14 დეკემბერს ძიუდოისტ ჭაბუკთა შორის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
14 დეკემბერს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში მორიგ ნოვატორულ ტურნირს ჩაეყრება საფუძველი - საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს ჭაბუკთა შორის. ანალოგიური შეჯიბრებები უფროსებში ადრე პერიოდულად კი ტარდებოდა, მაგრამ მოზარდებში პირველად ეწყობა.

ამჯერად მის ჩატარებას ბიძგი 2015 წელს თბილისში გასამართმა ევროპის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა მისცა - შეჯიბრებაში იმ ასაკის მოზარდები, ანუ 1998-99 წლებში დაბადებულები მონაწილეობენ. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ცდილობს, ამ ასაკის ბავშვებს რაც შეიძლება, მეტი ტურნირები მისცეს - საგანგებოდ მათთვის ტარდება საქართველოს ჩემპიონატი პირად პირველობაში, დაჰყავთ უცხოეთში შეჯიბრებებზე, ახლა კი საკლუბო ტურნირიც იღებს სათავეს.

ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ხუთშაბათს უკვე დარეგისტრირებული იყო 10 კლუბი, მაგრამ კიდევ ერთი საბუთებს აგვარებდა და ელოდებიან, რომ საბოლოოდ 11 მოგროვდება. საბედნიეროდ, მათში უმეტესობა რეგიონების წარმომადგენელია და ჩემპიონატი არ იქნება მხოლოდ თბილისის პირველობა. თან, გამოდიან როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს გუნდები. ერთი სიტყვით, მთელი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

ეს ტურნირიც უფროსთა ანალოგიური შეჯიბრებების მსგავსი ფორმატით ტარდება - ხუთ წონით კატეგორიაში. თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და 2 სათადარიგო მონაწილეა.

გუნდები კენჭისყრით დაწყვილდებიან, წაგებული ეთიშება ტურნირს და მხოლოდ ერთი ბრინჯაო გაიცემა.

შეჯიბრება ძიუდოს აკადემიაში 11 საათზე დაიწყება და იმავე დღეს დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული