საქართველოს ჩემპიონატი - დანაკლისით

AutoSharing Option
არა და არ შეიკრიბა უძლიერესი შემადგენლობა ვაჟ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატზე. გუშინ წილისყრა გაიმართა, რომელსაც ზაზა კედელაშვილი (73) და ლევან წიკლაური (81) დააკლდნენ. წიკლაურს ფეხი სტკივა და ექიმთა დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა გუშინ განაცხადა, რომ იცოდა მისი ტრავმის შესახებ და მოვლენათა განვითარებას ელოდებოდა. თურმე ისიც და საექიმო შტაბიც ფეხის მორჩენას იმედოვნებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და ევროპის პრიზიორიც შეჯიბრებიდან გაათავისუფლეს.

გუშინვე გაირკვა, რომ ასევე ტრავმის გამო ვერც ლაშა შავდათუაშვილი (66) იჭიდავებდა, ხოლო იმავე მიზეზით ამირან პაპინაშვილი (60) ადრევე
გამოაკლდა შეჯიბრებას. კედელაშვილის შესახებ წილისყრაზე მისმა პირადმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ განაცხადა, 19 ნოემბერს ჯვარს იწერს და ტურნირსაც ამ მიზეზით გამოაკლდებაო. საყურადღებოა, რომ ამის შესახებ მათგან აქამდე არაფერი თქმულა. თუმცა, რაც უნდა იყოს მიზეზი, ლიპარტელიანმა გუშინაც გვითხრა, რომ ამით მისთვის საგაისო სეზონში ნაკრების კარი დაიხურა.

მწვრთნელი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობას ყველასთვის სავალდებულოდ მიიჩნევს - ტიტულების მიუხედავად და უამისოდ გუნდში მოხვედრის იმედი არავის ექნება. ლიპარტელიანი მსგავს აკრძალვას იმათ მიმართაც გამოიყენებს, თუ ვინმე აწონვის მიუხედავად, მაინც არ გავა საჭიდაოდ.

გუშინაც ვწერდით, რომ ნაკრებისა თუ ფედერაციის ხელმძღვანელთა მკაცრი ტონის მიუხედავად, მაინც გვეეჭვებოდა, რომ ყველა გამოცხადდებოდა აწონვაზე. ახლაც გვგონია, რომ დღეს ან ხვალ ვიღაც კიდევ მოიმიზეზებს რამეს და ტურნირს გამოაკლდება. კარგი იქნება, ზემდგომნი უდისციპლინოებს მართლაც მიუხურავენ ნაკრების კარს. გავიმეორებთ - ეს ჩემპიონატი მათთვისაც საჯილდაო ქვა იქნება და ამ ტურნირის ღირსეულად ჩატარებაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. არადა, გვპირდებიან, რომ ადრინდელებისგან მართლაც განსხვავებული და ძლიერი ტურნირი იქნება.


ვინ ვისთან მოხვდა
წილისყრამ წყვილებიც გამოავლინა. კენჭისყრა ამჯერად განთესვით ჩატარდა, რამაც "სიკვდილის ჯგუფები" თავიდან აგვაცილა. თუმცა საინტერესო ქვეჯგუფებიც მივიღეთ.

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ. 60-ში დავით ასუმბანი და ბეთქილ შუკვანი ფინალამდე არ ხვდებიან ერთმანეთს, ასუმბანის მხარეს კი ახალგაზრდა ლუხუმ ჩხვიმიანი და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ოთარ კაიდარაშვილი მოხვდნენ. თუმცა ასუმბანამდე კაიდარაშვილს სამბოში ტიტულებმოხვეჭილ ქუთაისელ გენადი ჩირგაძესთან მოუწევს სერიოზული პაექრობა. შუკვანის მხარესაა ამ წონაში დაბრუნებული პაატა მერებაშვილი, რომელიც პირველ წრეში სერიოზულ მეტოქეს, იმერელ სოსო ნიჟარაძეს ხვდება. ამათ სიახლოვესაა ახალგაზრდებში ევროპის მედალოსანი გიორგი ბროლაშვილიც. საყურადღებოა, რომ ამ წონაში ვერ მოხვდა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი.

66-ში შალვა ქარდავას მხარეს მოხვდნენ ასაკობრივ ნაკრებებში თავგამოჩენილი შმაგი ლაგაზაური, ლაშა ლომიძე, ხოლო ბათუმელი ზურაბ შარვაშიძე და თბილისელი ლევან ჩუბინიძე სულაც ერთმანეთს ხვდებიან. დიდად ნამდვილად არ გაუმართლა მეორე ნომრად განთესილ უჩა ხუციშვილს - პირველივე შეხვედრას გიორგი ფერსაშვილთან გამართავს. ფერსაშვილი შიდა ქართლის პირველობაზე არ გამოსულა და იქაურ ნაკრებში მოსახვედრად მწვრთნელებს კადრების გადაადგილება მოუწიათ. განუთესავებშიც ამიტომ მოხვდა. წესით, საინტერესო წყვილი უნდა იყოს სამბოში ევროპის ჩემპიონი ლევან ქოჩიევი და ალექსანდრე იაკობაშვილიც, რომლებიც ასევე ხუციშვილის მხარეს არიან. ბადის ამ ნახევრიდან ნურც ახალგაზრდებს - ირაკლი ჭელიძეს და ბექა ტუღუშს დავივიწყებთ.

73-ში ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორ ნუგზარ ტატალაშვილის კანდიდატურაა გამოკვეთილი, საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი, გორელი გიორგი დილებაშვილი კი საერთოდ არ მონაწილეობს - რეგიონის ნაკრებში ვერ მოხვდა. მიზეზი აქაც რეგიონის პირველობაში გამოუსვლელობაა. ტატალაშვილი თავიდან არც ისე ცნობილ მეტოქეებს ხვდება, ანგარიშგასაწევთაგან კი მასთან ყველაზე ახლოს თენგიზ პაპოშვილია - მესამე წრეში შეხვდებიან ერთმანეთს. ამ წონაში ყურადღებას იქცევს ახლგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ზებედა რეხვიაშვილი, რომელიც ამავე ნახევარშია და პირველ შეხვედრას საქართველოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონთან, შიდა ქართლელ ანზორ ხმიადაშვილთან გამართავს. ამათში მოგებული, შესაძლოა, მომდევნო წრეშივე ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ზვიად კაპანაძეს შეხვდეს, რომელიც გორელია, მაგრამ ამჯერად დიდი კონკურენციის გამო სამხრეთ ოსეთის სახელით გამოდის. მეორე ნომრად განთესილი არსენ მაჭარაშვილი პირველივე შეხვედრას იმ ბეთქილ აფრასიძესთან გამართავს, რომელმაც ამას წინათ ჩეხეთში საერთაშორისო ტურნირზე უცხოელები აღაფრთოვანა. ბადის ამავე ნახევარში არიან ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ლაშა ზურაბიანი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დილებაშვილი და ამბაკო ავალიანი.


ხვალ კი...
ხვალ გასამართი წონებიდან 81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი ისედაც ფავორიტი იყო, წიკლაურის გამოკლების შემდეგ კი ლამის უპირობოდ დარჩა. შეგახსენებთ, რომ მან წლეულს ახლაგაზრდებში ევროპის პირველობაც მოიგო და მსოფლიოსიც, თუმცა ამ ტურნირთან დაკავშირებით ჯერ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ - ის ჯერ მაინც ახალგაზრდაა და გამოცდილებაც აკლია. აკი მსოფლიოს გუნდურ პირველობაც ამის გამო წააგო. ის პირველ შეხვედრას მცხეთა-მთიანეთელ ვალერი ობგაიძესთან გამართავს. ბადის ამ ნახევარში ვინც კი მეტ-ნაკლებად ცნობილია, ყველამ ზედა მხარეს ანუ ჭრიკიშვილის ახლოს მოიყარა თავი - საქართველოს შარშანდელ ჩემპიონ სოსო წელაურს მეორე წრეშივე დაეჭიდება (თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა), ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ სარაჯიშვილი და ქვეყნის შარშანდელ პირველობაზე საკმაოდ კარგად მოჭიდავე დავით ჭაბუკაშვილი კი ერთმანეთს ხვდებიან.

აქვე არიან ძმები გოჩა და ხვიჩა ხუციშვილებიც, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან გამოდიან და ერთადაც ამიტომ მოხვდნენ (შარშან ორივე საქართველოზე ჭაბუკაშვილმა დაამარცხა). წინასწარი განაცხადის მიუხედავად, ჩემპიონატში არ მონაწილეობს ქვემო ქართლელი გიორგი შინჯიკაშვილი, ხოლო გიორგი ბაინდურაშვილი მეორე ნომრადაა განთესილი და იმერელ ლაშა გუმბერიძესთან შეხვედრით დაიწყებს ტურნირს. მას შედარებით სუსტი ქვეჯგუფი ერგო, სადაც ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ გიორგი მერმანიშვილს და 20-წლიანთა შორის ევროპის ჩემპიონ ერეკლე კოპალიანს გამოვარჩევთ. კოპალიანი მოსკოვში ცხოვრობდა, ის ტიტულიც იქ მოიპოვა და რუსეთის ნაკრებშიც ირიცხებოდა, თუმცა მერე ტრავმებმა მისი კარიერა შეაფერხა, ახლა კი მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა და საქართველოზეც იმერეთის სახელს დაიცავს.

წილისყრამ დიდად არ გაუმართლა 90-ის ლიდერ ვალერი ლიპარტელიანს - პირველ შეხვედრას საბერძნეთიდან დაბრუნებულ თედორე აბელაშვილს (საბერძნეთში ტენტორე მასმანიდისი) ხვდება. მის სიახლოვესაა ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნოზაძეც, ცოტა უფრო დაბლა კი საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი საბა გავაშელიშვილი, ვისთანაც შარშან დამარცხდა. ბადის ამავე ნახევარშია საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და საკმაოდ კარგად მოჭიდავე მცხეთა-მთიანეთელი გიორგი ცოციაშვილიც, ოღონდ ის ჯერ გავაშელიშვილს შეხვდება. მეორე ნომრად განთესილი ზვიად გოგოჭურის მხარეს ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ არჩილ შინჯიკაშვილს, ჩემპიონატში ძლივს მოხვედრილ მინდია ბოდაველს და შარშან, ცოტა არ იყოს და, დაჩაგრულ ქუთაისელ ლაშა გურულს გამოვარჩევთ.

100-ში მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი განთესეს. პირველ წრეში ცირეკიძესაც ძლიერი მეტოქე ერგო - ტატო მუკვანი. მის სიახლოვესაა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი მირიან პავლიაშვილი, რომელიც ძალზე ტექნიკურია და ჩინებულად ჭიდაობს ქართულს, რაც ცირეკიძეს უთუოდ შეუქმნის პრობლემებს. ამავე ნახევარშია საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი დავით ლორიაშვილიც, ჟორჟოლიანს კი უფრო გაუმართლა. იქ ყველაზე ძლიერი რევაზ ჩიკოიძე გვგონია, მაგრამ მას ნახევარფინალამდე არ ხვდება.

მძიმე წონაში პირველ ნომრად განთესილი ლაშა გუჯეჯიანი თავიდან ისვენებს. მის მხარესაა ზვიად ხანჯალიაშილიც. აგრეთვე - ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლევან მუქერია და ამავე ასაკის სამბისტთა შორის მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონი სლავა რეზესიძე. წონის მეორე ნომერი ნოდარ მეტრეველი თავიდან ისვენებს. ბადის ამ მხარეს ძირითადად ასაკობრივი ნაკრებებიდან ცნობილი ახალგაზრდები და ადამ ოქრუაშვილი მოხვდნენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეჯიბრება 11 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე, თუმცა მას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერშიც იხილავთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული