ჟამი მოგებებისა
რეიტინგის ლიდერი და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ამირან პაპინაშვილი (66) პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მეტოქედ თურქი აჰმეტ შაჰინ კაბა ერგო, ვინც მანამდე მოზამბიკელი ლაზარეუს არუფანდიკა დააიპონა, თუმცა ეს, საყოველთაო მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გვარიანად გაუჭირდა.
თურქი არაა პაპინაშვილის სადარი მეტოქე, რაც შეხვედრის მიმდინარეობამ სრულად დაადასტურა, თუმცა რიგ ეპიზოდებში ქართველი თითქოს ოდნავ
მისი უპირატესობა მალე ანგარიშშიც აისახა - გაფრთხილებებიც სწრაფად მიაღებინა თურქს, ბოლოს კი ყველაფერი შებოჭვით დაასრულა.
პაპინაშვილი მეორე შეხვედრაშიც სრულ უპირატესობას ფლობდა გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან, რასაც სწორად წარმართული ტაქტიკით ახერხებდა - ცდილობდა, არ დაეთმო ჩავლება და თავად დაესწრო მეტოქისთვის, რაც სოლიდურ უპირატესობას აძლევდა.
გერმანელსაც ამის ხარჯზე მიაღებინა გაფრთხილებები, თუმცა ილეთებსაც კარგად აკეთებდა, ძირითადად - გადავლება ქამრიდან აყვანით. ენგლმაიერსაც ორი იუკო აართვა, რომელთაგანაც უფრო დასამახსოვრებელი მეორე იყო - მაჯებში ჩავლებით ხანგრძლივად ათრია მეტოქე და მოღალა, ბოლოს კი ფეხით გამოცელა.
თუმცა ამ შეხვედრის ბოლოს ცოტა დაღლაც დაეტყო, ან იქნებ აქაც ინახავდა თავს, მაგრამ თითქოს სუნთქვა გაუჭირდა...
ეს მაინც ცუდად გვენიშნა, მით უფრო, როცა მისი მომდევნო მეტოქე გაირკვა - ყაზახი აშხატ ტელმანოვი, რომელმაც ბრწყინვალედ დააიპონა აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევი.
მერვედფინალში პაპინაშვილის მეტოქედ ბარე მეზობელი კი გვერჩივნა (რომელთანაც ზე-დადებითი ბალანსი აქვს), მუშკიევს 40 წამიც აშორებდა მოგებამდე, მაგრამ ტელმანოვის ბოლო შტურმს ვერ გაუძლო.
თითქოს ჩვენს შიშს იზიარებდნენო, ამ პაექრობის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა ოპერატორებმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის კადრი შემოგვთავაზეს - იჯდა ტრიბუნაზე და დაფიქრებული ისრესდა სახეს...
საბედნიეროდ, პაპინაშვილმა დაგვიმტკიცა, რომ სულ ტყუილად ვნერვიულობდით - ტელმანოვთანაც ჩავლებებზე ააგო ჭიდაობა და გაანეიტრალა მისი კოზირები, თუმცა პირველივე წუთზე იუკო კი დაკარგა - მეტოქემ ბრუნზე გაისროლა.
ოღონდაც, შეხვედრის მიმდინარეობამ შიშის საფუძველი არ მოგვცა - ქართველის უპირატესობა კლასში და უფრო მაღალი აკადემიური საჭიდაო სტილი მაინც იგრძნობოდა.
მალევე პაპინაშვილმა ანგარიში არათუ გაათანაბრა, ვაზარით დაწინაურდა კიდეც - ჯერ ქამრიდან ღონივრად დაქაჩა და ეფექტურად გამოცელა, რასაც ლაზათიანი კისრულით მოპოვებული ვაზარიც მიაყოლა. იქვე ბოჭვაც დაიწყო, მაგრამ წმინდა მოგებამდე წამები დააკლდა, ოღონდ მორიგი იუკო კი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ქულამდე ორჯერ ბრუნზეც გადააგდო, მაგრამ სრულყოფილი გდებები არ გამოუვიდა. ამ დროს სულ 3 წუთი იყო გასული, დასრულებამდე წუთნახევრით ადრე კი მშვენიერი იპონი მიითვალა - მეტოქე, რომ იტყვიან, ილეთზე "მოაჯდა" და მოგვერდით ტომარასავით დაანარცხა ტატამს.
ჟამი წაგებებისა
სამწუხაროდ, ამის შემდეგ პაპინაშვილმა ორივე დარჩენილი შეხვედრა წააგო - ნახევარფინალში მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან დათმო.
ნახევარფინალში ჩვენებურის მეტოქე მონღოლთა შეხვედრაში ირკვეოდა და დაშდავაა იმთავითვე უფრო სასურველი ჩანდა, რადგან მასთან არ უჭირდა ჭიდაობა, ბოლდბაატარ განბატთან კი ბოლოს წააგო.
დაშდავაამ მართლაც მოიგო გაფრთხილებებით.
რაც შეეხება საფაროვს, ის პეტერ ზაიზენბახერმა ყველაზე ბოლოს, მე-9 კაცად შეიყვანა ნაკრებში, ძირითადი შემადგენლობის დასახელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. საფაროვი ახალი გადმოსულია ახალგაზრდებიდან და პირველივე წრეში სენსაცია შემოგვთავაზა, როცა რუსთა ევროპის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი დაამარცხა.
პაპინაშვილის წაგებები მით უფრო საწყენია, რომ ორივე შემთხვევაში უფრო თვითონ შეცდა, ვიდრე მეტოქემ იყოჩაღა.
პირიქით - არც ერთს არ მოუპოვებია ოდნავი უპირატესობაც კი, რაც ჩვენებურის მარცხის მიზეზად შეიძლებოდა ქცეულიყო. დაშდავაასთან გადამწყვეტი მომენტი ბრძოლის დასრულებამდე 35 წამით ადრე დადგა, როცა ქართველი პოზიციურად შეცდა - იმდენად "გახსნილად" იდგა და ფეხიც ისე დაუცველად დატოვა, თითქოს შეტევას არ ელოდა.
მონღოლმა კი მოძრაობაზე დაიჭირა და შიდა ფეხით იპონზე გამოცელა, თუმცა ამგვარ დასასრულს იმდენად არ ელოდა, გაკვირვება ვერ დამალა და სიხარულისგან ატირდა კიდეც.
საფაროვთანაც, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა გაფრთხილებებით ანგარიში გაუთანაბრა და დაწოლასაც აძლიერებდა; როცა თითქოს მეტოქის გატეხვა დროის ამბავი იყო, ჩახვეული ფეხით ორმხრივი ჯაჯგურისას მეტოქე იოლად შეუშვა შეკვრაზე და იმანაც უპრობლემოდ გადააგდო ბეჭებზე.
სატურნირო ამბები
26 აგვისტოს რიოში სხვა მონღოლებიც ტიროდნენ - ქალთა ტურნირის ფინალში იქაურმა ურანცეცეგ მუნკბატმა მტკივნეულით დაამარცხა იაპონელი ჰარუნა ასამი და ტატამზე თვითონ დაიღვარა ცრემლებად, იქით კი მწვრთნელმა ქალბატონმა აუბა მხარი.
მუნკბატმა ნახევარფინალში მასპინძელთა "ჯილა" სარა მენეზეში დაამარცხა, თუმცა მან ჩრდილოკორეელ სოლ მინ კიმთან ეფექტური იპონით ბრინჯაო მოიპოვა და დარბაზის გული მაინც მოიგო. სამაგიეროდ, მასპინძლებს ოლიმპიურმა პრიზიორმა ფელიპე კიტადაიმ დაწყვიტა გული - პირველივე შეხვედრა დათმო სამხრეთკორეელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ვონ ჯინ კიმთან.
ეს კორეელი კარგი ვინმე ჩანს და ბრინჯაოსთვის აკი ლამაზადაც მოუგო განბატს - ჯერ ბრუნი სცადა, მაგრამ უკუკოტრიალი უფრო გამოუვიდა, თუმცა რაკი არც მონღოლი გაექცა, უკუმოძრაობა გააგრძელა და თან მეტოქეს ფეხებიც აჰკრა - ესეც ვაზარი. კორეელებს სახელოვანი მინ ჰო ჩოის კარგი შემცვლელი გამოუჩნდათ. კიმი ისე გაახარა მოგებამ, ტატამიდან გასვლისასაც ტიროდა.
ვაჟთა ფინალში იაპონელმა ნაოჰისა ტაკატომ დაშდავაა დაამარცხა გაფრთხილებებით. ამდენად, 26 აგვისტოს მსოფლიო იაპონელებმა და მონღოლებმა გაინაწილეს თითო ოქროთი.
დღეს იჭიდავებენ
ტურნირზე 27 აგვისტოსაც ქალთა და ვაჟთა თითო წონა იასპარეზებს. ჩვენ ქალებში მონაწილე არ გვყავს და მხოლოდ ერთი სპორტსმენი გვეყოლება საქომაგო, მაგრამ როგორი - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66)! ოღონდ ეგაა, წილისყრამ ძალიან დაჩაგრა - რაც კი წონაში განუთესავი და ძლიერი ათლეტია, ყველა მის ჯგუფში მოხვდა.
ამ ვითარებაში ისევ ჩვენი ჩემპიონის ნიჭიერებისა გვჯერა, ოღონდაც ტრავმამ ხელი არ შეუშალოს. შავდათუაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ჩრდილოკორეელ იონ სიკ ჩოეს დაეჭიდება.
მეოთხედფინალამდე მას ნაკლებად ცნობილების გარდა, შეიძლება, უზბეკი რიშოდ სობიროვი, ბრიტანელი კოლინ ოუტსი, რუსი ალიმ გადანოვი და ყაზახი აზამატ მუკანოვიც შეხვდნენ.
კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); 2. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი); 3. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი), ვონ ჯინ კიმი (სამხრეთი კორეა); 5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო).
ქალები
48 კგ. 1. ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი); 2. ჰარუნა ასამი (იაპონია); 3. სარა მენეზესი (ბრაზილია), კარლინე ვან სნიცკი (ბელგია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში