საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მოსკოვის ტურნირისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 9 ივლისს დაასრულა შეკრება ბაკურიანში, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას ეთმობოდა.

გუნდი უკვე დაბრუნდა თბილისში და მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემაც დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 20-21 ივლისს მოსკოვში "დიდ მუზარადზე" იასპარეზებს: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი (ორივე - 66), ზებედა რეხვიაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), ზვიად გოგოჭური (90), ნოდარ მეტრეველი, ვალერი ლიპარტელიანი (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

ბაკურიანში განვლილმა შეკრებამ, უფრო კი მისმა ტიპმა, დიდი გავლენა მოახდინა ამ შემადგენლობის დაკომპლექტებაზე - ფიზიკური ვარჯიშების
შემდეგ პირდაპირ ტურნირზე გამოსვლა და ჭიდაობა არაა რეკომენდებული, რადგან ორგანიზმს დასვენება, ადაპტაცია სჭირდება.

ამიტომ უზნაძემ ამჯერად დაასვენა რამდენიმე ლიდერი, რომლებსაც სასტარტო პრაქტიკა არ უნდათ - ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81).

მწვრთნელი წონას არ აკლებინებს ლიპარტელიანს, რომელიც ამჯერად 100-ში იასპარეზებს...

ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ყველაფერს სარეიტინგო რეალობაც ემატება - ზოგს მოწინავე ოქტეტში დასამკვიდრებლად ქულათა მარაგის შევსება სჭირდება, რათა განთესილთა შორის მოხვდეს, მაგალითად - წიკლაურს.

ჩვენებს რეიტინგში კარგი პოზიციები კი უჭირავთ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს სიები მუდმივად იცვლება - ზოგს უნახევრდება გარკვეული ტურნირის ქულები, ზოგს სულაც უნულდება, რაც საერთო მაჩვენებელზეც ახდენს გავლენას.

ჩვენებურთა პოზიციებიც ზოგან ამიტომ შეირყა, თუმცა არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მსოფლიოს წლევანდელ პირველობაზე განითესება არა ძველებურად 8, არამედ 16 სპორტსმენი, თუმცა ამ ინფორმაციაზე თავს ვერ დავდებთ.

როგორც ხედავთ, მოსკოვში არც ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) იჭიდავებს.

ამის მიზეზი ზემოჩამოთვლილებთან ერთად ლამის მოშუშებული ტრავმაცაა. მოგეხსენებათ, მას საზარდული აწუხებს, რაც ძირითადად კი მოგვარდა და ჩემპიონს თავს უმნიშვნელოდ ახსენებს, მაგრამ გარისკვად არ ღირს.

საბედნიეროდ, ბაკურიანულმა შეკრებამ ტრავმების გარეშე ჩაიარა და ყველამ ნაყოფიერად ივარჯიშა, შავდათუაშვილის ჩათვლით.

უზნაძე კმაყოფილია მზადების ამ ეტაპით. ახლა გუნდი ერთი კვირით თბილისში ივარჯიშებს, მხოლოდ გორელები მოემზადებიან საკუთარ ქალაქში. 18 ივლისს კი ნაკრები მოსკოვში გაფრინდება.

მოსკოვური ტურნირი ბოლო დიდი შესარჩევ-საკონტროლო შეჯიბრებაა აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (ყოველ შემთხვევაში, ჩვენებისთვის ნამდვილად ასეა), რაც მის მნიშვნელობას ზრდის.

მოსკოვში პირველ სასტარტო დღეს - 20 ივლისს ვაჟებიდან 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი მეორე დღეს გავლენ ტატამზე.

მოსკოვიდან ჩვენი ნაკრები სოჭში გადაინაცვლებს, სადაც 24 ივლისს ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კემპი დაიწყება. ზემოდასახელებულ შემადგენლობას იქ ნაკრების შინ დარჩენილი წევრებიც დაემატებიან - შავდათუაშვილი, ტატალაშვილი და ჭრიკიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული