ლაშა შავდათუაშვილი: ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო

AutoSharing Option
ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და კაშკაშა ვარსკვლავი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი ახალ სეზონს ახალ წონაში ხვდება - 73 კილოგრამში გადავიდა. აქედან გამომდინარე, მისი ყოველი ნაბიჯი საინტერესოა.

მან გამოტოვა სეზონის პირველი პრესტიჟული ტურნირი - პარიზის "დიდი მუზარადი", საქმეში კი გერმანულ "დიდ მუზარადზე" ვიხილავთ.

მას შეკრებაზე შევხვდით, რომელიც ნაკრებმა პარიზში გაფრენამდე გაიარა...

- სადღეისოდ, როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიდევ რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ?
- ღვთის მადლით, უკვე არანაირი პრობლემა აღარ არის და არც არაფერი მაწუხებს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში
ტრავმები მქონდა - ხან თიაქარი, ხან საზარდული... მკურნალობამ გარკვეული დრო წაიღო და ვიდრე ყველაფერი მოგვარდა, დიდი დრო გამიცდა, ტატამზე შესვლა მიჭირდა, მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

უკვე ყველაფერი დასრულდა და სრული დატვირთვით შევუდექი ვარჯიშს. იცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ წონა შევიცვალე, 73-ში გადავედი და პარიზის ტურნირსაც ამიტომ ვტოვებ, ადაპტაცია მჭირდება.

- 73 კილოგრამში გადასვლის პროცესი ცოტა გაგიჭიანურდათ. რამ განაპირობა ეს?
- თავიდან მართლაც ვფიქრობდი 66 კილოგრამში დარჩენას და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ამ წონაში გამოსვლას, მაგრამ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილმა მარცხმა გადაწყვიტა. ძალიან ბევრს ვიკლებდი - 74 კილოგრამიდან მიწევდა 66-მდე ჩამოსვლა, რაც ძალზე რთულია. ამ დროს, ფაქტობრივად, შეჯიბრებამდე გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და როცა დასრულდება ეს მტკივნეული პროცესი, გადაღლილი და გამოფიტული ხარ, მთელი დადებითი ენერგია გამოსულია ორგანიზმიდან. მსოფლიოს ჩემპიონატზეც ეს მოხდა... ოლიმპიადის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, მეც წლები მომემატა და წონაშიც მოვიმატე.

Sportall.Ge

- 74 კილოგრამი სტაბილური წონაა თუ იმ პერიოდში გაგექცათ ამხელაზე, როცა ტრავმების გამო ვერ ჭიდაობდით?
- ვერ ვიტყვი, რომ გამექცა ან ცხიმოვანი მასა მომემატა და გავსუქდი. უბრალოდ, როგორც გითხარით, გავიზარდე და წონაც მომემატა. ახალ წონაში ბევრის დაკლება არ მომიწევს - 77 კილოგრამი ვარ, 3-4 კილოს დაკლება კი არაფერია. მთავარია, ამას არ გასცდეს, თორემ ასე ცოტას დაკლება კარგიცაა - უფრო თავისუფლად მოძრაობ.

- ვარჯიშზე, სპარინგებისას როგორ გრძნობთ თავს, დასრულდა ადაპტაცია ახალ წონაში?
- მოძრაობა ისეთივეა, როგორიც 66-ში იყო, მაგრამ ახალ წონაში გადასვლა ცოტა რთულია - სხვა წონაა, სხვა მეტოქეები, უცხო გარემო. დაბალ წონასთან შეჩვევის მერე ზევით გადასვლა ცოტა ძნელია. ასე რომ, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ვიდრე შეჯიბრებაზე არ გავსულვარ. ვარჯიში და ტურნირი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან - შეიძლება, შეკრებაზე ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ შეჯიბრებაზე ვერ იჭიდაო. რაც გადავედი და ვივარჯიშე, განსაკუთრებით - ფიზმომზადებაში, წინსვლა არის, დანარჩენი კი შეჯიბრებაზე გამოჩნდება.

- სიმაღლით, ფიზიკური ძალით ან სხვა კომპონენტებით ხომ არ იჩაგრებით 73-ში?
- როგორც გითხარით, ჯერ სერიოზულ შეჯიბრებაზე არც გავსულვარ, სერიოზული ანალიზი რომ გავაკეთო, მაგრამ რაც ვნახე, დაჩაგვრასაც ვერ ვიტყვი. ჯერ შეკრება გავიარე იაპონიაში და ჯერჯერობით კარგად ვგრძნობ თავს, დროთა განმავლობაში კი უფრო მოვუმატებ. როცა გაეცნობი ახალ პარტნიორებს, შეეგუები ახალ წონას, ყველაფერი კარგად იქნება.

- მწვრთნელები, ექიმები მაინც რას მიიჩნევენ გამოსასწორებლად, რა რეკომენდაციებს გაძლევენ?
- ახალ წონაში შეგუებას რაღაც დრო სჭირდება, ფეხი რომ მოიკიდო. დანარჩენი ექიმებმა და მწვრთნელებმა უნდა თქვან.

- ძველსა და ახალ წონაში შეკრებილ კონტინგენტს რომ ადარებთ, როგორ ფიქრობთ, სად უფრო იოლია წარმატების მოპოვება, სად გირჩევნიათ ჭიდაობა?
- ცხადია, 66-ში უფრო მერჩივნა თუნდაც იმიტომ, რომ აქ ქულები არ მაქვს და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, იქ კი რეიტინგის ლიდერებში ვიყავი.

Sportall.Ge

- ახალ წონაში ვის მოიაზრებთ მთავარ მეტოქეებად?
- ყველა ანგარიშგასაწევია, მაგრამ მსოფლიოს ბოლო პირველობას თუ გადავხედავთ, იაპონელი ჩემპიონი შოჰეი ონო ყველაზე ძლიერია. თუმცა გააჩნია, კონკრეტული ტურნირისთვის ვინ როგორ მოემზადება - შეიძლება, ერთ შეჯიბრებაზე მაგრად გამოხვიდე, მაგრამ მეორეში სუსტად იჭიდაო. ასეც ხშირად ხდება.

- 73 კილოგრამში ოლიმპიადის ფინალში თქვენი მეტოქე, უნგრელი მიკლოშ უნგვარიც გხვდებათ...
- არა მარტო უნგვარი, ოლიმპიადის შემდეგ 66-დან ბევრი ავიდა 73-ში. მაგალითად, სლოვენიელი ევროპის ჩემპიონი როკ დრაკშიჩი, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი და სხვები...

- ზემოხსენებულ იაპონურ შეკრებაზე ონოს ვერ შეხვდებოდით, რადგან საკუთარ უნივერსიტეტში "დედოვშინისთვის" დისკვალიფიცირებულია. წონის სხვა ლიდერებთან თუ გიჭიდავიათ შეკრებებზე?
- ონო მართლაც არ იყო შეკრებაზე, თუმცა მასთან ოლიმპიადამდე მიჭიდავია. მაშინაც ტოკიოში ვიყავით შეკრებაზე და იქ ვიჭიდავეთ. აშკარად ძლიერია, სულ სხვა დონეა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ათი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე, ძალიან იოლად მოიგო, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა.

ამ შეკრებაზე მომიწია რამდენიმე ლიდერთან ჭიდაობამ და არც ისე ცუდად გამოვიყურებოდი. ხაშბაატარსაც ვეჭიდავე, საოცარი ფიზიკური მომზადება აქვს. საერთოდ, ამ კომპონენტში გამორჩეულები არიან, გენში უზით, წელი აქვთ განსაკუთრებით ძლიერი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მჯობნიდა. როგორც 66-ში ვჭიდაობდი, დაახლოებით ანალოგიური იყო აქაც. კი, თავიდან გიჭირს ზედა წონაში გადასულს ჭიდაობა, მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს მომენტი გადავლახე.

Sportall.Ge

- ანუ პარიზის ტურნირის გამოტოვების მიზეზი ადაპტაციაა და არა ტრავმა... ალბათ, საგანგებო, განსხვავებული ვარჯიშებიც დაგჭირდებოდათ შესაგუებლად.
- კი, ახალ წონაში გადასვლის შემდეგ უფრო მეტი დრო დავუთმე ფიზიკურ მომზადებას, რაც ზედა წონებში უფრო მნიშვნელოვანია - იქ მეტი გჭირდება და ძველებური ძალა აღარ გეყოფა. პირველი ეტაპი სწორედ ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ.

- მოსამზადებელ პირობებზე რას იტყვით? უკვე ორი შეკრება გაიარეთ იაპონიასა და საქართველოში?
- იაპონიაში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ, ყველა საჭირო შეხვედრით, რაც ძიუდოისტისთვის აუცილებელია. იაპონიიდან გადავინაცვლეთ ბაკურიანში, სადაც ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება იყო. ეს დატვირთვა აუცილებლად წაგვადგება. პირობები კარგია, დანარჩენს კი შეჯიბრება გვიჩვენებს.

- ევროპის ჩემპიონატამდე რომელ ტურნირებში იჭიდავებთ?
- გერმანიის "დიდ პრიზზე" და 21-23 მარტს თბილისში, ჩვენს ტურნირზე ნამდვილად გამოვალ, იმის მერე კი ვნახოთ, იქნებ კიდევ დავამატოთ ერთი შეჯიბრება. შევხედავთ, როგორ ვიჭიდავებ გერმანიაში და ეს საკითხი იმის შემდეგ გადაწყდება.

- ნაკრებშიც ძლიერი შიდა კონკურენცია გელოდებათ. მათ შორის - მეგობარ ნუგზარ ტატალაშვილთანაც...
- კი, ნაკრებშიც ძლიერი კონკურენციაა. ალბათ, 73 კილოგრამი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია გუნდში. ევროპის ჩემპიონატამდე ტურნირებში ვიჭიდავებთ და იქ გაირკვევა კონტინენტის პირველობაზე წამსვლელის ვინაობა... ნაკრებში ყველა მეგობარია, თუმცა მე და ტატალაშვილი მართლაც ერთი დარბაზიდან ვართ, გორიდან.

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი ამ კაცს არ იცნობ ახლოს და არაადეკვატურ კომენტარს ნუ წერ რა !!! და ნუ ადარებ სხვას
gegia
17:47 16-02-2014
0
სპორტული ჟურნალისტი გქვია და იქნებ ბოლო-ბოლო გაიგო რომ "დიდი სლემის ტურნირი" "დიდი მუზარადის ტურნირი" არაა. სლემს და შლემს შორის განსხვავებას აშკარად ვერ ატყობ, მაგრამ თუ თვითონ არ იცი, იქნებ სხვას კითხო. სირცხვილია!
ირაკლი თავაძე-ს
08:15 16-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული