ძიუდო - კარგი მაგალითი მოჭიდავეებისთვის

AutoSharing Option
სეზონის მიწურულს ჭიდაობის ქომაგთ თუ შესაბამის ფედერაციებს დატვირთული დღეები აქვთ - ქვეყნის პირველობები იმართება, სადაც საგაისო ნაკრების ძირითადი ბირთვი უნდა გაირკვეს. სწორედ ამ ტურნირებზეა დამოკიდებული, ვის ექნება ქვეყნის ნაკრებში მოხვედრის შანსი.

საბედნიეროდ, უკვე მივედით იმ კონდიციამდე, როცა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა ყველასათვის სავალდებულოა - ლიდერთა ჩათვლით. ეს ზემდგომთა რამდენიმეწლიანმა მკაცრმა მოთხოვნამ განაპირობა, მაგრამ სიფრთხილე კვლავაც საჭიროა - როგორც კი შანსი მიეცემათ, წამყვანი სპორტსმენები მაშინვე ცდილობენ თავის დაძვრენას. სამწუხაროდ, ჩვენი ტიტულოვანი ფალავნების მენტალიტეტი ჯერ კიდევ ვერ ამაღლდა იმ დონემდე, საკუთარი ქვეყნისა თუ
მაყურებლის პატივისცემა ისწავლონ. სხვანაირად ვერ აგვიხსნია, რატომ ეზარებათ ქომაგთა თვალწინ ჭიდაობა და რატომ მიაჩნიათ ეს ზედმეტად. სამაგიეროდ, არასოდეს ამბობენ უარს უცხოურ შეჯიბრებებში გამოსვლაზე.

წინა კვირას თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, 25-26 ნოემბერს კი ძიუდოს აკადემიაში ანალოგიური შეჯიბრება უკვე თავისუფალ ჭიდაობაში, ხოლო ერთი თვის შემდეგ იქვე, ბერძენ-რომაელში ჩატარდება. ვფიქრობთ, კარგი იქნება, ჭიდაობის ფედერაცია ძიუდოისტების გამოცდილებას თუ გადაიღებს.

ძიუდოისტებმა ქვეყნის პირველობა შესაშურად კარგად ჩაატარეს. თურმე შესაძლებელი ყოფილა მსგავი შეჯიბრების ჩხუბისა და აყალ-მაყალის, ცემა-ტყეპის და ლანძღვა-გინების, დანების ტრიალისა და სისხლის ღვრის, მსაჯებისა თუ მეტოქეების შეურაცხჰყოფის გარეშე გამართვა, რაც ადრე თანამდევი იყო ამ ტურნირისთვის. წესრიგით, საქართველოს შარშანდელი პირველობა თითქოს შედარებით გამოირჩეოდა, მაგრამ იქაც იყო შემთხვევა, როცა ტატამზე მსაჯებს აგინეს, მერე კი საქმის გარჩევა დარბაზის გარეთაც გააგრძელდა. საგანგებოდ მოწვეულ ევროპელ კომისარსაც არ მოერიდნენ და იმასაც აგინეს...

წლევანდელი პირველობის ორგანიზებულად ჩატარება ფედერაციისა და ნაკრების თაცკაცთა სურვილების თანხვედრამ განაპირობა. ვფიქრობთ, დისციპლინის დაცვა იმანაც მგამოიწვია, მოჩხუბრებს და შფოთისთავებს პოლიციის ჩარევით და მკაცრი სანქციებით რომ ემუქრებოდნენ. შფოთისთავები ძირითადად ერთი და იგივე ხალხია. ძიუდოს ფედერაციაში წინასწარ ლაპარაკობდნენ კონკრეტულ ადამიანებზე. ეს ყველაფერი გამოცხადებული დებოშის ქრონიკას ჰგავდა. ეტყობა, მუქარამ გაჭრა. თან ამჟამად წესრიგს დაცვის სახელმწიფო სამსახური იცავდა. ამ თემაზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: იმ მოჩხუბარ სპორტსმენთა უმეტესობა არ აიწონა. ეტყობა, მიხვდნენ, ძველებურად აღარ გაუვიდოდათ.

მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა ნაკრების ხელმძღვანელობამაც, რომელმაც ტიტულებისა და დამსახურებების მიუხედავად უკლებლივ ყველა ლიდერი მკაცრ რეჟიმში მოაქცია და ძველებურად წონითი კატეგორიებით მანიპულირების ან ჩემპიონატიდან თავის არიდების საშუალება არ მისცა. დისციპლინა ყველას თანაბრად უნდა მოეთხოვებოდეს, რაგინდ წარმატებული სპორტსმენი იყოს. სხვა თუ არაფერი, შეჯიბრებას მომზადება იგებს და არა კონკრეტული გვარ-სახელი. დიდი იწილო-ბიწილო არ უნდა იმის მტკიცებას, რომ არსად არავინ მოგაგებინებს მხოლოდ ტიტულების გამო. რეჟიმის სისტემატური დარღვევით ლიდერები საკუთარ თავს ხომ აზარალებენ, ახალგაზრდებსაც ცუდ მაგალითს აძლევენ და გუნდში საერთო ატმოსფეროს აფუჭებენ.

ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელთა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება სამსაჯო პრობლემის მოგვარება იყო. ნაკრების თავკაცი სოსო ლიპარტელიანი კატეგორიულად ითხოვდა ობიექტურობას. ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ შემთხვევით იმასაც შევესწარი, როგორ მივიდა ლიპარტელიანთან მადლობის გადასახდელად ერთ-ერთი მსაჯი, ზეწოლა რომ არ ყოფილა, ჩვენც თავისუფლად ვმუშაობდითო...

სიტყვამ მოიტანა და ერთ უცნაურობაზეც ვიტყვი - სპორტის სასახლეში ძიუდოს ჩემპიონატი თუ ჩატარდა, ჭიდაობამ რა დააშავა? აკადემიის დარბაზი ამხელა ტურნირისთვის შესაფერისი რომ ყოფილიყო, ძიუდოისტები სხვაგან არ წავიდოდნენ. გვესმის, რომ სპორტის სასახლის დაქირავება ძვირი სიამოვნებაა და ძიუდოისტებმა იქ შესვლა მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის დახმარებით შეძლეს, მაგრამ ჭიდაობამ რა დააშავა? არადა, ბოლო წლებში აშკარად დაჩაგრულია ძიუდოს ფონზე. სამწუხაროა, მაგრამ ძიუდომ დედაქალაქში რამდენიმე დარბაზი წაართვა ჭიდაობას. მათ შორისაა დღევანდდელი ძიუდოს აკადემიაც, რომელიც ადრე ლევან თედიაშვილის სახელს ატარებდა. ამის გარდა, მოჭიდავეები სხვა სტრუქტურებმაც გამოაძევეს დარბაზიდან - ”პეტრეს დარბაზი” რომელიღაც ბანკმა თუ ”ცენტრ-პოინტმა” შეისყიდაო, გივი კარტოზიას სახელობის დარბაზი ბაზრობის ადგილად იქცა. 31-ე ქარხანაშიც მოჭიდავეები კვირაში რამდენიმე საათით სტუმრად შედიან.

ძიუდოისტებს ასე არ ექცევიან. ეტყობა, იმათი ხელმძღვანელობა უფრო ახერხებს უფლებების დაცვას. კარგი იქნება, ამ საქმეში სამინისტრო თუ ჩაერევა, რადგან საქმე იქამდე მივიდა, რომ დედაქალაქში სავარჯიშო დარბაზების დეფიციტია. შესაბამისად, არც მსურველებს აქვთ დიდი არჩევანი. ეს ამცირებს ისედაც არასახარბიელო მასობრიობას, რაც მალევე დაეტყობა შედეგებს.

დავუბრუნდეთ მოჭიდავეთა ჩემპიონატებს. კარგი იქნება, ნაკრების მთავარი მწვრთნელებიც ლიდერებისადმი ისეთივე პრინციპულ პოზიციას თუ დაიკავებენ და არაფერს დაუთმობენ, როგორც ლიპარტელიანი მოიქცა ძიუდოში. ოღონდ აქ პრობლემა მხოლოდ მწვრთნელებში არაა. მთავარი უბედურება ისაა, რომ ისინი მკაცრ მიდგომებში და ნაკრების დაკომპლექტებაში თავისუფალნი არ არიან. ამაზე ადრეც ვწერდით.

ვიცი, ამ სიტყვებზე ბევრი განაწყენდება ფედერაციაში და უფრო ზევითაც, მაგრამ ამის დამამტკიცებელი არაერთი მაგალითი მომეპოვება. კარტოზია-ბალავაძის ტურნირების მიმდინარეობისას ერთი მწვრთნელი მეუბნებოდა ტიტულოვან ფალავანზე, არ უნდოდა ჭიდაობა, ძლივს მივიყვანეთ სასწორთანო. გაითვალისწინეთ, რომ ის ტურნირები მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევი უნდა ყოფილიყო, ანუ იმ ფალავანს ჰქონდა ამბიცია, შეჯიბრებაზე გამოსვლის გარეშე წაეყვანათ მსოფლიოზე. მე ვუთხარი, ასეთებს ნუ წაიყვანთ, ის ერთი მედალი (იმასაც თუ მოიპოვებენ, ეგეც საკითხავია) უფრო დიდ მიზანს შესწირეთ, თან ასეთი დასჯა მისთვისაც კარგი მაგალითი იქნება და - სხვებისთვისაც-მეთქი. მიპასუხა, გეთანხმები და ჩვენც ასე გვირჩევნია, მაგრამ ზევიდან დაარეკინებენ და გვაიძულებენ, მაგას კი გვირჩევნია, ისევ ჩვენით შევიყვანოთო... სამწუხაროდ, მწვრთნელები ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორში მუშაობენ. რომელიმე დიდი ტურნირიდან დაბრუნებულებს ინტერვიუს ბოლოს ხშირად უთხოვიათ, სპორტის ამა თუ იმ მმართველზე სამადლობელი დაბეჭდეთ, თორემ ეწყინებათო. ეს ცალკე თემაა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, უფრო ადრე ხდებოდა ასე, ბოლო წლებში კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მწვრთნელთა უფლებების შეზღუდვის ტიპური მაგალითი იყო ევროპის ჩემპიონატის წინ "კლასიკოსთა" ნაკრებში მომხდარიც, როცა ფედერაციამ თუ ზემდგომმა არათუ დაიცვეს მწვრთნელი გარეშე პირთა ჩარევისგან, არამედ - საყვედურებიც უთხრეს (ყველამ თუ არა, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა მაინც). მწვრთნელი დამნაშავეც რომ ყოფილიყო, არაფრით ამართლებს იმას, რაც მაშინ მოხდა - საკონტროლო შეხვედრაზე უარის თქმა და ამის გარეშე ნაკრებში დაყენების მოთხოვნა ან შეკრებაზე მწვრთნელის რანგში თვითნებურად წასვლა და მთავარი მწვრთნელის სავარჯიშო გრაფიკის შეცვლა უფრო დიდი დისციპლინარული დარღვევაა. მაშინ ამ უმსგავსობას წინ არავინ აღუდგა. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი რამ ”ზემოდან” მოდიოდა. როგორც ამბობენ, ვარძელაშვილმა მსგავსი ჩარევებიც აღკვეთა, თუმცა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამაც დიდი როლი ითამაშა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული