ზაიზენბახერი: დრო ოლიმპიადამდე საკმარისია

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების კონსულტანტად მოწვეულმა ავსტრიელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პეტერ ზაიზენბახერმა და მის მიერ ჩამოყვანილმა სამედიცინო ჯგუფმა დაასრულა ჩვენი სპორტსმენების კომპლექსური შემოწმება, საღამოს კი ზაიზენბახერი გუნდის ვარჯიშსაც დაესწრო და სპორტსმენებს დააკვირდა.

არ ვიცით, რა დასკვნები გამოიტანა მან ამ დაკვირვებიდან, მაგრამ მისმა სტუმრობამ ნათლად დაგვანახა დისტანცია საქართველოსა და განვითარებულ ევროპას შორის. ავსტრიელმა ჩვეულებრივად და უბრალოდ თქვა, ათიოდე შტანგა შეიძინეთო. მას ვერც წარმოუდგენია, რომ ამდენი ძალოსნობის დარბაზებსაც არ აქვთ. ზაიზენბახერს მასპინძლებთან ისიც უთქვამს, როგორ ავარჯიშებს თავის კლუბში წონის ლიდერებს -
ერთ კაცს ათიოდე კონკურენტს დააჭიდებს, ოღონდ ყველა მათგანს სხვადასხვა ილეთის გაკეთება ევალება, ლიდერი კი მოვალეა, ყველასგან დაიცვას თავი! დაგვეთანხებით, ასეთ პირობებში მრავალფეროვან სტილს გამოიმუშავებენ, ყველანაირ შეტევას მოუძებნიან თავდაცვის მექანიზმს და ჩვენი ფალავნებივით ერთი-ორ ილეთზე არ იქნებიან დამოკიდებულნი.

ენა არ მოგვიბრუნდება, იგივე ჭიდაობებში მომუშავე მწვრთნელებს არაპროფესიონალიზმი დავწამოთ, მაგრამ ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას, მსოფლიო ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და თუ წარმატება გვსურს, მას კვალში უნდა მივყვეთ, ფეხი ავუწყოთ. ამიტომაა გამართლებული უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, ან ჩვენი მწვრთნელების რაც შეიძლება ხშირად მივლინება უცხოეთში. 

პიროვნულად პეტერ ზაიზენბახერი საკმაოდ თავისუფალი ადამიანი ჩანს, რომელიც, გარკვეულწილად, ცივი და პრაგმატული ევროპელის სტანდარტებსაც არღვევს და - გაზულუქებული, ცხვირაწეული ვარსკვლავისასაც, რაც ასე ხშირია ჩვენში. კაცი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (ასეთი სულ ოთხია ევროპაში). თავისუფალ საზოგადოებაში გაზრდილი კაცი ურთიერთობაშიც უშუალოა და დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, ინტერვიუზე უყოყმანოდ დაგვთანხმდა. მასთან საუბარში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე დაგვეხმარა, რომელმაც ევროპელთა სამუშაო გრაფიკიდან ერთი ნიშანდობლივი დეტალიც გაგვაცნო - შუადღეზე დასვენებასა და სადილზე უარი მითხრეს, საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებიაო. აბა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას ვიზამდით მათ ადგილას, მე კი ინტერვიუმდე დავძენ, რომ ზაიზენბახერი საქართველოს ნაკრებთან ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით იმუშავებს. ის ნაკრებს ტოკიოშიც გაჰყვება კანოს მემორიალზე, მერე კი მოსკოვში ჩადის, სადაც სამედიცინო შემოწმებას იქაურ ჰოკეისტებს ჩაუტარებს. მასთან კონტრაქტი დეკემბერში გაფორმდება.

- რა დასკვნები გამოიტანეთ იმ ყველაფრიდან, რაც აქ ნახეთ - რეალობა ისეთია, რაც წარმოგედგინათ თუ..?
- თავიდან საერთოდ არაფერი ვიცოდი საქართველოზე, ქართულ ძიუდოზე. აქ სუფთა ფურცლით ჩამოვედი, მაგრამ ნელ-ნელა ვეცნობი აქაურობას. უბრალოდ, დროის ფაქტორია და ამ ტესტების შედეგების მიხედვით თანდათან შევქმნი ვითარების სრულ სურათს. შეფასებები ჯერ ადრეა, მოკლედ კი გეტყვით, რომ საბრძოლო ჟინი, გამარჯვებისთვის მზადყოფნა და სპორტსმენთა რაოდენობა, რაც აქ ვნახე, მისასალმებელია და ნამდვილად დადებითად შეიძლება შევაფასოთ. თუმცა დეტალებში უფრო ჩაღრმავება და კონკრეტულ სპორტსმენებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. საამისოდ დრო მჭირდება.

- თქვენ რა სამუშაოს შეასრულებთ ნაკრებთან, როგორ გადანაწილდება ფუნქციები თქვენსა და მთავარ მწვრთნელს შორის?
- ერთი მხარეა, სპორტსმენები შევაფასო ფიზიკური, ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადების, გამძლეობის მხრივ, ამის მერე კი დავეხმარო მათაც და მწვრთნელებსაც, რომ გაიუმჯობესონ სპორტული ფორმა, არსებული მდგომარეობა. მაგალითად, 60 კილოგრამის მოჭიდავეს აბსოლუტურად განსხვავებული გარემო, აბსოლუტურად განსხვავებული ვარჯიში სჭირდება, ვიდრე - მძიმეწონოსნებს. აუცილებელია, ღრმად ჩავწვდეთ რეზერვს, მისი შესაძლებლობები გავიგოთ ბოლომდე და წავიდეთ სწორი გზით.

მეორე მიმართულებაა ექიმებთან მუშაობა, რაც დაგვეხმარება წინსვლაში. სხვა საკითხია, აქვთ თუ არა მათ ამის ინტერესი.

- მომავალშიც ექიმთა იმ ჯგუფთან იმუშავებთ, რომელიც ახლა ჩამოიყვანეთ? ადრე გქონიათ მათთან საქმიანი ურთიერთობა?
- ამ ჯგუფთან მუშაობის გაგრძელება ქართული მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ უახლოეს ხანში ამათთან ვიქნები. თქვენი ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯიც თავისებურია და სპეციფიური - უმეტესობა ჩვენთან ჩამოდის ადგილზე, თქვენები კი საპირისპიროდ მოიქცნენ.

რაც შეეხება ამ ჯგუფთან ჩემს ურთიერთობას, დაახლოებით 30 წელიწადია, მათთან ვმუშაობ, ჯერ კიდევ სპორტსმენობის დროიდან. ეს ძალზე გამოცდილი ჯგუფია, რომელსაც მხოლოდ ელიტარულ ათლეტებთან აქვს შეხება, ოღონდ არა მარტო ძიუდოში, არამედ სპორტის ყველა სახეობაში.

- საქართველოში ჩამოსვლა ჩვენთვის მძიმე პერიოდში მოგიხდათ, როცა გუნდი თავიდანაა ასაშენებელი. რამდენად მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება და იოლად დათანხმდით?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთულ დროს ჩამოვედი. შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ოლიმპიადა მოდის და ყველა ცდილობს, მზადების პროცესში კარგი სპეციალისტები ჩართოს - ამაში გასაკვირი არაფერია. ახლა მთავარია, სწორი პროგრამა შევიმუშავოთ და ამოვარჩიოთ გუნდი, რომელიც ლონდონში იჭიდავებს. რაც მეტი სპორტსმენი გყავს, ამორჩევაც მით უფრო იოლია. უნდა ვეცადოთ, ყველა თავის საუკეთესო ფორმაში მივიყვანოთ და მერე მათ შორის ამოვარჩიოთ, ვისი სპორტული ფორმაც უკეთესია. ამჯერად ახალი საკვალიფიკაციო სისტემაა და ყველა თანაბარ პირობებშია. ტაქტიკას და ტექნიკურ გამოცდილებას რაც შეეხება, ეს ახალგაზრდა გუნდი უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტ ერთობლივ ვარჯიშებში - იქ ბევრი გუნდია, განსხვავებული ტაქტიკით და ყველას მოსინჯავენ. ეს ორი მიმართულებით შეიძლება გაკეთდეს - ან ჩვენ წავიდეთ საზღვარგარეთ, ან - ისინი აქ მოვიწვიოთ.

საქართველოში ჩამოსვლა ბევრს უნდა. ჩვენ თუ მოვამზადებთ მომსახურეობის პაკეტს, რა უნდა შევთავაზოთ მათ, რამდენიმე ნაკრები აუცილებლად ჩამოვა. თუ ეს წინასწარგაწერილი გეგმა არ იქნება, არავინ ჩამოვა - თავგადასავალებს არავინ ეძებს, მათ ვარჯიში აინტერესებთ. მით უფრო, თუ კარგი გუნდების ჩამოყვანა გვინდა, ისინი პირობებსაც განსხვავებულს ითხოვენ. მომსახურეობაში შედის არა მხოლოდ კვება და სასტუმრო, არამედ დასვენების საშუალება, რელაქსაცია-აღდგენისთვის საჭირო პირობებიც. ცხადია, ძლიერი პარტნიორი ყველას უნდა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი, პირობებიც საჭიროა. ძიუდოს სამყაროში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ისინი სიხარულით შეხვდნენ ცნობას ქართველებთან ჩემი მუშაობის შესახებ და ყველამ მთხოვა, სავარჯიშოდ ჩამოვალთო. თუმცა ეს იოლიც არ იქნება, რადგან გრაფიკი გაწერილი აქვთ. მისი შეცვლა არც ისე იოლია, თუმცა ჩამოსვლის სურვილი ნადვილად გამოთქვეს.

- როგორ ფიქრობთ, ოლიმპიადამდე დარჩენილი დრო საკმარისია გუნდის სათანადოდ მოსამზადებლად?
- ოლიმპიადამდე წელიწადნახევარია დარჩენილი. ამ პერიოდში ახალგაზრდა გუნდი ყველაფერში სრულყოფილად მომზადებას ვერ მოასწრებს, მაგრამ ფიზიკური მომზადება შესაძლებელია. ტაქტიკა და ტექნიკა ერთ დღეში არ მოდის - ახლები ძველი მოჭიდავეებივით გამოცდილები ერთბაშად ვერ გახდებიან, მაგრამ ფიზიკური სრულყოფისთვის საკმარისია.

- ალბათ, ქართველი ფალავნები სპორტსმენობის დროიდანაც გემახსოვრებათ. გქონდათ მათთან ახლო ურთიერთობა?
- უკვე საკმაო ასაკისა ვარ და ბევრ რამესაც მოვესწარი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ძალიან ბევრი ქართველი გამოდიოდა. მათთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. უბრალოდ, იყო პატივისცემა, როგორც ძლიერი ძიუდოისტებისადმი. 1981 წელს 20 წლისამ ჩემი პირველი ოფიციალური ტურნირი დავით ბოდაველთან წავაგე, მერე კი აღარ მახსოვს, შევხვდი თუ არა ქართველს ტატამზე.

- სპორტიდან წასვლის შემდეგ სად მოღვაწეობდით, როგორი იყო თქვენი კარეირა?
- ჯერ ავსტრიის სპორტის სამინისტროში ვმუშაობდი, მერე კი ვენაში საკუთარი კლუბი დავაარსე და დღემდე იქ ვმუშაობ. ყოველთვის ვარ ჩართული ძიუდოს საერთაშორისო განვითარებაში, აქტიურად ვადევნებ თვალს და წელიწადში ერთხელ შეგირდები იაპონიაშიც დამყავს ერთობლივ ვარჯიშებზე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული