მხარმოტეხილი გუნდები - ტრავმებმა ჭაბუკი მოჭიდავეები დაგვიზარალეს

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკთა გუნდების მწვრთნელებმა დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლებითაც 21-23 ივნისს ტალინში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში გამოვლენ.

ამ მხრივ, უფრო რთულ ვითარებაში ბიჭების გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე აღმოჩნდა, რომელიც ტრავმებმა ფრიად დააზარალა. პოლონეთის ტურნირზე ხელი მოიტეხა 55 კილოგრამში ლიდერად შეგულებულმა თორნიკე ნაგლიაშვილმა.

მას თაბაშირს 14 ივნისს მოხსნიან, თითებს უკვე ამოძრავებს და ვინძლო, მსოფლიოს პირველობისთვის მაინც მოასწროს გამოჯანმრთელება.

ცირეკიძეს თითქოს ეს არ ეყოფოდა და სამიოდე დღის წინათ ვარჯიშზე მხარი ამოუვარდა 81-ში ასევე ლიდერად ჩამოყალიბებულ გიორგი ქურდიანს.

სამწუხაროდ, მწვრთნელებს აქ სხვა ალტერნატივა არც
ჰქონდათ და ტალინში ამ წონაში მონაწილე არ გვეყოლება. ეს ვაკანსია კიდევ ერთ წონაში გვაძლევს გაორების საშუალებას, მაგრამ აქაც ჯანმრთელობის პრობლემაა - მწვრთნელებს ზვიად ხუბულურის (60) წაყვანა სურთ, მაგრამ მას თირკმელები აწუხებს და არ იციან, დართავენ თუ არა ექიმები ასპარეზობის ნებას.

შესაძლოა, ეს საკითხი დღესაც გაირკვეს, მაგრამ თუ ხუბულური მათ ვერ დაეხმარება, მაშინ ჭაბუკებში ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ერეკლე არხოზაშვილს წაიყვანენ, რომელიც მაშინ 50-ში გამოდიოდა, ახლა კი 55-ში ჭიდაობს.

ცირეკიძის გადაწყვეტილებით, ტალინში რობიზონ ბეგლარიშვილი (50), ბექა ნათათრალაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი (60), კობა მჭედლიშვილი, სიმონ მამარდაშვილი (ორივე - 66), თამაზ კირაკოზაშვილი (73), გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (ორივე - 90) და ჯაბა მუმლაძე (+90) იჭიდავებენ.

ამათგან მჭედლიშვილიც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ნათათრალაშვილი და რამაზაშვილი - ვერცხლისმედალოსნები არიან, კაციაშვილი კი მესამეპრიზიორია. ოღონდ მჭედლიშვილი და კაციაშვილი შარშან თითო წონით დაბლა ჭიდაობდნენ.

ტალინში გოგონების ტურნირშიც გვეყოლება გუნდი - გია თენაძის გადაწყვეტილებით, იქ მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე - 48), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (52) და ხატია ჯანაშვილი (63) გამოვლენ.

ცირეკიძის არ იყოს, ტრავმებმა თენაძესაც შეუქმნა პრობლემები - გუნდის გამოკვეთილ ლიდერ მარიამ ჯანაშვილს წელი და მხარი სტკივა. კი მკურნალობენ, მაგრამ სრული კურსის გავლას ვერ ასწრებენ და, სავარაუდოდ, გამაყუჩებლებით მოუწევს იქ გამოსვლა.

გოგონებიც და ბიჭებიც გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში გადიან შეკრებას, ესტონეთში კი 19 ივნისს, გამთენიისას გაფრინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული