ირაკლი უზნაძემ აბუ დაბისა და იაპონიაში გასაგზავნი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენები, ძიგორო კანოს მემორიალის გარდა, აბუ დაბიშიც გამოვლენ "დიდ პრიზზე", ხოლო იაპონიაში გაფართოებულ შემადგენლობას გააგზავნიან.

მართალია, ჯერჯერობით ზეპირი შეთანხმება შედგა, მაგრამ ძალზე მცირეა შანსი, ამ ტურნირებზე გასაგზავნ სპორტსმენთა სია შეიკვეცოს.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ უკვე დაასახელა ამ ტურნირებზე გასაგზავნი შემადგენლობა.

22-23 ნოემბერს აბუ დაბიში ლერი ჭელიძე (60), ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ქალდანი (ორივე - 66), ზურაბ ნოზაძე (73), პაატა ღვინიაშვილი (90) და როსტომ ხახალეიშვილი (+100) გამოვლენ.
აქ მკითხველის ყურადღებას იმას მივაპყრობთ, რომ ახალ წონებში გამოვლენ ახალგაზრდული ნაკრების წევრები - ჭელიძე და მარგველაშვილი.

გაცილებით უფრო დიდია იაპონიაში, ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" გასაგზავნი გუნდი, სადაც გაფართოებული შემადგენლობა მიდის. მათ შორის - ყველა ის ტრავმირებული ლიდერი, ვინც წინა კვირას საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა, ოღონდ მათი უმეტესობა არც იქ იჭიდავებს, მხოლოდ ერთობლივ ვარჯიშებში გამოვა.

ეს ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება ტოკიოში და 1-ელ დეკემბერს დამთავრდება, ჩვენების უმთავრესი სამიზნე კი არა თავად შეჯიბრება, არამედ სწორედ ერთობლივი წვრთნებია, რომელიც ტურნირის დასრულების შემდეგ ჩატარდება და 10 დღეს გასტანს.

მაშ ასე, იქ შემდეგი ფალავნები წავლენ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), შალვა ქარდავა (66), ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ოთხივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), გურამ თუშიშვილი, იოსებ მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი (სამივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (+100).

ამათგან გადაწყვეტილია, რომ მეტრეველი და ზაქარიაძე ტურნირში არ გამოვლენ (წონაში მხოლოდ ორი კაცის დაყენების უფლება გვაქვს) და მარტო ერთობლივი შეკრებისთვის მიჰყავთ.

გაურკვეველი მხოლოდ 73-ის მონაწილეთა საკითხია - გარკვეულია, რომ კანოს მემორიალში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი გიგანი იჭიდავებს, მეორე მონაწილეს კი უზნაძე ადგილზე შეარჩევს დანარჩენი სამეულიდან. მოგეხსენებათ, ამ ტრიოდან ყველა ტრავმირებულია და უზნაძე სწორედ იმას ელოდება, იმ მომენტისთვის ვინ იქნება უკეთეს ფორმაში, ვინ მოასწრებს ტრავმების მოშუშებას.

მწვრთნელიც იმას დაეყრდნობა, დანარჩენები კი ერთობლივ წვრთნებს დაელოდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული