ამან იმთავითვე გაკვირვება გამოიწვია, რადგან მოქალაქეობის შეცვლა ასე იოლად, სპორტსმენის სურვილის მიხედვით არ
ყველაზე გასაკვირი სწორედ ის იყო, საერთაშორისო ფედერაცია როგორ აძლევდა გამოსვლის ნებას.
და აი, კვანძი მოულოდნელად გაიხსნა - მოლდოვური ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დუმიტრუ ეშანმა აღიარა, რომ ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მანოლაკის სახელით, ოღონდ მისგან დაუკითხავად, სპორტსმენების გაშვებაზე თანხმობა საერთაშორისო ფედერაციაში მან გაგზავნა, რისთვისაც მანოლაკის ხელწერაც კი გააყალბა!
თავისი გადაწყვეტილება ეშანმა იმით ახსნა, რომ ბიჭებს ფულის შოვნაში ხელს ვერ შეუშლიდა.
"ჩვენ მათ ვერაფრით ვეხმარებოდით და ოლიმპიადის შემდეგ ისინი სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდნენ. უფლება არ მქონდა, მათთვის წასვლა დამეშალა და ფულის შოვნაში ხელი შემეშალა.
საერთაშორისო ფედერაციაშიც მე გავგზავნე თანხმობა. მაშინ მანოლაკი შვებულებაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამიტომ დოკუმენტზე ხელი მის ნაცვლად მე მოვაწერე, ზუსტად მივამსგავსე მის ხელმოწერას" - გამოტყდა ეშანი...
სიმართლე გითხრათ, მოლდოვური ფედერაციის ქმედებაში პირველად მაშინ დავეჭვდი, როცა არაბულმა მხარემ განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდა და მათ არაფერი დაურღვევიათო - გიჟი უნდა იყო, რომ ისეთ აშკარა კანონდარღვევაზე და დისკვალიფიკაციაზე წახვიდე, რაც გაქცევის შემთხვევაში იმ სპორტსმენებსა და არაბულ ფედერაციას ელოდათ.
საერთაშორისო ფედერაციის დუმილმა აზიურ ჩემპიონატში მოლდოველთა გამოსვლაზე ეჭვი უფრო გააძლიერა, რომ მანოლაკი და მისი ქვეშევრდომები მოსაჩვენებლად ხმაურობდნენ, თორემ "ძაღლის თავი" სადღაც მათ ახლოს ჩანდა დამარხული.
მით უფრო, თავიდან მანოლაკმა ისიც კი თქვა, არსადაც არ გაქცეულან და როგორც კი ტაშკენტში ერთობლივი შეკრება დასრულდება, მაშინვე უკან დაბრუნდებიანო.
საკუთარი სიმართლის დამტკიცება და სურვილის შემთხვევაში იმ სპორტსმენების დაბრუნება მათ ოდნავადაც არ გაუჭირდებოდათ, ამ საქმეში იმდენი "თეთრი ძაფი" ჩანდა.
ეჭვები დაადასტურა მოლდოვის სპორტის მინისტრმა ოქტავიან ციკუმ, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა მანოლაკი:
"ეს ყველაფერი მანოლაკის და მისი გუნდის დადგმული სპექტაკლია, რომელიც ადრევე დაგეგმეს.
საემიროების წარმომადგენელმაც და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმაც პირდაპირ მითხრეს, რომ გადასვლა მანოლაკის თანხმობით მოხდა".
ვგონებთ, აქ საკამათოც არაფერია. დაუზუსტებელ ფაქტებზე წერა ძალზე ძნელია, მაგრამ ვეჭვობთ, არაბებმა მანოლაკი და მოლდოვური ძიუდოს მთელი ხელმძღვანელობა ფულით მოისყიდეს...
მით უფრო, რომ ფედერაციის სხდომაზე მანოლაკი, მართალია, არც გაშვებას დაეთანხმა, მაგრამ დაბრუნებაც არ მოუთხოვია კატეგორიულად, ხოლო ნაკრების ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ ბოკალი უკვე დაეთანხმა მათ გათავისუფლებას.
ახლა საქმე ისაა, რა ბედი ელის ეშანს, რომელმაც საბუთების გაყალბება უკვე აღიარა... მან გენერალური მდივნის თანამდებობა კი დატოვა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ახლა სამართალდამცავებთან მოუხდეს საქმის დაჭერა.
ყოველ შემთხვევაში, მანოლაკმა განაცხადა, ნებისმიერი ფალსიფიკაცია კანონით ისჯებაო, თუმცა მისი გულწრფელობა უკვე აღარაა დასაჯერებელი.
სამაგიეროდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ცოტა ადრე საქმეში პროკურატურის ჩართვა სპორტის მინისტრმა ციკუმ მოითხოვა.
თუ მოსყიდვაზე ვარაუდი მართალია, ვერაფრით გავამართლებთ მათ პოზიციას, რაგინდ კეთილშობილური მიზეზითაც უნდა შეფუთონ ის (თუნდაც სპორტსმენთა მომავალზე ზრუნვით) - ეს საკუთარი ქვეყნის ღალატია.
მსგავსი პრობლემა ქართულ ფედერაციასაც უდგას, სადაც, იმედია, ეშანები და მანოლაკები არ აღმოჩნდებიან.
ესტონეთი მსოფლიოს გარეშე?
ვიდრე მოლდოველები ასეთ არაორდინარულ ვითარებაში არიან, არანაკლებ გასაკვირი ამბავი მოვიდა ესტონეთიდან - იქაური ნაკრების თავკაცმა ალექსეი ბუდოლინიმ განაცხადა, გუნდის სადღეისო ფორმიდან გამომდინარე, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას აზრი არ აქვს და იქნებ აგვისტოს ბოლოს რიო დე ჟანეიროში გასამართი მსოფლიოს პირველობა სულაც გამოვტოვოთო, თუმცა იქვე ისიც დასძინა, მანამდე კიდევ დავაკვირდებით სპორტსმენებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ისე მივიღებთო.
ალექსეი ბუდოლინი და ჩვენი ნაკრების დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ერთ დროს და ერთ წონაში ჭიდაობდნენ, ოღონდ უზნაძე მაშინ თურქეთის სახელით გამოდიოდა და ძირითადი კონკურენტებიც იყვნენ.
2002 წლის ევროპის პირველობის ფინალშიც ისინი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ესტონელმა ტრავმის გამო ვერ იჭიდავა და ჩვენებური კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
აპრილში ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატი ორივე მწვრთნელისთვის პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო, რომელიც დიამეტრულად განსხვავებული შედეგით დაასრულეს - ქართველისთვის თუ ტრიუმფალური გამოდგა და ტურნირის ზეწარმატებულ დამრიგებლად იქცა, ხოლო საქართველოს სარეკორდო ევროპირველობა მოუტანა (7 მედალი), ესტონელისთვის სრული კრახით დასრულდა, ვინაიდან მისმა შეგირდებმა არათუ პრიზიორებში მოხვედრა ვერ შეძლეს, შვიდეულშიც კი ვერ შევიდნენ.
ესტონელთაგან მხოლოდ ალექსანდრ მარმელიუკმა (90) დაგვამახსოვრა თავი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის გამარჯვებულთან, ოლიმპიურ ჩემპიონ ილიას ილიადისთან მოპოვებული წმინდა მოგებით.
უზნაძისგან განსხვავებით, რომელმაც არეული გუნდი ჩაიბარა და ვითარება დაალაგა, ბუდოლინს ესტონელები თავიდანვე აუჯანყდნენ - ლიდერთა უმეტესობამ უნდობლობა გამოუცხადა და კონტინენტის პირველობისთვის მზადება პირად მწვრთნელებთან გააგრძელეს.
ესტონეთის ნაკრები არ არის ლიდერი გუნდი, თუმცა ელნურ ალიევის (60), კინტერ როტბერგის (66), და იმავე მარმელიუკის დონის ფალავნები მოეპოვება; აი, ევროპის ჩემპიონი მარტინ პადარი (+100) კი მათზე ბევრად ანგარიშგასაწევია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"