს ძიუდოისტი გოგო, რომელიც ამდენ ილეთს აკეთებს. საყურადღებოა, რომ მას არც ერთი ქულა არ დაუკარგავს, ხოლო ჰოლანდიელს იპონამდე ვაზარიც აართვა.

თავის ასაკში ჯანაშვილს გარკვეული წარმატებები უკვე მოეპოვება და, იმედია, ასეთი სტატისტიკა მალე ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც აისახება. მართალია, ამჯერად ის ფინალში წმინდად დამარცხდა ფრანგ ასტრიდე ჟენოსთან, მაგრამ ილეთი არ გაუშვია, მეტოქემ ოთხი გაფრთხილება მიაღებინა (თვითონ ორი გაფრთხილება მიითვალა). ამის მიუხედავად, პოლონეთში მისი გამოსვლა მაინც დადებითად მიგვაჩნია.

ამავე წონაში გურანდა შოთაძეც ჭიდაობდა და ერთი შეხვედრაც მოიგო - უნგრელი ნიკოლ ნაგი-ივანი იპონით დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ ნაზაკატ ხალილისთან წააგო და გავარდა.

ასევე ერთი მოგებით დაასრულა გამოსვლა მზია ბებოშვილმა (48) - ბელორუს ვალერია პალოუკინას სუფთად აჯობა, მაგრამ იქვე რუს დანა ნაგუჩევასთან წააგო და ვერც დამამშვიდებელში გადავიდა.

ზუსტად ასეთივე შედეგით - თითო მოგება-წაგებით დაასრულა ტურნირში გამოსვლა მარიამ ჯანაშვილის უმცროსმა დამ, ხატია ჯანაშვილმა - შოთაძისა და ბებოშვილის დარად, პირველ წრეში ისიც ისვენებდა, მეორეში იმანაც წმინდად მოუგო ბელგიელ მარინე ფალმაგეს, მაგრამ ისიც მერვედფინალში დამარცხდა ჩეხ საბინა მერკლოვასთან, ანუ სანუგეშომდე მასაც ერთი მოგება დააკლდა.

ბიჭებში ის ერთადერთი მედალიც ტურნირის სულ ბოლო პაექრობაში მოვიპოვეთ. მუმლაძემ პირველ წრეში საკმაოდ რთული ბრძოლა მოიგო - უნგრელ აკოშ იოოს მხოლოდ იუკოთი აჯობა.

სამაგიეროდ, მერე აიწყვიტა და მეთოდურად უმატებდა ქულებს - ბელორუს ალეჰ ჰრუნტოუს ვაზარით მოუგო, რუს ალექსანდრ გოკოევსა და გერმანელ ლუკაშ როლვაგეს - იპონებით, ფინალში კი ისევ რუს ტამერლან ბაშაევს დააყრევინა ფარ-ხმალი კვლავაც იპონით, თუმცა მანამდე ორ იუკოს აგებდა.

ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეებიდან ყველაზე უკეთ რობიზონ ბეგლარიშვილი (50), გიორგი გველესიანი და დავით რამაზაშვილი (ორივე - 90) გამოვიდნენ - დამამშვიდებლის ფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ წააგეს და მეხუთე ადგილებზე დარჩნენ.

ამათგან რამაზაშვილი ძირითად ბადეში მომავალ ჩემპიონთან, რუს კარლენ პალიანთან დამარცხდა, გველესიანი - ლატვიელთა მომავალ ბრინჯაოსპრიზიორთან, როკას ნენარტავიჩიუსთან.

ძირითად ბადეში ბეგლარიშვილი ამათზე შორს წავიდა - ორი წმინდად და ერთიც ქულებით მოგებით ნახევარფინალში გავიდა, იქ კი აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ნატიკ გურბანლისთან ვერაფერს გახდა.

სხვათა შორის, წინა წრეში გურბანლიმ ირაკლი კუპატაძეც დაგვიმარცხა, რომელიც მანამდე საკმაოდ დამაჯერებლად მიდიოდა.

დამამშვიდებლის ფინალში ბეგლარიშვილმა ვერც უკრაინელ არტემ მარტიროსიანთან გააწყო რამე, კუპატაძე კი რუს სამველ ბაბინიანთან დამარცხდა და მეშვიდეზე დარჩა, ვისაც ბეგლარიშვილმა მეოთხედფინალში დამაჯერებლად აჯობა.

მეშვიდეზე გავიდა თორნიკე ნაგლიაშვილიც (50), ხოლო ნიკოლოზ ჭიკაიძე (50), ერეკლე არხოზაშვილი (55), ზურაბ ლომიძე (73) და ბაქარ კუხიანიძე (+90) ადრევე გავარდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული