თუმცა ეს სია კვლავაც არაა საბოლოო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატამდე ის კიდევ ერთხელ შეიცვლება - ძიუდოისტებს გაუნახევრდებათ ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები, რადგან 3 აგვისტოს თამაშებიდან 1 წელიწადი სრულდება.
სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცვლილება არ შეეხება 2011 წლის პლანეტის პირველობის ქულებს - ის მაშინ 26 აგვისტოს დასრულდა, წლევანდელი კი 26-ში იწყება.
ანუ 2 წელიწადი ზუსტად სტარტის დღეს გადის და წესით, იმ ტურნირის ქულები რეიტინგიდან საერთოდ უნდა ამოვარდეს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია - წილისყრა
აი, წლევანდელი მსოფლიო 2-3 დღით გვიან რომ იწყებოდეს, მაშინ საკამათოც არაფერი იქნებოდა, თუმცა ვნახოთ, რას იზამს ამის თაობაზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია.
მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეიტინგი მნიშვნელოვნად განაპირობებს წილისყრას - 8 საუკეთესო სპორტსმენი განითესება და მათ წონის ლიდერებთან მეოთხედფინალამდე შეხვედრა არ მოუწევთ.
ბუნებრივია, მხოლოდ განთესვა ვერაფერს გიშველის, თუ არ იშრომე და იბრძოლე - ისე გამარჯვებას არავინ გიფეშქაშებს, მაგრამ ასეთი წესი მაინც ბევრად ჯობია ბრმა წილისყრას.
60 კგ
ამირან პაპინაშვილმა მოსკოვის "დიდ მუზარადზე" გამარჯვებით დაიბრუნა წონის ლიდერობა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ისევ მეორე ნომრობა სჯობდა.
ჩვენებურს მოსკოვის "დიდ მუზარადზე" გამარჯვების შემდეგ 1876 ქულა გაუხდა, რითაც რეიტინგის კენწეროდან მეორე ადგილამდე ჩამოაქვეითა პარიზის წლევანდელი "მუზარადისა" და მასტერსის იაპონელი გამარჯვებული ნაოჰისა ტაკატო (1838), მესამე კი ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაია 1576-ით.
მეოთხე-მეხუთე ადგილებს მონღოლები - ამარტუვშინ დაშდაავა (1382) და ბოლდბაატარ განბატი (1348) იყოფენ.
ჩვენთვისაც ყველაზე საინტერესო ესაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე პაპინაშვილი ნახევარფინალში რომელიმე მათგანს შეხვდება.
ქართველმა დაშდაავას კარიერაში ორივე შეხვედრა მოუგო, განბატთან კი სამიდან ბოლო ორი წააგო - მათ შორის, წლეულსაც, დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე". თუმცა ახლანდელი წილისყრით, პაპინაშვილს მეოთხედფინალშიც არანაკლებ უხერხული მეტოქე ელოდება - რეიტინგის მერვე ნომერი, იაპონელი ჰიროფუმი იამამოტო ან ყაზახი იელდოშ სმეტოვი (ცხადია, თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა და ამათ მანამ ვინმე განუთესავთან არ წააგეს).
პაპინაშვილს იაპონელთან არ უჭიდავია, სმეტოვთან კი კარიერაში ორჯერ დამარცხდა, თანაც წლეულს - თბილისში, ნახევარფინალში და მასტერსზე ტიუმენში. ბუნებრივია, არ ვიცით, იაპონელები ამ წონაში ორივეს დააყენებენ თუ არა, მაგრამ თუ აქცენტი ტაკატოზე გააკეთეს, მაშინ სმეტოვი მერვეზე გადმოდის.
თუმცა არც ისაა გამორიცხული, მოწინავე ოქტეტიდან ვინმემ არ იჭიდაოს. მაგალითად, ამბობენ, რომ რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი არ გამოვა; იქნებ არც მონღოლებმა დააყენონ ორივე ფალავანი და ამ შემთხვევაში სმეტოვი აგვცდეს. თუმცა სადღეისო რეიტინგით, აჯობებდა, პაპინაშვილს ადგილი არ გაეცვალა ტაკატოსთვის - მაშინ ნახევარფინალში კიტადაიზე გადიოდა, რომელიც მისთვის იოლი ბარიერია. ოღონდ ამ შემთხვევაში მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, რუსი ევროპის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი გადაეყრებოდა, ვისაც 5 პაექრობიდან მხოლოდ ბოლო მოუგო.
ამ წონაში ჩვენთვის საინტერესო ფალავნებიდან ოლიმპიადის ქულები მხოლოდ კიტადაისა და გალსტიანს გაუნახევრდებათ, თუმცა ბრაზილიელი მონღოლებზე წინ მაინც დარჩება.
ამდენად, აქ თითქმის არაფერი შეიცვლება, მსოფლიოს პირველობას ვინმე თუ არ გამოაკლდება რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო.
66 კგ
აქ ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კვლავაც ინარჩუნებს მესამე ადგილს - 1306 ქულა. ლიდერი კი 1670-იანი მონღოლი დავაადორჯ ტუმურკულეგია, რომელიც დავიდ ლაროსეს (1472) უსწრებს.
სამწუხაროდ, ჩვენებურს ოლიმპიადის ქულების განახევრება მნიშვნელოვნად დააქვეითებს, თუმცა მსოფლიოზე განთესილთა შორის მაინც იქნება.
ტრავმების გამო შავდათუაშვილს ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეიტინგისთვის საკმარისი ტურნირებიც არ უგროვდება, ახლა კი ლონდონში მოპოვებული 600 ქულიდან განახევრების გამო დააკლდება 300, რის შემდეგაც 100%-იან ტურნირებში მხოლოდ ორი შედეგი დარჩება - ევროპის ჩემპიონობისთვის მოპოვებული 400 ქულა და დიუსელდორფში მეხუთეზე გასვლისთვის (შეგახსენებთ - იქ შალვა ქარდავას ბრინჯაოსთვის არ ეჭიდავა) მიღებული 60 ქულა...
ამ განახევრების შემდეგ მას ემატება 50%-იან ქულებზე, მაგრამ ბევრად მეტი აკლდება 100%-იანებში, სადაც გამოკლებულის ნაცვლად, საერთოდ არ ემატება არაფერი, რადგან ოლიმპიადის შემდეგ ორ ტურნირზე მეტად არ უასპარეზია.
მისი მონაგარი 970 ქულა გახდება და მეშვიდეზე გადავა. 2011 წლის მსოფლიოს ქულები რომ გაუქმდეს, მაშინ ჩვენებური 10 ქულით კორეელ ჯუნ-ჰო ჩოსაც ჩამოიტოვებს.
ოლიმპიადის ქულების განახევრება უმნიშვნელოდ დააკლდებათ ყაზახ სერგეი ლიმსა და ლაროსეს, ანუ ჩვენებური მათ ვერ გაუსწრებს.
ამ პირობებში ისევ შავდათუაშვილის ტალანტის იმედად უნდა ვიყოთ, რომელიც ლონდონში ყველასათვის უცნობად ჩავიდა, სამშობლოში კი ოლიმპიურ ჩემპიონად დაბრუნდა.
ამავე წონაში ქარდავა 418 ქულით 26-ეა, ტრისტან ფეიქრიშვილი 302-ით - 34-ე.
73 კგ
მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ბრინჯაოს მოპოვებისთვის მიღებული 200 ქულით ზებედა რეხვიაშვილს 806 ქულა გაუხდა და მე-11 ადგილამდე აღზევდა, თუმცა ორ კვირაში ის კიდევ უფრო წაიწევს წინ, დაახლოებით მეშვიდე ადგილამდე.
იმ დროისთვის ოლიმპიადის ქულები შავდათუაშვილზე უფრო მეტად დააზარალებს რუსთა ოლიმპიურ ჩემპიონ მანსურ ისაევს (მას 100%-იანებში მხოლოდ ერთი, 60-ქულიანი ტურნირი რჩება), თუმცა ხელის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, არც იასპარეზებს რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს პირველობაზე.
ქულები სერიოზულად დააკლდება ისაევის წინ, მეექვსეზე მყოფ იაპონელ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ რიკი ნაკაიასაც - 970-დან 790-მდე ჩამოვა. ამავე მიზეზით ჩვენებური ბრაზილიელ ბრუნო მენდოსას და აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსაც ჩამოიტოვებს, რის შემდეგაც მეშვიდეზე გადავა.
ამ შემთხვევაში ის ნახევარფინალში ბელგიელ ევროპის ჩემპიონ დირკ ვან ტიხელტსა და ჰოლანდიელ მსოფლიოს დექს ელმონტზე გადის, მათი დამარცხება კი ჩვენებურს ხელეწიფება.
ამ წონაში ნუგზარ ტატალაშვილი 540 ქულით მე-19 ადგილზეა და განთესილთა შორის ვერანაირად ვერ მოხვდება.
81 კგ
კიდევ ერთი წონა, რომელიც ჩვენს დიდ ინტერესს იწვევს და სადაც განთესვის ზონაში ერთბაშად ორი კაცი გვყავს - ავთანდილ ჭრიკიშვილი 1520 ქულით მეორეა და მხოლოდ 36-ით ჩამორჩება ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს; 952-იანი ლევან წიკლაური კი მეშვიდეა.
ჭრიკიშვილს ოლიმპიადაზე მიღებული 72 ქულა მსოფლიომდე კი გაუნახევრდება და ქულებიც 1466-მდე ჩამოუვა, მაგრამ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. თუ ჩვენი გუნდის თავკაცმა ირაკლი უზნაძემ მსოფლიოზე წიკლაურიც წაიყვანა (მოგეხსენებათ, მან მოსკოვში ტრავმა მიიღო და ჯერ არაა ცნობილი, შეძლებს თუ ვერა რიოში გამოსვლას) და მანაც ნაადრევად არ წააგო, მაშინ ჩვენებურები მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.
თუ წიკლაური ბრაზილიაში არ იქნება, მაშინ ჭრიკიშვილის სავარაუდო მეტოქე იმ ეტაპზე კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერია, ნახევარფინალში - კორეელი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-ჯაე ბუმი.
სამწუხაროდ, ჭრიკიშვილი პირველობას ვერ წაართმევს პენალბერს, რადგან ბრაზილიელს ქულები არ აკლდება, თორემ კორეელს ასცდებოდა და ბევრად იოლ წილისყრას მიიღებდა.
უკვე გაცხადდა, რომ ამ წონაში ფეხის ტრავმის გამო მსოფლიოს პირველობას გამოტოვებს აზერბაიჯანელი ოლიმპიური ჩემპიონი ელნურ მამადლი.
90 კგ
აქ რეიტინგს კუბელი ეშლი გონსალესი ლიდერობს (1994 ქულა), ვალერი ლიპარტელიანი მეორეა - 1882, გაბერძნებული ილიას ილიადისი - მესამე (1542), მეოთხე - რუსი კირილ დენისოვი (1426), ზვიად გოგოჭური კი 580-ით მე-14-ეა.
ოლიმპიური ქულების განახევრების შემდეგ ბალანსი ცოტათი აქაც შეიცვლება - ლიპარტელიანს გაუხდება 1810 ქულა და დაიბრუნებს რეიტინგის ლიდერობას, რადგან გონსალესს უფრო მეტი დააკლდება და 1764-მდე ჩამოუვა.
ქულები დააკლდებათ ილიადისსა და დენისოვსაც, თუმცა ისინი მესამე-მეოთხეზე დარჩებიან ამავე თანმიმდევრობით.
ესეც ის შემთხვევაა, როცა გვირჩევნია, ლიპარტელიანი მეორე იყოს და არა პირველი, რადგან ლიდერობის დაბრუნებით ნახევარფინალში მისთვის უხერხულ დენისოვზე გადის, ვისთანაც უკვე მეხუთედ წააგო.
ახლანდელი განლაგებით ლიპარტელიანი ნახევარფინალში ილიადისს შეხვდება, დენისოვს კი ფინალამდე ასცდება.
100 კგ
ამ წონაში მძვინვარე საკადრო კრიზისის ფონზე არცაა გასაკვირი, რომ მხოლოდ 30-ე ადგილზე ვართ.
იქაც არა რომელიმე მოქმედი სპორტსმენი, არამედ სპორტიდან, პრაქტიკულად, წასული ლომერ ჟორჟოლიანია - 340 ქულა.
სიაში ჩვენგან მეორეც ასევე ყოფილი ფალავანია, აწ უკვე ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე - 38-ე ადგილი 288 ქულით, მოქმედთაგან საუკეთესო რეიტინგი კი დავით ლორიაშვილს აქვს - 158 ქულა და 56-ე ადგილი. ალექსანდრე მსხალაძე 73-ეა (106), ნოდარ მეტრეველი - 87-ე (82).
+100 კგ
ადამ ოქრუაშვილი 1564 ქულით მესამეა, ლევან მატიაშვილი 344-ით - 28-ე. რეიტინგს ფრანგი ოლიმპიური და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ტედი რინერი ლიდერობს - 1950, მეორეზეა ბრაზილიელი ოლიმპიური მედალოსანი რაფაელ სილვა - 1910, მეოთხეზე კი გერმანელი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ანდრეას ტოლცერია 1310-ით.
დღევანდელი განლაგება მისწრებაა ოქრუაშვილისთვის, რადგან ფინალამდე დაუმარცხებელ რინერისაც ასცდება და მისთვის უხერხულ ტოლცერსაც, მაგრამ 3 აგვისტოს შემდეგ აქაც ბევრი რამე შეიცვლება - რინერის ქულები დააკლდება და სილვა გადაუსწრებს, ანუ მსოფლიოზე ნახევარფინალში ოქრუაშვილი ფრანგს შეხვდება.
მოსკოვში ჩვენებურს ცოტა რომ ეყოჩაღა და ნაადრევად არ გავარდნილიყო - ახლა მხოლოდ 2 ქულა მიიღო, ვინძლო, სილვასთვის გადაესწრო. თუმცა ბრაზილიელს მატიაშვილმა მხარი ატკინა და იქნებ ვერც იჭიდაოს საშინაო პირველობა...
თავად მატიაშვილს რაც შეეხება, ის განთესილთა შორის ვერ მოხვდება, თუმცა უზნაძე მსოფლიოზე თუ წაიყვანს, მისთვის ეს უდიდესი სკოლა იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"