ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ამჯერადაც გამოიჩინეს თავი, თუმცა კვირას ეროვნული ნაკრების ლიდერებმაც შეინარჩუნეს პოზიციები. მაგალითად, ოთხიდან ორ წონაში - 81-სა და 90-ში, შესაბამისად, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვალერი ლიპარტელიანმა გაიმარჯვეს, ზედა ორში კი გურამ თუშიშვილმა (100) და ლევან მატიაშვილმა (+100) ივარგეს.
ჭრიკიშვილმაც და ლიპარტელიანმაც, უმთავრესად, გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე იმარჯვეს, თუმცა საამისოდ ორივეს დიდი ჯაფა დაადგა. ასე მაგალითად, ლიპარტელიანი, რომელმაც წინასწარი შეხვედრები, ძირითადად, გაფრთხილებებით მოიგო, ორჯერ დავარდა მუცელზე პაატა
ასევე ბოლო წუთებზე მოიპოვა იპონი ჭრიკიშვილმაც უშანგი მარგიანთან, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის გუნდური ტურნირიდან დაგვამახსოვრა თავი. მან ახლაც შთამბეჭდავად იასპარეზა და სრულიად ალალი იყო წაგებით გამოწვეული ცრემლები - ამ პაექრობაში იყო მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებები. მართალია, ჭრიკიშვილი ბოლოს იპონით მაინც მოიგებდა, მაგრამ მარგიანსაც ჰქონდა სამდურავის მიზეზი...
მძიმე წონაში ლევან მატიაშვილმა ძალზე იოლად გაიმარჯვა - ისეთი გდება, რაც მან ფინალში როსტომ ხახალეიშვილს გაუკეთა, ამ წონაში იშვიათია. დასამახსოვრებელი იყო მესამე ადგილისთვის პაექრობაც, სადაც გიგა გელაშვილმა ზედ ბოლო წამზე წამოიწყო საიპონე ილეთი სლავა რეზესიძესთან და ვაზარი ამოუქაჩა.
კვირას ერთადერთი ხმაურიანი შეხვედრა 100 კილოგრამის ფინალი გამოდგა - იოსებ მსხალაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ვაზარზე წამოიღო, მაგრამ ამ ჭკვიანმა მოჭიდავემ ვარდნისას ფეხი ჩაუხვია, რითაც ვარდნისთანავე შებოჭვა დაიწყო. ამ დროს მსაჯს მატე ნათქვამი ჰქონდა, მაგრამ ტურნირის მთავარ მსაჯებად საგანგებოდ მოწვეულმა საერთაშორისო ფედერაციის კომისრებმა, ჩეხმა მარიან ჰეპკამ და იტალიელმა ტონინო პასკუალემ გაგრძელება ბრძანეს.
თუშიშვილმაც შებოჭა და ხმაურიც ატყდა, მაგრამ კომისრებმა ცხადად განმარტეს, რომ რაკი თუშიშვილმა კომბინაციაში გააგრძელა ბოჭვა, შეხვედრა არ უნდა გაჩერებულიყო. ეგ კი არა, ჰეპკამ ისიც თქვა, მსაჯს რომც გაეჩერებინა ორთაბრძოლა, შებოჭვიდან მაინც გავაგრძელებინებდიო...
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ახალგაზრდებმა ლიდერებს შეუტიეს