მოსკოვმა "მუზარადი" არ მოგვარგო - ბოლო ტურნირის პერიპეტიები

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟთა ნაკრები თითო ოქროსა და ბრინჯაოს დასჯერდა მოსკოვის "დიდ მუზარადზე" - ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60) გახდა, მესამეზე კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გავიდა.

ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ორი ქართველი ჭიდაობდა - ზვიად გოგოჭური (90) და ლევან მატიაშვილი (+100), მაგრამ ისინი დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

მწირი მონაგარის მიუხედავად, საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთეზე მაინც ვართ, ვაჟთა შორის კი - სულაც მეოთხეზე.

ცხადია, შედეგი არაა ისეთი შთამბეჭდავი, რასაც ბოლო თვეებში ძიუდოისტთა ნაკრებმა მიგვაჩვია, მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ბაკურიანული ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრების ბრალია და
ქართული ძიუდოსთვის სიმპტომური ამბავი არ ხდება, როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში კარგად გამოვდიოდით ევროპის პირველობებზე, ანუ სეზონის პირველ ნახევარში, მაგრამ ვაგდებდით მეორე ნაწილს.

ტურნირზე მთლად ასეთი საგანგაშო არაფერი შეგვინიშნავს, თუმცა ვიცით, აუცილებლად გაჩნდება კითხვა უმედლობის თაობაზე და სკეპტიკოსებიც გამოჩნდებიან.

სადღაც მათიც გვესმის - შიშს ისედაც დიდი თვალები აქვს, რაც ჩვენ ბოლო წლებმა კიდევ უფრო გაგვიფართოვა. წინ კიდევ დარჩენილია მოსამზადებელი შეკრებები და ნაკლოვანებების გამოსწორების იმედი ვიქონიოთ.

მოსკოვში გუნდის უმეტესობა ცოტა გადაღლილი, ადრინდელთან შედარებით ინერტული ჩანდა.

სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ბაკურიანის შემდეგ დასვენება არ ეყოთ. თუ მიზეზი მართლაც ესაა, იოლად გამოსწორებადია, თუმცა ნაკრების რამდენიმე წევრმა კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, დაგვანახვა პროგრესი.

აი, ეს კი გვავარაუდებინებს, რომ გუნდი სწორი გზით მიდის, ხოლო პრობლემები ზემოაღნიშნულითაა გამოწვეული.

ისევ პაპინა-ოქრო

"პაპინა-უკვე" - უკვე მერამდენედ გვიწევს ამ სასიამოვნო მეტსახელის დაწერა, რაც კასპელი ფალავნის დამსახურებაა.

უზნაძის ხელში, ახალი წესების შემდეგ მან საგრძნობლად მოუმატა, ჭიდაობაც გარდაქმნა, შედეგებიც მოიმკო და წონის გამოკვეთილ ლიდერადაც იქცა.

"პაპინაშვილი მწვრთნელის გეგმას - ეჭიდავათ ახლოდან და დაესწროთ პირველი ჩავლება მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი ზედა ჩავლებაზე ემუშავათ, ყველაზე ნაკლებად იცავდა, ოღონდ არა სიჯიუტის გამო - მისი სტილი ცოტა განსხვავებულია, უფრო თავისუფლად, დისტანციიდან ბრძოლას არჩევდა, შედარებით ბევრსაც მოძრაობდა და გამუდმებით აწუხებდა მეტოქეებს," - ეს სიტყვები წლეულს თებერვალში, დიუსელდორფის ტურნირის შემდეგ დავწერეთ, სადაც მესამეზე გავიდა.

მას შემდეგ უზნაძემ მისი საჭიდაო სტილი საფუძვლიანად გარდაქმნა და მოარგო ახალ წესებს - უკვე პირველ ჩავლებაზეც ჭიდაობს, თან ახლო დისტანციიდან. ამავდროულად, კვლავაც ბევრს მოძრაობს და მეტოქეს აქეთ-იქით დაათრევს, ანუ ისევ წნეხში ჰყავს.

ამასთან, ტექნიკურადაც კარგად ირჯება. მოსკოვში ის პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი შეხვედრის დასრულებამდე 1.34 წუთით ადრე ჰოლანდიელი ევროპის ორგზის მედალოსანი ხერუნ მოორენი მშვენიერი ბრუნით გადააგდო იპონზე. მასთან კარიერაში მეორედ იმარჯვა.

მეოთხედფინალშიც კარგად ნაცნობი მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევი, ვისთანაც აქამდე სამჯერ მოეგო.

შეხვედრის შუაში მუშკიევმა გარესარმით ვაზარი მოიპოვა და პირველად მიეცა ჩვენებურთან მოგების რეალური შანსი, ოღონდ ვინ დააცალა - ორთაბრძოლის მიწურულს პაპინაშვილი კარგად შეეკრა და ბრუნის მსგავსად წამოიღო, ოღონდ რაღაც უცნაური ტრაექტორიაც გააკეთა - პრაქტიკულად, ჰაერში აწეულმა მარჯვენა ფეხით ამოსმულიც მიაყოლა და აზერბაიჯანელი ზურგს უკან გადააგდო.

გდება იმდენად ეფექტური გამოდგა, ოპერატორებმა პირდაპირი რეპორტაჟისას გაიმეორეს, რაც იშვიათად ხდება.

მსაჯმა ილეთი ვაზარად შეაფასა, თუმცა პაპინაშვილმა მეტოქე იქვე შებოჭა. ეფექტური იყო სომეხთა მსოფლიოს პრიზიორსა და ევროპის ორგზის ვიცე-ჩეპიონ ჰოვანეს დავთიანთან გაკეთებული ბრუნიც - ამ დროს გაფრთხილებებითაც უგებდა, იუკოც ჰქონდა და მეტოქეც ვა-ბანკზე წავიდა, რითაც ჩვენებურმა ჩინებულად ისარგებლა.

ფინალში მისი მეტოქე ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაი იყო, რომელმაც დიუსელდორფის წლევანდელი ტურნირის მსგავსად, პაპინაშვილს ვერც ამჯერად გაუწია ჯეროვანი წინააღმდეგობა - ბრაზილიელმა პირველ ნახევარში იმდენი კი მოახერხა, ქულა არ დაკარგა, მაგრამ ზუსტად 2.30-ზე პაპინაშვილმა კარგად აუღო ჩავლება მაჯებზე და მოგვერდით უზადოდ დააგდო. მსაჯმა ილეთი თავიდან იუკოთი შეაფასა, მაგრამ შეცდომა მყისვე გამოასწორა.

პაპინაშვილი ამ ოქროსთვის 500 ქულას შეიმატებს, რითაც რეიტინგში იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსაც გადაუსწრებს და აგვისტოს ბოლოს გასამართ მსოფლიოს პირველობას ცხრილის ლიდერად შეხვდება.

ბრინჯაოს ხალხი
ვინ იცის, რა წვლილი მიუძღვით მსაჯებს ზებედა რეხვიაშვილის მესამე ადგილზე დატოვებაში - მეოთხედფინალში მათ ბელგიელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორს, ტურნირის მომავალ გამარჯვებულ დირკ ვან ტიხელტს ძალზე საეჭვო ვითარებაში მისცეს იპონი...

ილეთისთვის მზადება აშკარად ბელგიელმა დაიწყო, მაგრამ გდება ვერ მოახერხა და მცდელობა ჩაიშალა. მეტოქეებმა ჩახვეული ფეხიც კი გახსნეს და რეხვიაშვილმა ტატამზეც დადგა ის, რითაც უკვე მან დაიწყო ილეთისთვის მზადება და ამოსმულით წამოიღო, მაგრამ ტიხელტმა ქამარში ჩავლება შეინარჩუნა და ვარდნისას ილეთი გაუგრძელა.

აი, სწორედ ამ ეპიზოდში გადაგორდა ჩვენებური ბეჭებზე, თუმცა მანამ ბელგიელი დავარდა ბეჭებზე, მაგრამ არბიტრმა რატომღაც გდება მაინც მას ჩაუთვალა. ოპერატორები ამ ეპიზოდს დიდხანს იმეორებდნენ და კომენტატორიც უფრო იმ აზრისკენ იხრებოდა, რომ ფანდი ქართველმა დაიწყო.

არადა, რეხვიაშვილი შესანიშნავად იყო მომზადებული და პაპინაშვილთან ერთად თუ ვინმეს გამოვარჩევთ, უდავოდ - მას. პირველ წრეში ამ სეზონში უკვე მეორედ მოუგო რუს მურად კოძოკოვს - მაჯებიდან საიმედო ჩავლებით გარეფეხით გამოცელა, ბრაზილიელი მარსელო კონტინი პირდაპირ დააიპონა, სანუგეშოში ამერიკელ ნიკოლა დელპოპოლოს სამივე ხარისხის ქულა აართვა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი გააბითურა - კარგად გადაავლო და გარესარმით მოწყვეტით გადაჩეხა იპონზე.

პროგრესი რეხვიაშვილსაც ეტყობა - იმავე ჩავლებებში, ფიზიკურ მომზადებაში, ტექნიკურ-ტაქტიკურ ასპექტებში.

საწყენია, ასეთ საეჭვო ვითარებაში რომ წააგო. ამით მან 200 ქულა შეიმატა და რეიტინგის განახლების შემდეგ, როცა ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი გაუნულდება ქულები, შესაძლოა, მსოფლიოზე 8 განთესილს შორისაც მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ ახლა რეიტინგში მერვე ნომერი დელპოპოლოა.

წინასწარ შეხვედრებში გოგოჭური თავიდან ისვენებდა, მერე კი ბრაზილიელ ედუარდო სილვას გაფრთხილებებით მოუგო.

მეოთხედფინალში ჩვენებური რუს იური პანასენკოვთან წმინდად დამარცხდა - თავიდან გაფრთხილებებით აგებდა, რისი გაქვითვაც კი შეძლო, მაგრამ ეტყობა, დაიღალა და შეხვედრის ბოლოს ჯერ ძალიან იოლად გადაჰყვა ილეთზე, როცა რუსი ჩავლებიდან უკან გადაკოტრიალდა და ვაზარი მიიღო, დასრულებამდე 27 წამით ადრე კი ჩვენებურმა მეტოქე იოლად შეუშვა შეკვრაზე, რომელმაც ბრუნით იპონზე გადააგდო.

დამამშვიდებლის პირველ წრეში გოგოჭურს ჰოლანდიელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ხიიომ ელმონტი არ გამოუცხადდა, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაპონელმა ჰიროტაკა კატომ დასაწყისშივე მტკივნეულზე დაიჭირა.

მატიაშვილმა პირველად ორი იუკოთი ადამ ოქრუაშვილის უმცროსი ძმა, აზერბაიჯანში გადასული ვახტანგ ბიტიევი დაამარცხა; რუს ალექსანდრ ვოლკოვს ჯერ გაფრთხილებებით გაუთანაბრა ანგარიში, შეხვედრის მიწურულს კი ტექნიკურ-ტაქტიკურად სწორად გაისარჯა - ფეხიც კარგად ჩაუხვია, მხარიც ეფექტურად ჩაუდგა და მიწოლით იუკოზე იოლად გადააგდო.

ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი რაფაელ სილვა ისე გამოცელა, პირდაპირ იპონზე ხომ დააგდო, მხარიც ატკინა და, ვგონებთ, მეტოქე ვარდნისას გაითიშა კიდეც - თავით დაეცა.

ამის შემდეგ ჩვენებურს მალევე მოუწია საჭიდაოდ გასვლა ჩინებულად მოასპარეზე გერმანელ რობერტ ზიმერმანთან, რომელიც 21 ივლისს წარმატებით იყენებდა თავის საყვარელ ფანდს - ჩავლებიდან ფეხის ამოსმით უკუგდებით რამდენიმე მეტოქე დააიპონა. ნახევარფინალში ჩვენებურთან ეს ილეთი არ გამოუვიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ გდებაზე შებოჭა.

დამამშვიდებლის ფინალში მატიაშვილი ყირგიზმა იური კრაკოვეცკიმ გარესარმით საიპონედ მოცელა... ჩვენებურის გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან ჯერ 20 წლისაა, თუმცა დაიღალა.

ალბათ, იმის გამო, რომ შეკრების შემდეგ (მან ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გაიარა და არა ეროვნულთან) ყაზანშიც იჭიდავა უნივერსიადაზე. თან სიმაღლითაც პატარაა - თითქმის ყველა მეტოქე მასზე დიდი იყო, მაგრამ ამ ხარვეზს სწორი ჭიდაობით და ილეთებით აბათილებს - ამას თუნდაც მოწინაღმდეგეთა შორის ყველაზე მაღალ სილვასთან გაკეთებული გდება ადასტურებს.

წაგებულები
სამწუხაროდ, დანარჩენ ქართველებზე ბევრიც არაფერია სათქმელი... შალვა ქარდავა (66) პირველივე წრეში იუკოთი დამარცხდა შებერებულ რუს დენის ლავრენტიევთან.

ამავე წონაში უფროსებში საქართველოს ჩემპიონი ტრისტან ფეიქრიშვილი თავიდან ჰოლანდიელ გუნარ კოპს იპონით მოერია, მაგრამ რუსთა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ კამალ ხან-მაგომედოვთან სუფთად წააგო.

ნოდარ მეტრეველმა (100) რუსი ხაიბულა მაგომედოვი კი დააიპონა, მაგრამ ყაზახთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გაფრთხილებებით წააგო.

ამ წონაში დროებით მოასპარეზე ვალერი ლიპარტელიანი იაპონელ იუსიკე კუმაშიროსთან წმინდად მოგების შემდეგ უზბეკ რამზიდინ საიდოვთან კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა - 2 იუკოს და ვაზარის აგებდა, მაგრამ ფიზიკურად მასზე ბევრად დიდმა მეტოქემ შებოჭა.

ადამ ოქრუაშვილს წამიერი მოდუნება იპონად დაუჯდა იაპონელ რიუტა იშიისთან და გავარდა.

არადა, მას წლეულს დიუსელდორფში რეტი დაასხა, ისეთ ბრუნზე დააბზრიალა.

ახლა ჩვენი ნაკრები მოსკოვიდან სოჭში გადაინაცვლებს, სადაც ერთკვირიან საწვრთნელ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირზე ნაჭიდავებ შემადგენლობას შეკრებაზე ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის ვერცხლისმედალოსანი ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დაემატებიან.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 2. ფელიპე კიტადაი (ბრაზილია); 3. ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი), ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი).
66 კგ. 1. კარლეს ჩიბანა (ბრაზილია); 2. კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი); 3. მირზაჰიდ ფარმონოვი (უზბეკეთი), ლუის რევიტე (ბრაზილია).
73 კგ. 1. დირკ ვან ტიხელტი (ბელგია); 2. დმიტრი იარცევი (რუსეთი); 3. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო), ნავრუზ ჯურაკობილოვი (უზბეკეთი).
81 კგ. 1. სვენ მარეში (გერმანია); 2. ვიტალი დუდჩიკი (უკრაინა); 3. სტანისლავ სემენოვი, ივან ვორობიოვი (ორივე - რუსეთი).
90 კგ. 1. გრიგორი სულემინი (რუსეთი); 2. ერკინ დანიოროვი (უზბეკეთი); 3. ალექსანდრ იურეცკა (ჩეხეთი), ჰიროტაკა კატო (იაპონია); 5. ზვიად გოგოჭური (საქართველო).
100 კგ. 1. ჯავად მაჰჯოუბი (ირანი); 2. რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი); 3. ლუსიანო კორეა (ბრაზილია), დიმიტრი პეტერსი (გერმანია).
+100 კგ. 1. რობერტ ზიმერმანი; 2. ანდრეას ტოლცერი (ორივე - გერმანია); 3. ფაიცელ ჯაბალანი (ტუნისი), იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი); 5. ლევან მატიაშვილი (საქართველო).

ქალები
48 კგ. 1. სარა მენეზესი (ბრაზილია); 2. ოტგონცეცეგ გალბადრახი (მონღოლეთი); 3. ლუსინე ავაქიანი (რუსეთი), მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი).
52 კგ. 1. იაანა სუნდბერგი (ფინეთი); 2. ერიკა მირანდა (ბრაზილია); 3. გილი კოენი, რონი შვარცი (ორივე - ისრაელი).
57 კგ. 1. მირიამ როპერი (გერმანია); 2. კეტლინ ქუადროსი; 3. რაფაელა სილვა (ორივე - ბრაზილია), საბრინა ფილზმოსერი (ავსტრია).
63 კგ. 1. იარდენ გერბი (ისრაელი); 2. ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია); 3. მუნგუნჩიმეგ ბალდორჯი (მონღოლეთი), მარტინა ტრაიდოსი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული