ზაიზენბახერს სამი ავსტრიელი ექიმი ახლავს, რომლებიც საქართველოში
თუმცა ქართული არაპროფესიონალიზმი და, ზოგადად, ქართული გარემო აქაც ვლინდება. მაგალითად, გუშინ შემოწმებაზე რამდენიმე ძიუდოისტი არ მივიდა, ზოგს კი აშკარად ეტყობოდა, დიდად არ სიამოვნებდა ამგვარი შემოწმება. ალბათ, იმიტომ, რომ მერე გაძლიერებულ რეჟიმში მოუწევთ ვარჯიში და დატვირთვებიც გაეზრდებათ. არადა, ამგვარი შემოწმება ისევ მათთვისაა საჭირო, რათა გაიგონ, რა უშლით ხელს უკეთესი შედეგების მიღწევაში. მაგრამ არა - ბევრს ისევ ძველებურად "ლაითად" ღლაბუცი ურჩევნია. არადა, ვითარება ნამდვილად არაა სახარბიელო. ჩვენებს რომ "ფიზიკაში", ტრადიციულად, უჭირთ, საიდუმლო არავისთვისაა, გუშინ წოლჭიმიდან შტანგების აწევა ბევრ ლიდერს გაუჭირდა...
ზაიზენბახერთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, მაგრამ დარბაზში ისიც გავიგე, რომ კანოს ტურნირისთვის შეგულებული გუნდიდან ოთხ კაცზე უთქვამს, ამათ წაყვანას აზრი არ აქვს, ვერ გაუძლებენ იქაურ დატვირთვებსო. როგორი საქმეა - იქ სულ შვიდი კაცი მიდის და იმათგან ოთხზე ასეთი დასკვნა! ეტყობა, საქმე იმაზე ბევრად სერიოზულადაა, ვიდრე გარედან მოჩანს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა უნდა მიიღოს, ზაიზენბახერის საქმე მხოლოდ სპორტსმენთა შემოწმება და მწვრთნელისთვის რეალური სურათის მიწოდებაა, ბოლო სიტყვა კი მაინც ლიპარტელიანს ეკუთვნის.
ქართული რეალობა ვახსენეთ და ესეც სატირალია! თავი დავანებოთ იმას, უნდათ თუ არა შემოწმება სპორტსმენებს, ან ქართველ სპეციალისტებს პრაქტიკულ მუშაობაში ჩართვა. გუშინ დარბაზში მისულმა რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც ვიხილე, ნამდვილად სავალალოა. ძიუდოს აკადემია ერთ-ერთი სამაგალითო ბაზაა, მაგრამ იმასაც კი, ბევრი უკლია სრულყოფილებამდე. გუშინ შტანგები ძალოსნებისგან ითხოვეს; მოგვიანებით ზაიზენბახერმა ტანვარჯიშული ღერძი ითხოვა - ზედ კიმონო გადავკიდოთ, ჩავლებებზე შემოწმებაც მაინტერესებსო, მაგრამ მსგავსი ვერაფერი იპოვეს და ბოლოს ხეების დახმარებას აპირებდნენ... თურმე ზაიზენბახერმა ურჩია ძიუდოისტებს, ათი შტანგა იყიდეთო, რაზეც ერთმა საქმეში ჩახედულმა სავსებით სამართლიანად იხუმრა, მაგდენი ძალოსნობის ნაკრებს არ აქვსო...
ვგონებთ, ეს მაგალითები საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რაოდენ მძიმე მდგომარეობაა ინვენტარის მხრივ. არავინ უარყოფს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრი სპორტული არენა აშენდა, მაგრამ მხოლოდ საჭიდაო დარბაზის ან ფეხბურთის სათამაშო მოედნის სიმრავლე არ ნიშნავს კეთილმოწყობილ ბაზას, მას ინვენტარიც სჭირდება. ჯერ ის ბაზებიც არაა თანამედროვე სტანდარტების - ლამის არც ერთ მათგანში არაა პრესლოჟა და პრესცენტრი (დასავლური მოთხოვნების შესაბამისად, თორემ უბრალო ოთახი საქმეს არ შველის), ზოგან უსაფრთხოების ზომები არაა დაცული, ზოგან - თვითონ არენების სტანდარტებია დარღვეული...
მოკლედ, ამ ახალი ბაზებიდან საერთაშორისო რანგის ტურნირების სამასპინძლოდ თითქმის არც ერთი არაა შესაფერისი, რასაც ინვენტარის მხრივ ისეთი მძიმე ვითარებაც ემატება, რაც ძიუდოს აკადემიის მაგალითზე ვთქვით. სამწუხაროდ, ეს საერთო სენია და არა მხოლოდ ძიუდოსი. არადა, მატერიალური ბაზის მოწესრიგება სულაც არ გვგონია "ქრისტეს პერანგის კერვა". მთავარია, არსებობდეს პრობლემის გადაჭრის გეგმა - საიდან დაიწყოს გარღვევა და გამოყოფილი თანხა ამ გეგმის მიხედვით დაიხარჯოს. დღეს ეს საქმე ხშირად კულუარული გარიგებებით წყდება, ამ შემთხვევაში კი საერთო ინტერესი აუცილებლად დაიჩაგრება. სპორტის სამინისტროს ცალკე პოლიტიკურ უწყებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი იდეაც სპორტული ინფრასტრუქტურის ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგება იყო. ვლადიმერ ვარძელაშვილმაც მინისტრად მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ამ პრობლემის მოგვარება იქნებოდა. ვიმედოვნებ, ასეც მოხდება, თუმცა არც იმას დავმალავ, აქამდეც ველოდებოდი ბევრად სწრაფ ნაბიჯებს.
ცოტა თემას გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ამას წინათ მეზობელ აზერბაიჯანში, მინგეჩაურში საწყლოსნო სახეობებში ოლიმპიური ბაზა გახსნეს. საკმაოდ პომპეზურ ცერემონაილზე დელეგაცია საქართველოდანაც მიიწვიეს და რაც ტელევიზორში ვნახეთ, იქაურობა მოვლილი გაზონებით, პალმებითა და ლამაზად დაქსელილი ბილიკებით ევროპული ქალაქის პარკებს ჰგავდა. აზერბაიჯანს აქამდე 14 ოლიმპიური ბაზა ჰქონდა - უახლესი საწვრთნელ-სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი, სავარჯიშო ინვენტარით თუ აუზებით, მასაჟის, სარეაბილიტაციო-დასასვენებელი ცენტრებით თუ სხვა აუცილებელი რამე-რუმეებით, ჩვენ კი ერთი მაინც როდის გვექნება? მინგეჩაურის ბაზაზე გაზონები და პალმები იყო, ამ გაზაფხულზე დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ასულს კი თავი სათიბში მეგონა ეზოში მიმობნეული გათიბული ბალახის გამო. ისიც საკითხავია, ეს ბაზა აქამდეც რატომ ვერ აშენდა, როცა საძირკველი რამდენიმე წლის წინათ ჩაეყარა? მახსოვს, მაშინ მთელ სპორტულ სამყარო შეკრიბეს და ისეთ თავსხმა წვიმაში წაიყვანეს, ძაღლი არ გაიგდება კარშიო, რომ იტყვიან.
დიდი და გადაუჭრელი არც სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაა, რასაც სპორტული მედიცინის ასოციაცია და ამ სფეროში მომუშავე მედიკოსები აქამდე უშედეგოდ ითხოვენ. ცოდვას ვერ ვიტყვით - ზემდგომნი ბევრჯერ დაჰპირდნენ საქმის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ფაქტია - ჯერ ლამის არაფერი გაკეთებულა. ცენტრის შექმნა ცოტა ძვირი სიამოვნება კია, მაგრამ - აუცილებელი. უამისოდ მოწინავე ქვეყნებთან შედარებით ყოველთვის ჩამორჩენილები ვიქნებით და სპორტული ასპარეზობებისას წინასწარ მივცემთ ფორას. თუმცა სამედიცინო აპარატურის შეძენა მაინც ხომ შეიძლება.
იძულებული ვარ, ისევ ამ ყბადაღებულ თემას მივუბრუნდე, მაგრამ ერთი აპარატი ერთი შადრევანის, ერთი ძეგლის ფულიც არ დაჯდება და განა ასე ძნელია მათი შესყიდვა? რაც ზაიზენბახერის გუნდმა ჩამოიტანა თბილისში, ის აპარატურა პირდაპირაა მიერთებული კომპიუტერზე და სპორტსმენის ყოველი მოძრაობა ეკრანის დიაგრამაზე ჩანს, რასაც ექიმი აკვირდება და აღნუსხავს. ამას ნებისმიერი ქართველი ექიმი გააკეთებს, თუ ინვენტარი ექნება. ზაიზენბახერის მისამართით მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ უცხოელებისთვის ფულის გადახდას არ ჯობია, იმ თანხით ეს აპარატურა შევიძინოთ, რითაც საშვილიშვილო საქმე გაკეთდება? ეს კიდევ ერთი წინაპირობა იქნება საიმისოდ, რომ აქ უცხოელებიც ჩამოვიდნენ. მათ ამის დიდი სურვილი რომ აქვთ, ზაიზენბახერმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, თუმცა მასთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"