მას შემდეგ, რაც გიორგი ბაინდურაშვილი პეკინის ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს, თითქმის არ უჭიდავია და ერთი ხანობა სპორტიც მიატოვა. მერე დაბრუნდა და სპორტსმენთა მთავარი მტერი - ტრავმაც მაშინვე აეკიდა, მაგრამ ღრმად მორწმუნე და სულით ძლიერმა ახალგაზრდამ ყველაფერს სძლია.
იყო შეხვედრები, სადაც მომავალ ჩემპიონს გაუჭირდა მოგება, თუმცა საერთო ჯამში, მაინც დამაჯერებლად იჭიდავა. მომეჩვენა, რომ ახლა უფრო თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ასპარეზობდა, ვიდრე - ადრე. იმედია, საერთაშორისო არენაზეც კარგად იჭიდავებს. მისი ეს წარმატება შეიძლება ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურსაც მივულოცოთ - ამ ჩემპიონატისთვის ბაინდურაშვილს ის ავარჯიშებდა.
ქებას იმსახურებს პაატა ღვინიაშვილიც - ერთ-ერთი ახალი კადრი. ის ძიუდოში შარშან გამოჩნდა, მანამდე კი ქართული ჭიდაობის ტურნირებიდან დაგვამახსოვრა თავი ტექნიკური და ლამაზი საჭიდაო სტილით. მისი ორთაბრძოლებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ნახევარფინალი იყო ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან. ეს შეხვედრა ღვინიაშვილმა დამატებით დროში გაფრთხილებით მოიგო, თუმცა მანამდე დიდი ბატალიები გადაიტანა. ის თავიდან გაფრთხილებით დაწინაურდა, მაგრამ მსაჯებმა ძირითადის მიწურულს აქეთ გააფრთხილეს. ეტყობა, არბიტრებზე ჭრიკიშვილის ახალგაზრდულმა წარმატებებმა იქონიეს გავლენა, თორემ ისეთ თანაბარ ბრძოლაში ნებისმიერის გაფრთხილება გაწირვის ტოლფასია. მით უფრო, ღვინიაშვილიც უტევდა და მეტოქე არაფრით აღემატებოდა.
თავის მხრივ, ჭრიკიშვილის გამოსვლასაც დიდი ინტერესით ველოდით, მაგრამ ტალანტს ცოტა გაუჭირდა უფროსებში ასპარეზობა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდები ოთხ წუთს ჭიდაობენ, აქ კი - ერთით მეტს და ჭრიკიშვილს, რომელმაც თავის ასაკში ევროპა-მსოფლიოზე გამძლეობით და კარგი ფიზიკური მომზადებით გამოიჩინა თავი, ღვინიაშვილთან სწორედ ამ კომპონენტში გაუჭირდა. მას დაღლა ჯერ კიდევ ძირითადის მიწურულს დაეტყო - ერთი-ორჯერ ისე გაწვა ტატამზე, წამოდგომის ხალისი არ ეტყობოდა. ცხადია, ეს ღვინიაშვილის დამსახურებაცაა, რომელიც ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, კარგ ჩავლებებსაც იღებდა და ახალგაზრდა მეტოქე მოღალა. დამატებითი დრო მისი საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებაც დაიმსახურა. ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი და ნაკრებში გამოსვლის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ ადაპტაციისთვის რამდენიმე თვე და ამდენივე ტურნირი დასჭირდება.
კარგად იჭიდავა ახალგაზრდებში და ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა დავით კარბელაშვილმაც, თუმცა აქ რამდენიმე უმედლოდ დარჩენილსაც დავასახელებთ, რომელთაგანაც შეიძლება სამომავლოდ რაღაც `გამოდნეს~: ვახტანგ სარაჯიშვილი, ლაშა ბერიძე, ხვიჩა ხუციშვილი, ზაზა დავაძე, ერეკლე კოპალიანი... რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონი კოპალიანი დავაძესთან დამატებით დროში გაფრთხილებით დამარცხდა, თუმცა დამაიმედებელი და რამდენადმე განსხვავებული ჭიდაობის სტილი მაინც აჩვენა. ის ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული და ილეთებსაც აკეთებს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მოგვხვდა თვალში, ეს ლეიბზე ჭიდაობაა. ჩვენში ჩოქბჯენი იმდენად გაიშვიათებულია, თითქმის არავინ ჭიდაობს, ეს კი პირიქით - ცდილობდა შეხვედრის იქ გადაყვანას. კოპალიანი ამჯერად უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ სამომავლოდ ამ წონაში ძლიერი კონკურენცია უნდა შექმნას. ახლა მთავარია, მას სათანადო ყურადღება მიაქციონ და ნორმალურად ავარჯიშონ.
1. გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 2. პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი), 3. დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი), ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი).
90 კგ.
აქ შარშანდელი ამბავი განმეორდა - საბა გავაშელიშვილმა ნახევარფინალში კვლავაც დაამარცხა ვალერი ლიპარტელიანი. მოულოდნელი არც ამათი შარშანდელი შედეგი ყოფილა, რადგან გავაშელიშვილმა მაშინ ახლანდელზე უფრო ძლიერად იჭიდავა და ლიპარტელიანს მშვენიერი ილეთითაც მოუგო, მაგრამ ზედიზედ მეორე მოგება კითხვის ნიშნებს თავისთავად სპობს. არ ვამბობთ, რომ გავაშელიშვილი მასზე უფრო ნიჭიერია, მაგრამ თავის კოზირებს რომ უკეთ იყენებს, ფაქტია. ლიპარტელიანი ამჯერად უფრო ფრთხილად ეჭიდავებოდა და შარშანდელ შეცდომას ერიდებოდა, როცა ზედ მივარდნით მეტოქემ ჩინებულ ბრუნზე გადააგდო, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მაინც იგივე გააკეთა - გაუმართლებლად მიეტანა და გავაშელიშვილმაც შანსი მყისვე გამოიყენა. ამ ტურნირისთვის ლიპარტელიანი ბათუმში ემზადებოდა - იქ სწავლობს, სადაც ასევე ზვიადაური ავარჯიშებდა. შეხვედრის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი გულისწყრომას ვერ მალავდა, ბათუმიდან მოყოლებული ვარიგებდი, ახლოს არ მიხვიდე, შორიდან ეჭიდავე დისტანციაზე, ეს ტატამზე გასვლის წინაც გავუმეორე, მაგრამ მაინც ისე მოიქცაო.
ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში თედორე აბელაშვილი გაფრთხილებებით მოახსნევინა, იასონ ნემსაძეს ვაზარით მოუგო, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ გიორგი ნოზაძეს კი იპონით აჯობა. ამ დროს გავაშელიშვილიც დამაჯერებლად ამარცხებდა მეტოქეებს. მათ შორის გიორგი ცოციაშვილსაც, ვისაც შარშან ფინალში მოუგო, ამჯერად კი წმინდად დაამარცხა. გავაშელიშვილი წლეულსაც კარგად მომზადებული წარსდგა ჩემპიონატზე, ფინალში კი ფეხი იტკინა, თუმცა ნურც ლაშა გურულს დავუკარგავთ თავისას. ისიც ახალი სახეა, თუმცა შარშან ბრინჯაოსთვის შეხვედრა ლიპარტელიანთან წააგო, ოღონდ ამაში მსაჯებს მიუძღვით დიდი წვლილი. წლეულს მან ბრწყინვალე რევანში აიღო. კარგად გამოვიდა ცოციაშვილიც. კვარცხლბეკზე ავიდა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი არჩილ შინჯიკაშვილიც, თუმცა მას ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კისერმტკივანი ლიპარტელიანი არ გამოუცხადდა.
1. ლაშა გურული (იმერეთი), 2. საბა გავაშელიშვილი (კახეთი), 3. გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), არჩილ შინჯიკაშვილი (ქვემო ქართლი).
100 კგ.
ლომერ ჟორჟოლიანი კარგი ფიზიკური მონაცემებით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი მოგვეჩვენა. მან ფინალში ასევე ძალისმიერი სტილით ცნობილი დავით ლორიაშვილიც კი დაჯაბნა. თუმცა ამ გამარჯვებაში დიდი როლი სწორად შერჩეულმა ტაქტიკამაც ითამაშა - ჟორჟოლიანი მყარი ჩავლებით ლამის მთელი ხუთი აკონტროლებდა შეხვედრას და მეტოქეს გასაქანი არ მისცა. ლორიაშვილმა მხოლოდ დასაწყისში გამოიყენა თავისი კოზირი, როცა პირდაპირ დაეტაკა მეტოქეს და კინაღამ ქულაც მიითვალა, მაგრამ მერე ჟორჟოლიანმა ეს კოზირი ხელიდან გამოაცალა. ჩემპიონმა მთელი ტურნირი წინასწარ დასახული გეგმით ჩაატარა - ჭიდაობდა მეტოქეთა გაფრთხილებებზე, არ რისკავდა და ძალებს იზოგავდა, თუმცა როცა დასჭირდა ან ოდნავი შანსი მაინც მიეცა, კარგი გდებებიც გააკეთა - ორი შეხვედრა ვაზარით მოიგო და ამდენივე - იპონით.
ლორიაშვილს რაც შეეხება, პირველი ბრძოლა 16 წამში მოიგო, მეორე - 28-ში, მესამე - 45-ში ანუ სამ სეხვედრას დაახლოებით წუთნახევარი მოანდომა, აქა-იქ ილეთებიც გამოურია, მაგრამ ის ძირითადად მაინც ფიზიკური ძალის იმედად რჩება, ეს კი საკმარისი რომ არაა, უკვე მერამდენედ დამტკიდა. კვლავაც დახვეწილად, აკადემიურად იჭიდავა რევაზ ჩიკოიძემ, თუმცა ჟორჟოლიანთან ნახევარფინალში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - იპონით დამარცხდა. აქ ახალი თაობის ფალავნებმაც დაგვამახსოვრეს თავი - ტატო მუკვანი, ვალერი იმერლიშვილი, მალხაზ ნიჟარაძე... მუკვანმა და იმერლიშვილმა თითო შეხვედრა 10-10 წამში მოიგეს.
1. ლომერ ჟორჟოლიანი (ქვემო ქართლი), 2. დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი), 3. რევაზ ჩიკოიძე (თბილისი), ტატო მუკვანი (ქვემო ქართლი).
+100 კგ.
წლევანდელ ჩემპიონატში ზვიად ხანჯალიაშვილიც ბევრად უკეთესად მომზადებული გამოვიდა და თითქმის ყველა შეხვედრაში ილეთი გააკეთა. დამატებითი დრო მხოლოდ ლევან მუქერიასთან დასჭირდა, ნახევარფინალში ლაშა გუჯეჯიანს აჯობა, ფინალში - ადამ ოქრუაშვილი დააიპონა. მთლიანობაში, ეს წონა მაინც ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურად რჩება ნაკრებში. მართალია, აქაურობას დაბლიდან ამონაცვლებული ნოდარ მეტრეველიც შემოემატა, რომელმაც ბრინჯაოც მოიპოვა, თითქოს ურიგოდ არც მუქერიას და ვახტანგ ზოიძეს უჭიდავიათ, მაგრამ ჯერ დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევია.
1. ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი), 2. ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 3. ვახტანგ ზოიძე (აჭარა), ნოდარ მეტრეველი (შიდა ქართლი).
* * *
სოსო ლიპარტელიანი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მინდოდა მენახა კანდიდატთა ჭიდაობა და ამიტომ მოვითხოვდი ჩემპიონატში ყველას გამოსვლას. ბუნებრივია, ახალგაზრდებს ჯერ გაუჭირდათ უფროსებში გამოსვლა და იქნებ ჩემპიონები ვერ გახდნენ, მაგრამ მედლები მოიპოვეს და სხვადასხვა ტურნირებში გამოვცდით. სიმართლე გითხრათ, ჭრიკიშვილისგან ფინალში გასვლას ველოდებოდი, მაგრამ მისი წაგება მაინც ლოგიკურია - უფროსებში ხუთ წუთს ჭიდაობენ, რასაც კიდევ სამი დაემატა... მაგრამ არა უშავს, შეეჩვევა ამასაც და დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ მაინც გამიმართლებს. ბაინდურაშვილს ტრავმები აწუხებდა, მაგრამ უკვე მოიშუშა და საკმაოდ კარგად გამოვიდა, ახალი სახეებიდან კი გურულს დავასახელებ - მისგან არ ველოდებოდი ასეთ ჭიდაობას. ის გერმანულ კლუბში გამოდის და, ეტყობა, გამოცდილებაც იქ მიიღო. გაგვაოცა, ახლა ისეთ ბიჭებს მოუგო. ღვინიაშვილს უფრო ქართული ჭიდაობის ტურნირებიდან ვიცნობ, რომელსაც ძალიან კარგად ჭიდაობს. ძიუდოს ახლანდელი წესები მშვენივრად ეგუება ქართულს და მანაც თუ ასე გააგრძელა, გააკეთებს შედეგებს. იყო რამდენიმე ფალავანი, რომლებზეც იმედებს ვამყარებთ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ. მაგალითად, ვალერი ლიპარტელიანი და გუჯეჯიანი. ცხადია, მათ ყველა შეჯიბრებაზე ვერ წავიყვან, მაგრამ შანსი აუცილებლად მიეცემათ, ოღონდ შედეგი უნდა მაჩვენონ. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძირითად აქცენტს მაინც მედალოსნებზე გავაკეთებ. მათ შორის, თბილისის მსოფლიოს თასსა და კანოს მემორიალზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"