საქართველოს ჩემპიონატს სპორტის სასახლე უმასპინძლებს

AutoSharing Option
მგონი, თარიღი აღარ შეიცვლება, ანუ საბოლოოდ გაირკვა ძიუდოისტ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის გამართვის თარიღიც და ადგილიც. ამ ტურნირთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილი მხოლოდ ის იყო, რომ თბილისში ჩატარდებოდა და რეგიონში არ გაიტანდნენ, მასპინძელი დარბაზი და ზუსტი ვადები კი რამდენჯერმე შეიცვალა - ჯერ ოქტომბერში სურდათ ჩატარება ძიუდოს აკადემიაში, მაგრამ ნოემბერში გადმოიტანეს და თანაც მშობლიურ არენაზე თავადვე თქვეს უარი - იქაურობა ამხელა შეჯიბრების ჩასატარებლად მართლაც პატარაა.

ამის შემდეგ სხვადასხვა დარბაზის პარალელურად ყველაზე აქტიურად ვერის ბაღის საკითხი განიხილებოდა, თუმცა იქ გარკვეული პრობლემები ყოფილა კომუნალური დავალიანებების
გამო და საბოლოოდ ისევ გივი კარტოზიას სპორტის სახელობის თბილისის სპორტის სასახლეზე შეჩერდნენ. ცხადია, ქვეყნის მთავარი სპორტული არენა ჩამონათვალში იმთავითვე შევიდა, მაგრამ მეტისმეტად დიდი იჯარის გამო მასზე არ ლაპარაკობდნენ, თუმცა მოგვიანებით საქმეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჩაერია, რომელიც ფედერაციას დაფინანსებაში შეეხიდა და საქართველოს ჩემპიონატიც იქ ჩატარდება, ოღონდ ადრე გამოცხადებულზე ცოტა ადრე. თავდაპირველი გეგმით, შაბათ-კვირას - 20-21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ იმ დღეებში იქაურობა დაკავებული ყოფილა და ისევ სამუშაო დღეებში, ხუთშაბათ-პარასკევს - 18-19 ნოემბერს გადმოიტანეს. სასურველი კი იყო, უქმე დღეებში, თუნდაც ერთი კვირით ადრე გამართულიყო - სამსახურის გამო ახლა ბევრს შეექმნება პრობლემა. თუმცა ფინალური შეხვედრები, ანუ ყველაზე საინტერესო ნაწილი საღამოს გაიმართება, რაც შანსს მომუშავე ქომაგებსაც აძლევს. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია, ანუ ბილეთები არ გაიყიდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ჩემპიონატში ყველა იასპარეზებს, ვისაც კი გაისად ნაკრებში მოხვედრის სურვილი და პერსპექტივა გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყნის მომავალ პირველობამდე მოუწევთ მოცდაო, გვითხრა ლიპარტელიანმა. შეღავათს მხოლოდ იმათ მისცემენ, ვინც მართლა ავად იქნება და ექიმის ცნობა ექნება, ოღონდ სამედიცინო შტაბიც გააფრთხილეს, რომ ყალბი ცნობის გამოვლენის შემთხვევაში პასუხს აგებენ. ლიპარტელიანმა აპირებს, პირადად გადაამოწმოს ყველა ასეთი შემთხვევა. არადა, დასამალიც რაღაა, კულუარებში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ მავანთ უკვე დაიწყეს ჩივილი, ტრავმები გვაქვს, ვერ ვიჭიდავებთო, ზოგნი კი ძველ მეთოდებს ვერ ივიწყებენ და შიდა გარჩევებით, ანუ კონკურენტებზე ზემოქმედებით ებღაუჭებიან ხავსს და ასე ცდილობენ ნაკრებისკენ გზის გაკვლევას. თუმცა გვაიმედებს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის, მწვრთნელთა ახალი შტაბის პრინციპულობა.

ფედერაციას ერთსაც ვურჩევთ - მკაცრად გააფრთხილოს სპორტსმენები, რომ ჩხუბის შემთხვევაში აუცილებლად გაატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს დისკვალიფიკაციის ჩათვლით და ეს მუქარა რეალურადაც აასრულოს, თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა. სამწუხაროდ, ჩხუბი და აყალ-მაყალი საქართველოში სპორტულ შეჯიბრებებზე უცხო არ არის, მაგრამ ძიუდოში ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და კრიმინალამდე მიდის. საბედნიეროდ, აქამდე ფატალური შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მეტოქის დაჭრა, ცემა, ტატამზე შევარდნა და ცხვირ-პირის მტვრევა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით არაერთხელ მომხდარა. ქომაგის საკითხი ცალკე პრობლემაა, მაგრამ ხშირად ამ აურზაურის ინსპირატორები მოჭიდავეები არიან, რომლებსაც მეტი თავშეკავება მართებთ. თან ჩხუბისთავებად ძირითადად ერთი და იგივე პიროვნებები გამოდიან. ამასთან, ძიუდოა, სამბო თუ ქართული ჭიდაობა, ყოველთვის ეს ხალხი ჩხუბობს, ყოველთვის მათ შეხვედრებს ახლავს აყალ-მაყალი, რადგან სულ ძიძგილაობაზე უჭირავთ თვალი.

ვფიქრობთ, ასეთებს დისკვალიფიკაცია დააშოშმინებთ. მით უფრო, რომ არც სპორტული თვალსაზრისით წარმოადგენენ ისეთ დონეს, მათთან შელევა სანანებელი გახდეს. მათი დასჯა კარგი მაგალითი იქნება ახალგაზრდებისთვის, ახლა კი მათაც ცუდ მაგალითს აძლევენ.

ცხადია, აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მსაჯობის პრობლემაც, რაც საქართველოში მართლაც დიდი თავსატეხია და ხშირად სპორტსმენთა პრეტენზიებიც სამართლიანია, თუმცა ეს ჩხუბს მაინც არ ამართლებს. საბედნიეროდ, ახლა საქართველოს ჩემპიონატის ყველა შეხვედრას ვიდეოფირზე იწერენ და მათი ნახვა ყოველთვის შეიძლება. თუ ვინმე მსაჯთა შეცდომით დაზარალდება, ანუ ვერ მოხვდება სამეულში, მას მწვრთნელები აუცილებლად მისცემენ შანსს. სამსაჯო პრობლემების მოსაგვარებლად შარშან ევროპულ ფედერაციასთან შეთანხმებით სლოვაკი მარიან ჰეპკა ჩამოიყვანეს, თუმცა მასაც კი აგინეს და თან სრულიად დაუმსახურებლად! კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მისი მაგინებელი რიგითი ქომაგი არ იყო. ასეთი ფაქტები უნდა გამოირიცხოს. დასამალი არც ისაა, რომ ხშირად მსაჯები შეგნებულადაც სცოდავდნენ, მაგრამ იმედია, ასე აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში, პირადად შევესწარი, სოსო ლიპარტელიანი ობიექტური მსაჯობის აუცილებლობაზე რომ ესაუბრებოდა ფედერაციის ხელმძღვანელობას და ობიექტურობის დაცვას სთხოვდა. კარგი იქნება, ხელმძღვანელობაც მაქსიმალურად თუ დაეხმარება ამ საქმეში. ლიპარტელიანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს ძალზე მკაცრი ჩემპიონატი იქნება, სადაც შეღავათი არავის ექნება და ყველას მიეცემა საშუალება, საკუთარი შესაძლებლობა სრულად წარმოაჩინოს.

აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ჩემპიონატმა მოჭიდავეთა ის ბირთვი უნდა გამოავლინოს, რომელიც გაისად საერთაშორისო ტურნირებსა თუ ევროპა-მსოფლიოს პირველობებზე ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, რომ იმ სეზონის პირველი საერთაშორისო რანგის შეჯიბრება 15-16 იანვარს ბაქოში გასამართი მასტერსის ტურნირია, სადაც მხოლოდ მსოფლიოს რეიტინგის 16-16 მოწინავე ძიუდოისტი და 2-2 სათადარიგოა მიწვეული, მეორე კი 29-30 იანვარს გასამართი თბილისის მსოფლიოს თასია.

ბოლოს, 23-წლიანთა ევროპის პირველობაზეც ვთქვათ, რომელში მონაწილეობაც საქართველოს ჩემპიონატმა შეიწირა. ის ტურნირი ამ შეჯიბრების პარალელურად - 19-21 ნოემბერს ტარდება ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში და ჩვენი გუნდის გაგზავნაზეც ამიტომ ითქვა უარი - იმ გუნდის უკლებლივ ყველა კანდიდატი საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული