წარუმატებლობის მიუხედავად, ნაკრების თავკაცი ამირან ტოტიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს მაინც იმედიანად უყურებს და ამბობს, რომ გუნდი ფორმაში შესვლას მოასწრებს. მასთან ინტერვიუ მოსკოვური ტურნირის შეფასებით დავიწყეთ.
- როგორ აფასებთ ჩვენი ნაკრების გამოსვლას მოსკოვის პრესტიჟულ ტურნირზე?
- იცით, რომ ამ ტურნირის წინ ბათუმში შედარებით თავისუფალი
- მის გარდა, სხვას თუ გამოარჩევთ?
- რადგან ფორმაში არ ვიყავით და შეჯიბრებას მომზადებულები ვერ ვხდებოდით, ძნელია, ვინმეს ჭიდაობა დადებითად ან უარყოფითად შეაფასო.
- მაგრამ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ნაკრების ლიდერებმა მოსალოდნელზე უფრო ცუდად იჭიდავეს?
- ჯერ ისედაც რა ფორმაში ვიყავით და მოუმზადებლებს რაღა უნდა ეჭიდავათ!
- თუმცა ცირეკიძემ ასე მოუმზადებელმა მადრიდის ტურნირი მოიგო, აქ კი ბელარუს იაუჰენ ბიადულინთან წააგო.
- ბიადულინმა წლეულს ტუნისის `დიდი მუზარადის~ ტურნირი მოიგო, თუმცა იმ შეხვედრაში ცირეკიძემ სამი გდება გაუკეთა. მართალია, ბელარუსმა ნამდვილად შეასრულა ვაზარი, მაგრამ ამის ილეთებიდანაც ერთზე ნამდვილად შეიძლებოდა იგივე შეფასების მიცემა. თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ წაგებას მსაჯებს ვაბრალებ - კიდევ ვიმეორებ, ბიადულინმა ნამდვილად გაუკეთა ვაზარი. ჩვენი ძირითადი ამოცანა სტარტის მიღება იყო, ახლა კი ახალი შემართებით დავიწყებთ შეკრებას და მზადებას მსოფლიოს პირველობისთვის. დღეს მინისტრს ვხვდებით და გაირკვევა, წავალთ თუ არა ბელარუსში შეკრებაზე. თუ წავედით, მაშინ ბაკურიანში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას 10 ივლისს დავიწყებთ, თუ არა - 16-ში. თუ წავედით, ის შეკრება ავტომატურად მიებმება ფიზმომზადების შეკრებას, რაც ძალიან კარგი იქნება გუნდისთვის.
- ალბათ, ბელარუსში სტაიკების ბაზაზე გაივლით შეკრებას. სავარაუდოდ, იქ სხვებიც ჩავლენ. თუ იცით, რამდენი გუნდი იქნება?
- კი, შეკრებას ნამდვილად სტაიკებში გავივლით. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი გუნდი აპირებს ჩასვლას და შეკრებაც ძლიერი უნდა გამოვიდეს. ბელარუსში წასვლას 25 ივლისს ვგეგმავთ.
- ისევ მოსკოვის ტურნირს დავუბრუნდეთ. ლიპარტელიანის გამოსვლაზე რას იტყვით?
- თამამად ვიტყვი - როცა ლიპარტელიანი ფორმაშია, ჯარჯი ზვიადაურს, ანუ იგივე ილიას ილიადისს ათიდან ათივე შეხვედრას მოუგებს. ჯარჯის უკვე წასვლაზე უჭირავს თვალი, ეს კი თანდათან იბრუნებს ფორმას. ახლა მთელი ათი დღე კიმონო არ ჩაგვიცვამს, ბათუმიდან ჩამოსვლის მერე ორ დღეში წავედით და არ იყვნენ ფორმაში, მოძრაობაც უჭირდათ. ასეთ პირობებში ძნელია, მათ შედეგები მოსთხოვო. ადრე, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს კი იყო ისე, რომ ყოველ წუთს, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ტურნირისთვის უნდა ყოფილიყავი მზად - ოლიმპიადა იქნებოდა, მსოფლიოს პირველობა თუ რიგითი საერთაშორისო ტურნირი. იმიტომაც ვერ ძლებდნენ მაშინდელი სპორტსმენები 4-5 წელიწადზე მეტს. სამაგიეროდ, ახლა ფსიქოლოგიური დატვირთვა გაიზარდა, ამიტომ სპორტსმენს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, აი, ახლა რომ წავაგო, ამით ყველაფერი დამთავრდებაო. ყველამ კარგად იცის, რა გუნდი ჩავიბარე. მისი გაახალგაზრდავება პეკინის ოლიმპიადის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რაკი ასე არაა, ვალდებული ვართ, იმ რესურსს დავეყრდნოთ, რაც დაგვხვდა და იქიდან მაქსიმუმი ამოვწუროთ. მერწმუნეთ, 2-3 წლის შემდეგ სულ სხვა გუნდი გვეყოლება - ერთ-ერთი საუკეთესო, ოღონდ, თუ გაგრძელდება ის მუშაობა, რაც სჭირდება სისწრაფის გამომუშავებას, ტექნიკისა და ილეთების დახვეწას.
- თქვენი აზრით, რომელი სისტემა სჯობდა - საბჭოური თუ ახლანდელი?
- ცხადია, საბჭოური. მაშინ ყველამ ვიცოდით, რა უნდა გვეკეთებინა, დღეს კი ბევრი უცოდინარი პროფესორი ხდება და ზოგ სპორტსმენსაც რაღაცა ემართება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ლიდერობა ნაკრებში. ახალგაზრდა იქნება, ვეტერანი, ოლიმპიური თუ მსოფლიოს ჩემპიონი, ყველამ ყოველდღე უნდა იფიქროს ახალ შედეგზე. როცა გუნდში ატმოსფერო ირევა, ეს მერე ყველაზე გადადის - ახალგაზრდაზეც დავეტერანზეც.
- და რა გვიშლის ხელს ამის მიღწევაში - მეტი სიმკაცრე და დისციპლინაა საჭირო?
- ალბათ, ოლიმპიადის მერე გუნდი უნდა გაახალგაზრდავდეს და ვარჯიშებიც სისტემატური უნდა იყოს. როცა სხვები მთელი სამასი დღე შეკრებაზე არიან, როგორ გინდა, იმათ მოუგო, გადაასწრო ერთი ან ორი შეკრებით?! ეს არასოდეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ ჩვენში ტალანტები მუდმივად არიან. მე იქნებ ვარჯიშზე მარაო მეჭიროს ხელში და ვინიავებდე, მაგრამ იმ ტალანტების ხარჯზე ერთი-ორი კარგი სპორტსმენი ასეც გამოჩნდება. ჩვენი მიზანია, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს მივცეთ იმდენად სწორი მიმართულება, რომ ეროვნულ ნაკრებში ჩამოყალიბებული ფალავნები მოვიდნენ და არა ისეთები, ილეთებს აქ რომ სწავლობდნენ. ეროვნულ ნაკრებში მიზანმიმართულად უნდა ვმუშაობდეთ კონკრეტული შეხვედრისთვის მოსამზადებლად და არა ფანდების შესასწავლად.
- ეგ ყველაფერი ოლიმპიადის შემდეგო, მაგრამ ოლიმპიადამდე რა გვეშველება?
- კიდევ ვიმეორებ - ოლიმპიადამდე სადღეისოდ არსებულ რესურსს უნდა დავეყრდნოთ, ვიმუშაოთ მათზე და ვეცადოთ მაქსიმალური შედეგის მიღებას, რათა ოლიმპაიადას მზადყოფნაში შევხვდეთ.
- გუჯეჯიანის მოსკოვურ გამოსვლას როგორ აფასებთ? მას ძალიან ბევრი გაუცდა და როგორ ატყობთ, შეძლებს ფორმის დაბრუნებას?
- ბევრი კი გაუცდა, მაგრამ ევროპის გუნდურ პირველობაზე ძალიან დიდი პერსპექტივა დამანახა. პრაქტიკულად, მან მოგვაგებინა ორი შეხვედრა, ფინალში კი მის ორთაბრძოლას არც ჰქონდა მნიშვნელობა. მე მქონდა იმის დრო და საშუალება, ყველას ხასიათი უკეთ გამეცნო. ჩვენ უნდა გადავიდეთ ასეთ რეჟიმზე - შრომა-დისციპლინა; შრომა-დასვენება... დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა, ამ წონაში კი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კადრების დეფიციტია, ასარჩევი არ გვყავს. დღეს ამათზე უკეთესი არავინაა და ახალგაზრდებთან ძალიან ბევრია სამუშაო. ისინი წააგებენ თუ მოიგებენ, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს - ამით გამოცდილებას მიიღებენ, მერე კი მათ ხარვეზებზე უნდა ვიმუშაოთ.
- ტატალაშვილში, რომელიც წლეულს საკმაოდ კარგად ჭიდაობს და ლამის უმტკივნეულოდ გადმოერთო ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში, რა დადებით თვისებებს ხედავთ?
- ეს ბიჭი ყოველდღიურად უმატებს. მას სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, როგორც ყველას, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ეტყობა, ეს გლანდების ბრალი იყო და არა უვარჯიშებლობის. ოპერაციის შემდეგ ეს პრობლემა მოეხსნა და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე მეტს ის ვარჯიშობს. მჯერა, ტატალაშვილი ერთ-ერთი სამაგალითო იქნება იმ ახალგაზრდათაგან, რომლებიც მსოფლიოს პირველობაზე მოხვდებიან.
- სამწუხაროდ, პაატა მერებაშვილის წარუმატებლობა ისევ გრძელდება. რატომ - თქვენ რითი ხსნით ამას?
- თუ დამიჯერებთ, ამ წონითი კატეგორიის გახსენებაც არ მინდა. მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ და იქნებ რამე გამოვიყვანოთ.
- იქნებ არ უჯობს ახალ წონაში გადასვლა და მისი 60-ში დატოვება ჯობდა?
- ის 65 კილოგრამამდე ადის. თან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მშრალი ორგანიზმი აქვს და უჭირს დაკლება. დატვირთვებისას წონის დაჭერა ცოტა ძნელი საქმეა. მას სიმაღლე აქვს და ამიტომ ვამჯობინე ახალ წონაში გადაყვანა, მაგრამ ცოტა მუშაობა სჭირდება.
- მაინც რა კუთხით - ფიზიკურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად თუ როგორ?
- ფიზიკურადაც, მაგრამ უფრო –ტექნიკის მხრივ. მას ისეთი ჩავლება აქვს, გაუჭირდება.
- მის ამ ნაკლზე დიდი ხანია, საუბრობთ. რამდენად სწრაფად მიდის საქმე პროგრესისკენ?
- დამეთანხმებით, საქმე ერთ დღეში არ გამოსწორდება. არავის კრიტიკა არ მსურს, მაგრამ მას ეს ნაკლი აქამდე უნდა გამოესწორებინა. შეიძლება, ქართველი მოჭიდავე მოგვერდს და გადავლებას არ აკეთებდეს და ამ ილეთებით უცხოელები გვიგებდნენ? ახლა ამ მიმართულებით სისტემატურ ვარჯიშებზე გადავდივართ - ყოველდღიურად ვმუშაობთ ქამარზე, ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოძრაობაში გავაკეთოთ. საქმეა ისეა, თუ არ დაავალე, მოგვერდს არავინ შეასრულებს. ამას დღე და ღამე ჩიჩინი უნდა, სპორტსმენს სახლშიც გამუდმებით სიტყვა `ქამარი~ რომ ესმოდეს.
- მოსკოვური ტურნირის შემდეგ როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ღირს კი ყველა წონაში ორი კაცის წაყვანა?
- სადღეისო გადასახედიდან, იქნებ ზოგ წონაში არც ღირდეს ეს, მაგრამ ამით ურეიტინგო ფალავნებს ქულების მიღების რაღაც შანსი ეძლევათ. თან გამოცდილებასაც მიიღებენ. ხომ შეიძლება, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და მათ შორის მოგებული ქულებსაც მიიღებს. არც ისაა გამორიცხული, მანამდე ვინმე სუსტსაც აჯობოს და ამ შემთხვევაში ორი მოგება გამოუვა და ქულაც მეტი დაუგროვდება.
- მაგრამ ვისაც წარმატების პერსპექტივა არ აქვს, იქნებ არც ღირდეს მისი წაყვანა? ვთქვათ, აიღო ქულები, მაგრამ ამით რა? გამოცდილება კი ბევრად დაბალი რანგის ტურნირებში მიიღონ, სადაც წარმატების მეტი შანსი ექნებათ.
- სადაც პერსპექტივა არაა, იქ უნდა ვიწვალოთ ქულებისთვის, ხავსს უნდა მოვეჭიდოთ და ლიცენზიისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.
- გულახდილად რომ ვთქვათ, მოსკოვში ნანახის შემდეგ რამდენად გეიმედებათ, რომ მსოფლიოს პირველობამდე ნაკრები მოასწრებს ფორმაში შესვლას?
- გუნდი რომ ფორმაში შესვლას მოასწრებს, ამის გარანტიას მოგცემთ, მაგრამ იქ რა მოხდება, წინასწარ ვერ გეტყვით. მოგეხსენებათ, წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუნდაც - მსაჯებისა, ჩვენ კი ტოკიოში აკლიმატიზაციის გასავლელად ერთი კვირით ადრე ჩავალთ, როგორც თავიდანვე დავგეგმეთ.