ტიუმენმა რეიტინგი გაგვიუმჯობესა - ციმბირმა მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილს ავნო

AutoSharing Option
გამოქვეყნდა ძიუდოს ახალი საერთაშორისო რეიტინგი, რამაც ჩვენებს, ორიოდე გამონაკლისის გარდა, არსებითი ცვლილებები არ მოუტანა. უმეტეს წონებში კვლავაც მტკიცედ ვლიდერობთ, რაც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილებში ყოფნას, ანუ შედარებით "მშვიდ ცხოვრებას" გვიქადის.

66 კგ
ამ წონაში ერთი ადგილით უკან დაიხია ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც მეორე ადგილიდან მესამემდე ჩამოაქვეითა ფრანგმა დავიდ ლაროსემ.

ეს ცვლილება ტიუმენურმა ტურნირმა გამოიწვია - ჩვენებურს იქ არ უასპარეზია, თუმცა არც არაფერი განახევრებ-დაჰკლებია და კვლავ 1436 ქულა დარჩა. ლაროსე კი მესამეზე
გავიდა და მონაგარიც 1524-მდე გაზარდა.

ლაშას ივნისში კიდევ დააკლდება მონაგარი - გაუნახევრდება შარშან ჯერ ბრაზილიაში მოპოვებული 120 ქულა, მერე კი არგენტინის მსოფლიოს თასის 100 ქულა. დარჩენილები 50%-იანებში კი გადავა, რაც იქაურ მარაგს გაუზრდის, მაგრამ 100%-იანებში მათ ნაცვლად არაფერი შემოვა, რადგან ამდენ ტურნირში არ უჭიდავია.

აი, მოსკოვში თუ წარმატებით გამოვა, ამ დანაკლისს შეივსებს. ამდენად, რჩება რაღაც შანსი, ვფიქრობთ, მინიმალური, რომ მსოფლიოსთვის ის საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდეს, თუმცა ამ დონის ფალავნისთვის განთესვაზე უფრო მნიშვნელოვანია, კარგად მოემზადოს ტურნირისთვის. ამ მხრივ კი, მისი იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.

ამავე წონაში შალვა ქარდავა 416 ქულით 24-ეა.

73 კგ
საეჭვოა, აქ რომელიმე ჩვენებური მსოფლიოს პირველობაზე განთესილთა შორის მოხვდეს - ზებედა რეხვიაშვილი 622 ქულით მე-15 ადგილზეა, ნუგზარ ტატალაშვილი 578-ით - მე-19-ეზე.

თუმცა რეხვიაშვილი მერვე ადგილზე მდგარ ნიკოლას დელპოპოლოს 230 ქულით ჩამორჩება. ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი მოსკოვში წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, ოღონდ ეს მხოლოდ ჩვენებურზეც არ იქნება დამოკიდებული - სხვების შედეგსაც გააჩნია.

81 კგ
ჩვენდა სასიხარულოდ, რეიტინგის სათავეს ავთანდილ ჭრიკიშვილი დაუბრუნდა. მასტერსამდე ის ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს ჩამორჩებოდა, ტიუმენში კი ორივე მესამეზე გავიდა.

ამისთვის მათ 280-280 ქულა დაერიცხათ, მაგრამ საქმე სხვაა - ეს ლათინოსის წლევანდელ 6 საუკეთესო შედეგში შევიდა, ოღონდ საამისოდ იქიდან ადრინდელი 120 ქულა ამოაგდო. რეალურად, მას ადრინდელ მონაგარზე 160 ქულა დაემატა, ჭრიკიშვილს კი წლეულს 6 ტურნირში არც ჰქონდა ნაჭიდავები.

ამდენად, მას ადრინდელზე 280 ქულა დაემატა და 1620 გაუხდა, პენალბერს - 1586. ამ დუეტმა კორეელი ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯაე ბუმიც კი ჩამოიტოვა, რომელსაც დიუსელდორფის "დიდი მუზარადის" შემდეგ, სადაც ლევან წიკლაურმა მოუგო, არსად უჭიდავია. სავარაუდოდ, ისიც და გალსტიანიც მოსკოვში გამოვლენ, თუმცა მანამდე "დიდი პრიზის" ტურნირები მაიამსა და ულან-ბატორშიც ტარდება. შეიძლება, იქაც იჭიდაოს.

ჯერჯერობით მეშვიდეა ლევან წიკლაური 952 ქულით და კარგი შანსი აქვს, მსოფლიოზე (ცხადია, თუ ანდობენ ნაკრებში ადგილს) განთესილებში იყოს. მას განახევრება-განულება არ ემუქრება, ჭრიკიშვილს კი შარშან არგენტინაში დამსახურებული 100 ქულა გაუნახევრდება. სამაგიეროდ, პენალბერს მშობლიურ "დიდ პრიზზე" აღებული 300 ქულა გაუნახევრდება.

90 კგ
ეს მეორე წონითი კატეგორიაა, სადაც რეიტინგის ლიდერი გვყავს - ვალერი ლიპარტელიანმა შეინარჩუნა პირველი ადგილი. მეტიც - ქულათა მარაგი 1782-დან 2062-მდე გაზარდა.

ივნისის დასაწყისში მას შარშან ბრაზილიურ "მუზარადზე" მოპოვებული 300 ქულიდან ნახევარი კი ჩამოაკლდება, მაგრამ კუბელი ეშლი გონსალესი და გაბერძნებული ილიას ილიადისი მაინც ვერ დაეწევიან.

მეტიც - გონსალესს შარშანწინ ბრაზილიაში "მუზარადსა" და მაშინდელ მსოფლიოს თასზე აღებული 280 ქულა გაუნულდება.

532 ქულით საკმაოდ კარგ - მე-15 პოზიციაზეა ზვიად გოგოჭურიც, რომელსაც ტურნირთა სიმცირის გამო განულება-განახევრება არ ემუქრება.

100 კგ
აჯობებს, ამ წონაში რეიტინგი კი არა, ძიუდოისტი ვეძებოთ. ბედის ირონიით, აქ დღეს ჩვენგან საუკეთესო მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეა, რომელმაც უკვე დაანება თავი ჭიდაობას. ის 438 ქულით 23-ეა, 430-ით კი 24-ე პოზიციაზე ლევან ჟორჟოლიანია. მან რამდენჯერმე სცადა დაბრუნება, მაგრამ ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ჩაერთო გუნდში.

+100 კგ
ტიუმენში მოპოვებული გამარჯვებით ქულათა მარაგიც გვარიანად გაზარდა და რეიტინგშიც ერთი ადგილით დაწინაურდა ადამ ოქრუაშვილი - 1112-დან 1810 გაუხდა და მესამეზე აინაცვლა.

ცუდი ისაა, რომ ივნისში მას ბრაზილია-არგენტინაში მოპოვებული 400 ქულა გაუნახევრდება, რისი საშიშროება არც მის მდევარ კორეელ სუნგ-მინ კიმს ემუქრება და არც მის წინ მდგომ ბრაზილიელ რაფაელ სილვას, ვისაც ტიუმენში ბრწყინვალედ აჯობა.

კორეელი ჩვენებურს იმდენად ჩამორჩება, მსოფლიომდე 1-2 დიდქულიანი შეჯიბრების მოგებით თუ გადაასწრებს, რაც საეჭვო გვგონია. თვითონ ოქრუაშვილი კი სილვას სულ რაღაც 20 ქულით ჩამორჩება.

ის განახევრება ჩვენებურს იმდენად არ დააზარალებს, მეოთხემდე დაქვეითდეს, რაც მსოფლიოზე მთავარ კონკურენტ ტედი რინერის ფინალამდე აარიდებს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ წლეულს მსოფლიოს პირველობა ბრაზილიაში ტარდება. იქ კი ფრანგზე არანაკლებ საშიში მათი ფალავნები იქნებიან.

იხილეთ პირველი ნაწილი:
ტიუმენმა რეიტინგი გაგვიუმჯობესა - ამირან პაპინაშვილი კვლავ მეორეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული