სკანდალი: ქართველი ძიუდოისტები უწესოდ მოქცევის გამო იაპონიიდან გამოაძევეს

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებები უსიამოვნო ამბავში გაეხვივნენ - იაპონიაში შეკრება ნაადრევად დაატოვებინეს და ვადამდე დაბრუნდნენ საქართველოში.

11 ნოემბერს ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები ფედერაციამ იაპონიაში გაუშვა ორკვირიან შეკრებაზე, გეგმა კი ასეთი იყო - თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ევარჯიშათ, თუმცა ამდენი აღარ დასცალდათ.

სწორედ ცუკუბაში მოხდა ის უსიამოვნო ამბები, რის გამოც ჩვენებს უნივერსიტეტი და მთელი ქვეყანაც დაატოვებინეს.

როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ გვითხრა, ამის მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა და ცუკუბას უნივერსიტეტის შინაგანაწესის
დარღვევა გახდა. მოგეხსენებათ, იქ ძიუდოს უნივერსიტეტები მეორე სალოცავია და ყველას თავისი წესები აქვს (ასეა იაპონელთათვის ტრადიციული სპორტის ყველა სახეობაში - სუმოში, კარატეში და სხვა), მათი დარღვევა კი მკაცრად ისჯება.

იქაურ განაწესში თურმე შედიოდა სიჩუმისა და სიმყუდროვის მაქსიმალური დაცვა, ფეხშიშველა სიარული და სხვა...

გუგავას თქმით, ჩვენები თურმე ლაპარაკობდნენ ხმამაღლა, ანუ მათთვის ჩვეულებრივად; ჰოლში შედარებით ხმამაღლა უსმენდნენ მუსიკას და, საერთოდ, იქცეოდნენ ისე, როგორც მიჩვეულები არიან. ამასთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში რიგითი მოქალაქის საჩივარი შესულა ჩვენებზე, ქუჩაში ველოსიპედით დასაშვებზე ჩქარა მოძრაობენო...

გუგავას თქმით, ეს ერთხელ მომხდარა, როცა მაღაზიაში გასულან ველოსიპედით, მაგრამ ზღვა წვეთობითო და მასპინძელთა უკმაყოფილებაზე ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. თანაც, ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთ ტიტულოვან წევრს უნივერსიტეტის სასტუმროში ცეცხლმაქრი ბალონი აუფეთქდა... გუგავას თქმით, ეს ბალონები დერეფანში სრულიად დაუცველად იდო, იმ ნომრის კართან კი ახლოსაც ყოფილა...

ეს ბიჭი ირწმუნება, რომ მან მხოლოდ გადააადგილა და კარიდან ცოტათი გადაწევა მოინდომა, მაგრამ ავტომატური მუშაობის რეჟიმი ამოქმედდა და ბალონიდან გამოყოფილი სპეციფიკური ფხვნილით მთელი სასტუმრო გაიბუღა...

ერთი სიტყვით, მასპინძლებს ძალზე ბევრი მიზეზი დაუგროვდათ საიმისოდ, რომ ჩვენებისთვის კარისკენ მიეთითებინათ და ასეც მოიქცნენ. მათ თურმე პირდაპირ განუმარტეს ჩვენს მწვრთნელებს, რომ გუნდი არღვევდა უნივერსიტეტის შინაგანაწესს. გუგავამაც თქვა, ეს იმას ჰგავს, ეკლესიაში რომ შევიდეს ვინმე და იქაური წესები არ დაიცვასო. თან ისიც დაამატა, რომ მწვრთნელებმაც არ იცოდნენ ასეთი მკაცრი განაწესის შესახებ...

ცუდია და დასანანი, ასე რომ მოხდა. სხვა თუ არაფერი, იქ ვარჯიში დიდად წაადგებოდათ მოზარდებს. თან, საქართველოში ასე ნაადრევად დაბრუნების გამო ვერ გამოდიან ძიგორო კანოს მემორიალზე ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები - ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პირად-გუნდურში ბექა ღვინიაშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100). ისინი თავიანთი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ აქ ჩამოსულებმა ხელახლა ვიზის ასე სწრაფად აღება ვერ შეძლეს.

უცხოეთში ჩვენი სპორტსმენების შეუფერებელ ქცევებზე ძალიან ბევრი დამიწერია და სულ ვცდილობდი, ყველა წერილში გამეტარებინა აზრი, რომ ისინი საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები არიან და მეტი წინდახედულება მართებთ...

რაღაც უცნაური წინათგრძნობით, ამ დღეებში სიამოვნებით ვიგონებდი, რომ მსგავსი ფაქტები დიდი ხანია, აღმოიფხვრა-მეთქი...

საბედნიეროდ, მართლაც ასეა და ახლანდელს ნუ გავაიგივებთ ადრინდელთან - ეს მაინც დაუფიქრებლობით გამოწვეული, ნაწილობრივ - მართლაც მწვრთნელთა გამოუცდელობით მომხდარი ამბავია და ბევრად ნაკლები დანაშაულია, ვიდრე - შეგნებული ქურდობა.

თუმცა უცხოეთში მიმავალ მწვრთნელ-სპორტსმენებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ როგორც მოიქცევიან იქ, ისეთი წარმოდგენა დარჩებათ უცხოელებს ჩვენზე; რომ ისინი თავიანთი ქცევით ქვეყნის შიგნით ოჯახს, უცხოეთში კი სამშობლოს წარმოადგენენ. ეტყობა, ეს მარტივი ჭეშმარიტება დამრიგებლებმა ყოველ წასვლაზე უნდა უმეორონ შეგირდებს.

ჩვენი ძიუდოს ფედერაცია არც აპირებს ამ ფაქტის მიჩქმალვას და მოარული ხმებით, დამნაშავეთა დასჯასაც გეგმავს. ჩვენც ამიტომ არ ვასახელებთ ცალკეულ დამრღვევთა ვინაობას, ვიდრე მათი გადაწყვეტილება არ გახმაურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ძიგორო კანოს ტურნირზე მცირე გუნდით
მკითხველის კომენტარები / 28 /
სამწუხარო ტენდეცია ჩამოუყალიბდათ ქართველ სპორტსმენებს, ყველას ეხებათ !!!
დისციპლინა მწვრთნელებიდან იწყება ისიანი ალბათ შოპინგზე იყვნენე მთელიდღე გასულები:))
puma
20:15 05-01-2014
0
კუნთმაგარი და გონება–ჩლუნგი.
მართალი
17:24 05-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული