საქართველო - ახლებურად

AutoSharing Option
ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატამდე ერთი კვირაც აღარ რჩება - ის 18-19 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

არა გვგონია, ვაჭარბებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, ეს საეტაპო მნიშვნელობის პირველობაა - სწორედ აქ გამოჩნდება, წავა თუ არა ქართული ძიუდო პროგრესის გზით; დამთავრდება თუ არა არეულობა და ქაოსი სპორტის ამ სახეობაში და ეღირსება თუ არა აქაურობას დალაგება-დაწყნარება; დასრულდება სპორტსმენთა თავნებობა თუ ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდება, როცა ლიდერთა ნაწილი არად აგდებდა მწვრთნელთა მიერ შემუშავებულ გეგმას და საკუთარი გრაფიკით ემზადებოდა, ნაკრების დაკომპლექტებაში კი ჩინოვნიკები ერეოდნენ; გაიტანს თუ არა
თავის პრინციპულ პოზიციას ფედერაციისა და ნაკრების ახალი ხელმძღვანელობა... ბოლოს და ბოლოს, ეს ერთგვარი საჯილდაო ქვა იქნება ძიუდოს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისთვის. ერთი სიტყვით, ეს პირველობა სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით ძალიან ბევრს რამეს დაგვანახებს.

თუმცა ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონატები არა მარტო ძიუდოში იქნება ასე მნიშვნელოვანი, არამედ ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ ჭიდაობებშიც. ჯერ ერთი, ზედიზედ მეორე ჩაგდებული სეზონის შემდეგ უკან დასახევი გზა არც მათ აქვთ და მეორეც - მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებით, რეალური რეფორმების ჩატარებით სპორტის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილიც ძალიანაა დაინტერესებული და საქმის გამოსწორება მისი კატეგორიული მოთხოვნაა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აჯობებდა, მინისტრი თავის ხელქვეითებს ძიუდოს ფედერაციის საქმეებში უდიერ ჩარევასაც თუ აუკრძალავს. მოარული ხმებით, ძველი დეპარტამენტის თანამშრომელთაგან ზოგიერთები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას და სათავეში თავისი ხალხი მოიყვანონ. ეტყობა, ამას სამინისტროში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები დაარეგულირებს - კარგა ხანია, აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მინისტრს ძველი კადრებიდან ზოგიერთის გაშვება სურს. საყურადღებოა, რომ ორივე შემთხვევაში - ძიუდოსთან დაკავშირებითაც და მოსახსნელთა სიაშიც ერთი და იმავე ხალხს ასახელებენ.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ძიუდოს და საქართველოს ჩემპიონატს. საქმის გამოსწორებას ძიუდოს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობაც გეგმავს და ჯერჯერობით რასაც აკეთებენ, დამაიმედებელია, თუმცა მთავარი ნაბიჯი მაინც წინაა. დასამალი არაა, ვითარების გამოსწორებაზე დაპირებები ადრეც მიგვიღია, ორგანიზაციულად თითქოს შარშანდელ ჩემპიონატსაც არა უშავდა, მაგრამ იმ ტურნირს მაინც ახლდა ჩხუბი, საქმის გარჩევები და ზეწოლა მსაჯებზე, რაც ყველას შერჩა. სამწუხაროდ, მოგვიანებით ზოგიერთ მაშინდელ შედეგსაც ხაზი გადაესვა და ბევრი რამ მაინც ძველებურად კულისებში ან `ზემოდან~ დარეკვებით გადაწყდა.

ამჯერად ცალკე ძიუდოს ფედერაციის, ცალკე კი ნაკრების ახალი ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ასე აღარ იქნება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ნაკრების უფროსი მწვრთნელი სოსო ლიპარტელიანი კვლავაც შეუვალია თავის თავდაპირველ დაპირებაში და ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობას პრინციპულად მოითხოვს უკლებლივ ყველასგან, ვისაც კი ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია გააჩნია ტიტულების მიუხედავად. მან უკვე გამოაჩინა ბრჭყალები, როცა ვარჯიშებზე დაგვიანებისთვის როტერდამის `დიდ პრიზზე~ არ წაიყვანა რამდენიმე ლიდერი, ზოგიერთს კი, პირიქით, დააძალა იქ ჭიდაობა, რადგან ძველებურად აპირებდნენ ტურნირისთვის თავის არიდებას. მწვრთნელი კიდევ უფრო კატეგორიული იყო იმ ტურნირის შეფასებებში. იმდენად კატეგორიული, რომ ზოგიერთს გადაჭრით მოსთხოვა წონითი კატეგორიის შეცვლა, ზოგს კი პირდაპირ უთხრა, რომ მათი დონე არ შეესაბამება სანაკრებო მოთხოვნებს და იქ მოხვედრის იმედი გადაუწურა.

თავის მხრივ, რეფორმებს გეგმავს ფედერაციის ხელმძღვანელობაც და უმთავრესი მისთვისაც დისციპლინაა. ამჯერად სპორტის სასახლეში წესრიგს არა ადრინდელივით რომელიმე დაცვის კერძო სამსახური, არამედ სახელმწიფო სტრუქტურები დაიცავენ. ასევე იგეგმება ჩხუბისთავებთან მკაცრად მოპყრობაც - მაყურებლებთანაც და სპორტსმენებთანაც და არაა გამორიცხული, გამწვავების შემთხვევაში ვინმე პასუხისგებაშიც მიეცეს. სპორტსმენებისთვის ამოქმედდება დისკვალიფიკაციის წესიც.

დაგვეთანხმებით, ობიექტური და მაღალი დონის მსაჯობა ძალზე მნიშვნელოვანია. ამით ნაკრების მწვრთნელიც ძალიანაა დაინტერესებული. ერთხელ პირადად შევესწარი, ფედერაციის ხელმძღვანელობას რომ ეუბნებოდა, ეს მკაცრი ჩემპიონატი იქნება და მსაჯობა სამართლიანი უნდა იყოსო. შარშან ამ პრობლემის მოსაგვარებლად ევროპული ფედერაციის კომისარი, სლოვაკი მარიან ჰეპკაც ჩამოიყვანეს, მან მართლაც კარგად აკეთა თავისი საქმე, მაგრამ ყველა პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ქართველი არბიტრების დონეა არადამაკმაყოფილებელი. ჰეპკა წლეულსაც გვესტუმრება იმავე მისიით, თუმცა ამჯერად მას ბელგიელი კომისარი ფრანკ დე მოორიც დაეხმარება. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ მოლაპარაკება ანთალიაში ჩატარებულ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გამართა და წარმატებითაც დააგვირგვინა. იქვე გადაწყდა ტაბლოების საკითხიც - ახალი პროგრამით, ტაბლოზე შეჯიბრების მთელი ოქმია გამოსახული, რაც მაყურებლისთვის ძალზე მოსახერხებელია. თუმცა ეს სიახლე ჩვენთვისაა (რამდენჯერმე აქაც გამოიყენეს), თორემ უცხოეთში ჩვეულებრივი ამბავია.
ფედერაციამ შარშანდელი შეცდომა გაითვალისწინა და ამჯერად პირველობა განთესვით ჩატარდება. შარშან ბრმა წილისყრა გაიმართა და 90 კილოგრამში "სიკვდილის ჯგუფიც" ვიხილეთ - წონის ყველა ლიდერი ერთ მხარეს მოხვდა. წლევანდელ ჩემპიონატში განითესებიან თბილისისა და კახეთის გუნდები, აგრეთვე - წონების ლიდერები.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული