ტურნირს ბიჭებიდან 55-ის და სწორედ 60-ის წარმომადგენლები გახსნიან, ანუ დღეს საქომაგო მხოლოდ ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში ლერი ჭელიძე გვეყოლება. ის პირველივე წრეში მონღოლ ბატბაიარ ბარსურენს ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ავსტრალიელი მარკ ტობინი ელოდება.
24 ოქტომბერს ჩვენებიდან საჭიდაოდ გელა კელიხაშვილი (66), ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი (ორივე - 73)
მართალია, ასცდა იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შო ტატეიამა, მაგრამ მის ქვეჯგუფშია მეორე იაპონელი იუუკი ჰაშიგუჩი, ამ ასაკში ბერძენთა ზედიზედ ორგზის ევროპის ჩემპიონი გეორგიოს აზოიდისი, ევროპის წლევანდელი უნგრელი მესამე პრიზიორი მარტინ ვეგვარი.
თან, აქ ლაპარაკია მხოლოდ ქვეჯგუფზე, სადაც ანგარიშგასაწევნი სხვებიც არიან, ხოლო ნახევარფინალამდე კიდევ ელოდებიან ძლიერები, მაგალითად - ქვედა წონიდან ამონაცვლებული ევროპის შარშანდელი ახალგაზრდულის მომგები რუსი ზაურ კალაშაოვი. ისე კი, ეს წონა ყველაზე მრავალრიცხოვანია - 62 მონაწილე გამოდის!
ამ ასაკში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გუგავა თავიდან პოლონელ დამიენ სტეპიენს ხვდება, ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში კი მოლდოველ ნიკონ ზაბოროსციუცსა და შვედ ტომი მატიასს შორის მოგებულს დაეჭიდება. ამ ასაკის ვარსკვლავებით გადატვირთული არც მისი ქვეჯგუფია, თუმცა იაპონელი კი ჰყავს მეტოქედ. გააჩნია, რამდენად მოასწრო ჩვენებურმა ძალების აღდგენა ევროპის პირველობის შემდეგ.
საკმაოდ თანაბარძალოვან და არც ისე ძლიერ ჯგუფშია ევროპის კიდევ ერთი შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი გიგანიც, სადაც შედარებითობის პრინციპით ორ მეტოქეს გამოვარჩევთ - ჩეხი იაკუბ იაცმინეკი უფროსებში საკმაოდ გამოცდილია, ბელგიელი სამი ჩოუჩი კი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია.
თუმცა არა გვგონია, ისინი დიდად აღემატებოდნენ გიგანს. ისე კი, ჩვენებურს მთლად ხელწამოსაკრავი მეტოქე არც პირველ წრეში ეყოლება - იტალიელი ანტონიო ესპოზიტო. ამ წყვილის გამარჯვებული მერვედფინალში გასასვლელად სწორედ ჩოუჩსა და ლატვიელ მიხალის სტაინბუკსს შორის მოგებულს დაეჭიდება.
გიგანი ნახევარფინალამდე თუ მივიდა, იქ სავარაუდო მეტოქედ ევროპის წლევანდელი გაბერძნებული ჩემპიონი რომან მასტოპულოსი ელოდება, რომელიც, სინამდვილეში, ქართველია - გიორგი რევაზიშვილის ვაჟი, ევროპის პირველობის ფინალში კი გუგავას მოუგო.
25 ოქტომბერს 81 და 90 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ. ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა დონღვანი (81) პირველ წრეში ფილიპინელ კოდო ნაკანოს ეპაექრება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ევროპის წლევანდელი ბულგარელი ბრინჯაოსპრიზიორი ივაილო ივანოვი ელოდება.
ჩვენი გუნდის ლიდერი, ჭაბუკებში ყველაფრის მომგები და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) პირველ წრეში ისვენებს, თან, ირანელი რამინ საფავიენისა და სლოვაკი არპად სზაკაცსის შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მომავალი მეტოქე გაირკვევა.
ამავე ჯგუფშია ჰოლანდიელი მიხაელ კორელიც, ვისაც ღვინიაშვილმა წლევანდელი ევროპირველობის ფინალში ბრწყინვალედ მოუგო. მას ძლიერებიდან ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეებად უნგრელთა წლევანდელი ევროპის პრიზიორი გერგო ფოგასი და კორეელი ჯინ კიუნ ჰანი ელოდებიან.
თუმცა ჩვენებურს ისეთები დაუმარცხებია, წესით, დიდი წინააღმდეგობა ვერც ამათ უნდა გაუწიონ, მაგრამ თვითონაც მაქსიმალურად მობილიზებული უნდა გავიდეს ყველა მეტოქესთან და სათანადოდ შეაფასოს ისინი.
ამავე წონაში ლაშა ტაველური თავიდან მასპინძელ ტადეი მულეცს ხვდება, ამათში მოგებულს კი ებრაელი ლი კოჩმანი ელოდება.
26 ოქტომბერს 100-ისა და +100-ის ფალავნებს ვიხილავთ ტატამზე. ევროპის წლევანდელი გამარჯვებული გურამ თუშიშვილი (100) პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი შეიძლება იმ გერმანელ ლეონ შტრუბერს შეხვდეს, ვისაც ევროპირველობის ნახევარფინალში მოუგო (სამაგიეროდ, გერმანელმა რევანში ბრინჯაოსთვის პაექრობაში თორნიკე ოთინაშვილთან აგვიღო).
საამისოდ შტრუბერმა მავრიტანიელი ჰასლეი ადონისი უნდა დაამარცხოს, რაც დროის ამბავი გვგონია.
თუ ჩვენებური ამ ბარიერსაც გაივლის, შესაძლოა, მერვედფინალში ევროპირველობიდან ნაცნობი კიდევ ერთი მეტოქე - ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენდერი შეხვდეს, სარაევოში ევროპის ჩემპიონატზე პირველივე წრეში რომ აჯობა.
ქართველი თუ ნახევარფინალში გავა (რაც ამ წილისწყრიდან სავსებით შესაძლებელია, ოღონდ აქ კორეელ ლეეჰიუნ კიმსაც ნუ დავივიწყებთ), იქ ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ფრანგი ნაბილ მაჩტროუც ელოდება, ვისაც ევროპირველობის ფინალში მოუგო.
სამაგიეროდ, მძიმე წონაში ბედმა მწარედ დაგვცინა- ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. თან უკვე მესამე წრეში შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს. ბედის ირონიით, აქვეა რუსი ანტონ კრივობოკოვი, რომელმაც სარაევოში, ევროპის წლევანდელ პირველობაზე ორივე ჩვენებურს მოუგო.
ამავე ქვეჯგუფშია უკრაინელი ევროპის პრიზიორი იაკიმ ხამოც...
კონტინენტის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი მატიაშვილი თავიდან ისვენებს, მერე კი ფრანგ ემრე სანალსა და მასპინძელ ვიტო დრაგიჩს შორის მოგებულს შეხვდება.
ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ზაქარიაძე თავიდან უზბეკ ელიორ მაშარიპოვს ხვდება, მასთან წარმატებისას კი ბოსნიელი ჰარუნ სადიკოვიჩი ან მექსიკელი ხოსე კუევასი ელოდებიან.
ჩვენებურები ამის შემდეგ - მეოთხედფინალში თუ შეხვდებიან ერთმანეთს, ნახევარფინალში კი კრივობოკოვი, ხამო და სხვები მოდიან...
ლუბლიანაში მსოფლიოს ჩემპიონატი 27 ოქტომბერს დამთავრდება გუნდური ტურნირით, რაც პირველი შემთხვევაა ახალგაზრდული ძიუდოს ისტორიაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"