დიუსელდორფის "დიდი პრიზი": რა მოჩანს ორი ბრინჯაოს უკან?

AutoSharing Option
დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები იმაზე ბევრად უფრო უღიმღამოდ გამოვიდა, ვიდრე ბოლო ხანებში მიგვაჩვიეს - მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვეს, რაც ზვიად გოგოჭურისა (90) და ადამ ოქრუაშვილის (+100) დამსახურებაა.

დანარჩენებიდან გუნდს ჩასათვლელი ქულები უშანგი მარგიანმა (81) და ლევან მატიაშვილმა (+100) მისცეს, რომლებიც, შესაბამისად, მეშვიდე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ.

ამ ტურნირის მთავარ მიღწევად მძიმე წონაში ქართველთა მონაწილეობით გამართული დამამშვიდებლის ფინალი თუ გამოდგება, რომელშიც ოქრუაშვილმა მატიაშვილი დაამარცხა.

თუმცა, ალბათ, ყველას გვერჩივნა, მინიმუმ ერთი მათგანი მაინც გასულიყო მთავარ ფინალში და ოქრო თუ
არა, ვერცხლი მაინც მოგვეპოვებინა.

გვესმის, რომ დიუსელდორფში გუნდის უმთავრეს ლიდერთა უმეტესობა არ გამოდიოდა და დიდ შედეგებს არც ველოდით, მაგრამ ჩვენც მანდა ვართ, რომ სათადარიგოებმა მოლოდინი ბოლომდე ვერ გაგვიმართლეს, ანუ რეზერვი არც ისე გამართულია...

ახალგაზრდული ნაკრების მართლაც დიდი შედეგების მიუხედავად, ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ქართულ ძიუდოში შექმნილი არასახარბიელო რეალობა - რაოდენ დიდი სხვაობაა ლიდერებსა და სათადარიგოებს შორის... ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81) და ვალერი ლიპარტელიანის (90) გარეშე (თუმცა ნურც ამირან პაპინაშვილს (60), ლაშა შავდათუაშვილს (73) და კიდევ რამდენიმე ფალავანს დავივიწყებთ) მსოფლიოს ეს უძლიერესი ნაკრები, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მრისხანე ჩანს.

ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ გვაქვს ეროვნული გუნდის ძირითად ბირთვთან, რომელმაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოში ლიდერად აქცია. ისიც გვესმის, რომ როცა 7-კაცა გუნდში 3-4 ათლეტი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს, ეს ნაკრების სიძლიერეზე მიუთითებს, მაგრამ მარტივი ჭეშმარიტებაა - კარგი, სრულყოფილი რეზერვი კიდევ უფრო მეტი წარმატების გარანტიაა.

არადა, ეროვნულის კვალად, ახალგაზრდულიც ისეთ შედეგებს აჩვენებს, თავის ასაკში ისიც გამოკვეთილი ლიდერია.

მართალია, გვესმის, რომ მათ ჯერ აკლიათ დაღვინება და არ არიან ამ დონეზე საჭიდაოდ მზად, მაგრამ რეზერვის გაზრდის პრობლემა მთლიანად ქართულ სპორტს უდგას და არა მხოლოდ ძიუდოს.

ამიტომაც ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას. მით უფრო, რომ ერთი კვირის წინ ამ მხრივ არც ავსტრიაში გამოჩნდა მთლად სახარბიელო სურათი - იმ ორი ჩემპიონის გარდა, შვიდეულში მხოლოდ ერთი მონაწილე მოხვდა.

არადა, 18 სპორტსმენით გამოვდიოდით, რომელთა შორისაც ბლომად იყვნენ უფროსებში საქართველოს ჩემპიონები, ასაკობრივ ნაკრებებში ბლომად - ტიტულების მომხვეჭი ფალავნები - ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონები და მსოფლიოს პრიზიორები. თან იმ ორი ჩემპიონისგანაც ერთი ისედაც ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვში შემავალი ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილია (81), მეორე კი ზემოხსენებული გოგოჭური, კიდევ ერთი სტაბილური ფალავანი. ანუ ამათგან წარმატება მოსალოდნელიც იყო, აი, დანარჩენებმა კი ვერ გაგვაოცეს.

ერთი სიტყვით, გერმანულმა შეჯიბრებამ ერთი მიზანი უკვე დაგვისახა - სათადარიგოებთან სათანადო მუშაობა.

ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რა დასკვნებს გამოვიტანთ აქედან და როგორ ვიმუშავებთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

სამწუხაროდ, ჩვენთან კვლავაც მოქმედებს "თავკომბალას პრინციპი", როცა ყველაფერი ერთ წერტილზე, ერთ ლიდერზეა კონცენტრირებული, დანარჩენები კი მთლად მივიწყებულნი თუ არ არიან, არც სათანადო პირობებში იმყოფებიან.

მთავარი პრობლემა მათთვის სატურნირო პრაქტიკის დეფიციტი გვგონია. ეს ჰაერივით სჭირდება ნებისმიერ სპორტსმენს, თორემ დარბაზში რაც უნდა გულმოდგინედ ივარჯიშოს, რაც უნდა კარგი პირობები შევუქმნათ და მაღალი ხელფასიც მივცეთ, უშუალოდ შეჯიბრებაზე თუ არ გამოსცადა ის ნასწავლი, ანუ იმ "წვენში" არ მოიხარშა, არაფერი გამოვა.

"ვითა ცხენსა შარა გრძელიო", სპორტსმენიც ისე იწრთობა ტურნირზე, საშეჯიბრო ატმოსფეროში.

მარტო ვარჯიში რომ საკმარისი იყოს, მაშინ საერთაშორისო ტურნირებზე არავინ წავიდოდა და არც მსოფლიოს წამყვანი გუნდები - კუბა, ბრაზილია, კორეა, იაპონია და სხვები იწანწალებდნენ დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში შეჯიბრებებზე თუ შეკრებებზე.

ჩვენთან სათადარიგოები უცხოეთში წელიწადში 2-3 ტურნირზე თუ გამოვლენ, რაც ძალზე ცოტაა და დიდად არც შიდა შეჯიბრებებით არიან განებივრებულები.

სამწუხაროდ, ამ მხრივ უკლებლივ ყველა ფედერაციაში ჯერ კიდევ ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ ფრიად შემაშფოთებელია, რომ ძალიან ხშირად ფინანსური ეკონომია ასაკობრივი ნაკრებების ხარჯზე ხდება, რითაც ძალაუნებურად, ხელს ვუშლით მოზარდების განვითარებას და პროგრესს.

არადა, ევროპაში, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, რადგან იქ წასვლა ბევრად უფრო ძვირიც ჯდება, ბლომად ტარდება შედარებით დაბალი რანგის შეჯიბრებები, რომლებიც საუკეთესო სკოლაა ახალბედების გამოსაცდელად. იქ არც ლიდერები ჩადიან და სპორტსმენებს დაახლოებით მათივე დონის მეტოქეებთან უწევთ პაექრობა და ისე არ ხდება, მაგალითად, გერმანიაში ბექა ღვინიაშვილი (90) უკვე მეორე წრეშივე მსოფლიოს ორგზის, ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ ილიას ილიადისს რომ გადაეყარა.

ისეთი ფალავნები, ვისაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ან ოლიმპიადაზე ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი ნაკლებად აქვთ, ანუ რეიტინგი მათთვის გადამწყვეტი ვერ იქნება, სწორედ ასეთ შეჯიბრებებში, თავისივე დონის ფალავნებთან უნდა გამოიზარდონ და იქ აიმაღლონ ოსტატობა.

ასეთ ტურნირებში ფალავანი ფუნქციონალურად თუ ტაქტიკურად იზრდება, ეძლევა საშეჯიბრო პრაქტიკა, ეჩვევა სხვადასხვა სტილის მეტოქეს, უმაღლდება თვითრწმენა... მაგალითად, გერმანიაში ლუხუმ ჩხვიმიანს (60) შემართება ნამდვილად არ დაეწუნებოდა ყაზახ იელდოშ სმეტოვთან, პირიქით - ბევრისთვის შესაშური შემართებით უტევდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

არადა, ჩხვიმიანმა შემოდგომაზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს მოუგო.

ამის მიუხედავად, მას ჯერ მაინც ბევრი სჭირდება ლიდერებთან დასაახლოებლად. თუმცა საამისოდ საჭირო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისება - ხასიათი ნამდვილად აქვს.

თებერვლის ტურნირებში რაც ვნახეთ, მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, მატიაშვილი და ამ რანგის ფალავნები უკვე მზად არიან ეროვნულ ნაკრებში საჭიდაოდ, მაგრამ უმეტესობისთვის იქაურ ასპარეზზე გასვლა ჯერ ადრეა.

სეზონის გახურების კვალდაკვალ ისიც ცხადი ხდება, რაოდენ პირობითი იყო საქართველოს პირველობის სენსაციური შედეგები - მაშინვე ვივარაუდეთ, რომ ლიდერები თანდათან მოუმატებდნენ და კონკურენტებს ისე იოლად არაფერს დაუთმობდნენ.

ეს მოსაზრება დრომ გაამართლა და ყველა თავის ადგილას დააყენა, მაგრამ ცუდია, რომ იმ სენსაციების ავტორთაგან მხოლოდ ერთეულები თუ ამართლებენ იმედებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნორმალური ხელფასი და არა ისეთი, მხოლოდ სახლიდან დარბაზში მისასვლელად რომ ეყოს. ჩვენთან პირველ ნომრებს კარგი ანაზღაურება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით სათადარიგოებზე. ლიდერს ჰაერივით სჭირდება კარგი სპარინგი, ეს კი დაახლოებით თავისივე დონის მეტოქესთან თუ გამოუვა, თორემ სუსტი სრულფასოვნად ვერ მოამზადებს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ძირითადებსა და სათადარიგოებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა (კიდევ ვიმეორებთ - ეს სპორტის ყველა სახეობას ეხება, თორემ ძიუდოში შედარებით გამოსწორდა ვითარება და რამდენიმე წონაში ორი სრულფასოვანი ფალავანი გვყავს, თუმცა აქაც არის "ჩავარდნილი" წონები). ამიტომაა აუცილებელი, იმ სარეზერვოსაც ჰქონდეს კარგი ანაზღაურება, რათა შეძლონ კარგად კვება, სრულფასოვანი ვარჯიში, რომ ლიდერებს როგორმე დაუახლოვდნენ და ჯეროვანი სპარინგები გაუწიონ მათ.

P.S. დიუსელდორფის ტურნირით დავიწყეთ და იმავეთი დავასრულოთ, სადაც მარგიანმა და მატიაშვილმა ტრავმები მიიღეს. როგორც საექიმო შტაბისგან შევიტყვეთ, მათი დაზიანებები არც ისე საშიშია, თბილისის ტურნირზე გამოსვლაში ხელი შეუშალოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხალხო რით ვერ გაიგეთ შედეგი არ იქნება,თუ დაკვირვებიხართ რა შემადგენლობა იყრის თავს გარდა სპორცმენებისა შეჯიბრზე? ძმები ბიძები ძმაკაცები პოლიტიკოსები რომლებიც ქვეყნების სანახავად დაიდან. ბრაზილიაში ისეთი ხალხი წაიყვანეს იკითხეთ და სპორცმენები დატოვეს ფული აგარ გვაქო სანამ ამათ თბილი სავარძლები ექნებათ ფედერაციაში არაფერი შეიცვლება.ეს შედეგებიც ცალკეული სპორცმენების თავდაუზოგავი შრომის შედეგია და არა მწვრთნელის და ფედერაციის ხემძღვანელების
ქართული ძიუდოს ქომაგი
12:16 25-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული